ინტერვიუები

18:11 | 11.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

მარკო ბორიელო: “იუვეში” კარგი თამაში ნაკრებში დაბრუნების შანსს მომცემს

გუშინ ტურინის “იუვენტუსმა” საკუთარ საწვრთნელ ვინოვოს ბაზაზე ახალი ფორვარდი მარკო ბორიელო წარადგინა. “ბებერმა სინიორამ” 29 წლის ბორიელო 3 იანვარს “რომასგან” მიმდინარე სეზონის ბოლომდე ინათხოვრა. საარენდო ხელშეკრულება ნახევარ მილიონ ევროს შეადგენს, მარკოს კი “იუვენტუსის” 23 ნომრიანი მაისური გადასცეს. თუკი ბორიელო ტურინელთა მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, სეზონის დასრულების შემდეგ, “იუვენტუსს” მისი რომაელთაგან გამოსყიდვა 8 მილიონი ევრო დაუჯდება. წარდგენის ოფიციალური ნაწილის შემდეგ ტურინელთა ახალმა ფორვარდმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


- გილოცავთ ტურინის “იუვენტუსში” გადასვლას...
- მოხარული ვარ, ამიერიდან ესოდენ სახელოვანი და პოპულარული საფეხბურთო კლუბის წევრი რომ ვარ. ჩემთვის ეს დიდი პატივია. მადლობა “იუვენტუსის” ხელმძღვანელებს, რომლებმაც ახალ ეტაპზე გადასვლის საშუალება მომცეს.
- “ლეჩესთან” საკვირაო მატჩის მსვლელობისას “ულტრასების” ზოგიერთმა წარმომადგენელმა ბანერი გაშალა, რომელსაც “ბორიელო - უღირსი და უთავმოყვარეო მედროვე” ეწერა. შეუძლებელია, ეს ბანერი არ შეგენიშნათ...
- არ დავმალავ, ამ ფაქტმა გული რომ დამწყვიტა. გულშემატკივრებს ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი. საფეხბურთო მინდორზე თავი არასდროს დამიზოგავს და არც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამომიმჟღავნებია უპრინციპო ადამიანის თვისებები. ეს ბანერი კი წლინახევრის წინ მომხდარი ამბის გაგრძელებაა. მაშინ “იუვენტუსის” ქომაგებს მცდარი შთაბეჭდილება დარჩათ – თითქოს “ბებერ სინიორაში” თამაში ვიუარე. 29 აგვისტომდე “მილანის” ძირითადი შემადგენლობის წევრად ვითვლებოდი. 30-ში “როსონერიში” ზლატან იბრაჰიმოვიჩი მივიდა. ამის გამო 2 კლუბში გადასვლის შანსი მომეცა. “მილანს” ჩემი გაყიდვა ჰქონდა გადაწყვეტილი და “რომა” მის პირობებს დაყაბულდა. “იუვენტუსი” მხოლოდ ჩემი იჯარით აყვანაზე იყო თანახმა. ასე რომ, ტურინში ჩამოსვლა და “იუვეში” თამაში არასდროს მიუარია, რასაც კლუბის ხელმძღვანელებიც დაადასტურებენ. ერთი სიტყვით, რაც იყო, იყო – ამიერიდან “იუვენტუსის” ღირსებას სრული მონდომებით დავიცავ და მინდორზე ლომივით ვიბრძოლებ.
- რა პირობებით გადმოხვედით ტურინში?
- კლუბებს შორის მიღწეული შეთანხმებით, “იუვეში” სეზონის მიწურულამდე ვითამაშებ, შემდეგ კი, სურვილის შემთხვევაში, “ბებერ სინიორას” ჩემი გამოსყიდვის საშუალება მიეცემა. მაქსიმალური მონდომებითა და მოტივაციით ვითამაშებ, რათა კლუბის უფროსობა და მწვრთნელები ჩემი შეძენის აუცილებლობაში დავარწმუნო. მომდევნო 5 თვის განმავლობაში სწორედ ამას შევეცდები. იმედია, გულშემატკივრებიც ჩემ “იუვესადმი” ერთგულებაში დარწმუნდებიან.
- მაინც რატომ თქვა უარი “რომამ” თქვენ სამსახურზე?
- კლუბში ხელმძღვანელობა და მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, რომელთა გეგმებში, ეტყობა, ვერ ვჯდებოდი. თამაში არ მიწევდა, ამიტომაც იქ დარჩენამ აზრი დაკარგა.
- როგორ გგონიათ, “იუვენტუსის” ძირითად შემადგენლობაში ფეხს მოიკიდებთ?
- ვფიქრობ, ჩემი მოსვლით ანტონიო კონტეს წინახაზელთა არჩევნის საშუალება მოემატება. “ლეჩესთან” წინააღმდეგ მატჩში თამაშისას ფაბიო კვალიარელამ ტრავმა მიიღო და ამის გამო, ჩემი დებიუტო სავარაუდოდ მოსალოდნელზე უფრო ადრე შედგება. ისე კი, გუნდში დიდი კონკურენციაა და ძირითადში ადგილი გარანტირებული ნამდვილად არ მექნება. დეკემბრის მიწურულს თავს ბოლომდე კარგად ვერ ვგრძნობდი, თუმცა, ამჯერად სრულად მომჯობინებული გახლავართ და “იუვენტუსის” სამსახურისთვის მზად ვარ.
- რა მიზანს ისახავთ მიმდინარე სეზონის ბოლომდე?
- ნაწილობრივ უკვე მოგახსენეთ. უპირველესად, “იუვენტუსის” საკლუბო მენტალიტეტით უნდა განვიმსჭვალო. ეს გამარჯვებულის მენტალიტეტია. ამის შემდეგ “სკუადრა აძურაში” თამაშზეც უნდა ვიზრუნო. შარშან ჩრდილოეთ ირლანდიასთან სასტარტო შემადგენობაში ვიყავი, შემდეგ გერმანიასთან ტაიმი ვითამაშე. “იუვენტუსში” წარმატებით გამოსვლა იტალიის ეროვნულ გუნდში დაბრუნების რეალურ შანსს მომცემს.

მოამზადა გოჩა კაჭარავამ


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.158872