2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მარკო ამელია “მილანში” 2011 წელს ჩაირიცხა. მიმდინარე სეზონში “როსონერის” ძირითადი მეკარე კრისტიან აბიატია, თუმცა, მასიმილიანო ალეგრი ამელიასაც ანდობს კარის დაცვას. მიმდინარე სეზონში მარკომ სერია A-ს 9, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ერთი შეხვედრა ჩაატარა. “მილანისა” და “ბარსელონას” დღევანდელი დაპირისპირების წინ აპენინელმა ჟურნალისტებმა ამელიას ინტერვიუ ჩამოართვეს.
- მარკო, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კენჭისყრამ სადღეისოდ პლანეტის უძლიერესი კლუბი “ბარსელონა” გარგუნათ, რა გაიფიქრეთ და მას შემდეგ განწყობა თუ შეგეცვალათ?
- პირველმა, რაც გონებაში გამიელვა ის გახლდათ, რომ შედარებით უკეთეს ვარიანტს ველოდი. თუმცა, შემდეგ ვნებები დაცხრა და მას შემდეგ მოყოლებული ორი მეტად საინტერესო ორთაბრძოლის მოლოდინში ვარ. ღრმად ვარ დარწმუნებული, “მილანისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება მთელი პლანეტის მასშტაბის საფეხბურთო მოვლენა გახდება. კარგად მესმის, რომ სპეციალისტთა და გულშემატკივართა უმრავლესობა ფავორიტად ჩვენ ოპონენტს ასახელებს, მაგრამ მოდით ნუ ვიჩქარებთ “ბარსას” მეოთხედფინალისტად დასახელებაში “კამპ ნოუზე” განმეორებითი შეხვედრის დასრულებამდე. “მილანმა” სეზონის მსვლელობისას თანდათან საგრძნობლად მოუმატა და სადღეისოდ გუნდი ურიგო ფორმაში ნამდვილად არაა.
- “მილანმა” 2012-13 სეზონის სტარტი ჩააგდო. რატომ გამოიყურებოდა “როსონერი” სუსტად გასული წლის მეორე ნახევარში?
- საამისო მიზეზები საყოველთაოდაა ცნობილი. გუნდის შემადგენლობა შეიცვალა. ჩვენ დაგვტოვეს “სენატორებმა”, რომელთა სათანადოდ შეცვლა იოლი საქმე სულაც არაა. სერია A-ს საწყისი პერიოდი არ გამოგვივიდა, მაგრამ შემდეგ მდგომარეობა სასიკეთოდ შევცვალეთ. სადღეისოდ უკვე ის პოზიცია გვიკავია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის უფლებას გვიბევებს. “მილანი” ყოველწლიურად გამოდის ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირზე და ყველა ზომას ვიხმართ, მომავალი სექტემბრიდან კვლავინდებურად რომ ჩავებათ ამ შეჯიბრების ჯგუფურ ეტაპზე.
- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში დამარცხების მიუხედავად “მილანმა” მაინც დამაჯერებლად გააღწია პლეი ოფში. რომელი შეხვედრა გამოდგა “როსონერისთვის” გადამწყვეტი?
- ორ საგარეო გამარჯვებას გამოვყოფდი. მერვედფინალში გასვლა 21 ნოემბერს ბრიუსელში “ანდერლეხტის” ძლევის შემდეგ გავიფორმათ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი გახლდათ სანკტ-პეტერბურგში “ზენიტის” დამარცხება. თავდაპირველად 0:2-ს ვაგებდით და ტრიბუნები უდიდესი ენთუზიაზმით უჭერდნენ მხარს რუსულ კლუბს, მაგრამ “მილანმა” ოსტატობასთან ერთად მტკიცე ხასიათიც გამოავლინა და საბოლოოდ 3:2 მოვიგეთ. პირადად ჩემთვის დასამახსოვრებელი “მალაგასთან” საგარეო შეხვედრაა. იმ მატჩში “როსონერის” კარს მე ვიცავდი.
- უკვე კარგა ხანია პროფესიულ დონეზე ასპარეზობთ. რა შეიცვალა სამეკარეო საქმიანობაში მას შემდეგ, რაც 2001 წელს “ლივორნოში” თამაში დაიწყეთ?
- ბოლო 5-7 წლის განმავლობაში ევროპელმა მეკარეებმა უკეთ და უფრო ხშირად დაიწყეს ფეხით თამაში. ეს უპირველესად მწვრთნელთა დამსახურებაა. ისინი მოითხოვენ გოლკიპერებმა ბურთი უმისამართოდ კი არ მოიგერიონ, არამედ ზუსტი პასის მეშვეობით გუნდის შეტევა წამოვიწყოთ. საამისოდ საშუალო და შორეული გადაცემების შესრულება უნდა შევძლოთ. თანამედროვე მეკარე ხშირად მინდვრის მოთამაშის ფუნქციებს ასრულებს, ამიტომაც ბურთის მიღების, დამუშავების და ფლობის ტექნიკა ავითვისეთ. სხვა მხრივ, ყველაფერი ძველებურადაა – კარის ხაზზე კვლავინდებურად საიმედოდ თამაში მოგვეთხოვება.
- 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე “სკუადრა აძურას” განაცხადში იყავით და მსოფლიოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი ოქროს მედალიც მიიღეთ. როგორ გახსენდებათ გერმანიის სტადიონებზე ჩატარებული მუნდიალის პერიპეტიები?
- იტალიის ფეხბურთის ისტორიაში სასახელო ფურცელი ჩავწერეთ, ჯერჯერობით კი წვრთნით, თამაშით და მატჩებზე გამგზავრებით ვარ დაკავებული. ასე რომ, მოგონებებისთვის დრო ნაკლებად მრჩება. “მილანი” ხომ ისეთი ბრენდია, რომელიც ყოველწამიერად მობილიზებას ითხოვს, როგორც მინდორზე ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
- სადღეისოდ “მილანის” წევრი ხართ. როგორია მარკო ამელიას მომავალი?
- ჯერჯერობიტ “როსონერისთან” კონტრაქტი მაკავშირებს, თუმცა, არ მახსოვს, როდის იწურება ხელშეკრულების ვადა.
- მართლა არ გახსოვთ კონტრაქტის დასრულების დღე?
- როდესაც ისეთ ლეგენდარულ კლუბთან აფორმებ ხელშეკრულებას, როგორიც “მილანია”, კონტრაქტის ხანგრძლივობაზე ნაკლებად ფიქრობ. კიდევ რამდენიმე წელიწადი ვაპირებ თამაშს, თუმცა, უკვე რასაც მივაღწიე, კმაყოფილების საფუძველს ნამდვილად მიტოვებს.
გოჩა კაჭარავა









