მიმდინარე სეზონი მარკო ბორიელომ “მილანში” დაიწყო და იტალიის ჩემპიონატში “ლეჩესთან” ითამაშა კიდეც. თუმცა, 31 აგვისტოს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის ბოლო დღეს, “როსონერიმ” 28 წლის თავდამსხმელი “რომაში” გაანათხოვრა და დედაქალაქელებს სეზონის დასრულების შემდეგ, მისი ტრანსფერის გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ შეეძლებათ. ბორიელო, რომელიც გასულ სეზონში მილანელთა შეტევის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო და 14 ბურთი მიითვალა, აღნიშნული მაჩვენებლის გაუმჯობესებას ახალ კლუბში აპირებს, რაც იტალიელ ჟურნალისტებთან საუბრისას არ დაუმალავს.
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რომში. სხვა სამყაროა, არა?
- მართლაც, სხვაგან ასე არასოდეს შემხვედრიან - არასოდეს მინახავს ამდენი ფოტო და ვიდეო კამერა. ასეთი დიდი ქალაქი, ასეთი დიდი მოედანი...
- თუმცა, თქვენ ხომ მილანიდან ჩამოხვედით და არა პროვინციიდან...
- მილანში, საკუთარ სახლში, ჩემთვის მშვიდად ვიჯექი. შემდეგ, “მილანმა” თავისი არჩევანი გააკეთა და “რომას” პრეზიდენტმა როზელა სენსიმ დამირეკა, რომლის ენთუზიაზმმა მომხიბლა – შედეგად, ყველაფერი ნახევარ წამში გადავწყვიტე. ჩემს ცხოვრებაში ეს რადიკალური შემობრუნებაა.
- რატომ რომი და არა ტურინი?
- “იუვენტუსს” ფულზე ველაპარაკებოდი. სენსისთან კი, საუბარი ენთუზიაზმზე მიდიოდა. თან, მე დამარწმუნა არსებულმა პროექტმა – “რომა” მართლაც დიდი კლუბია. შემიძლია, ყველას დავპირდე, რომ საქმეში მთელ სულსა და გულს ჩავაქსოვ.
- “მილანმა” იმედი გაგიცრუათ?
- არავითარ შემთხვევაში. “როსონერიში” 14 წლისა მივედი და ჩემს ყოფილ კლუბს მხოლოდ მადლობას ვუხდი. ახლა ვამჯობინებ ვიფიქრო, რომ ჩემთვის ახალი ეპოქა დაიწყო და არასოდეს ვყოფილვარ ასეთი მოტივირებული, როგორც ახლა.
-გათავისებული გაქვთ თქვენგან ამჯერად რას ელიან?
- პასუხისმგებლობას უკვე ვგრძნობ. თუმცა, არ მეშინია, რადგან თავად ავირჩიე, რომ ჩემს თამაშს “მიკროსკოპით” დააკვირდებიან და აზრადაც არ მომსვლია მსგავსი “პრესინგის” შემშინებოდა. დარწმუნებული ვარ, საუცხოო სეზონს ჩავატარებ. გასულ სეზონში 29 შეხვედრაში 14 გოლი გავიტანე. დამიჯერეთ, თამაშს კიდევ გავაუმჯობესებ.
- “რომას” წინა სეზონში ნაჩვენები შედეგის გაუმჯო¬ბესება თუ შეუძლია?
- “რომა” ჩემს მისვლამდეც ძლიერი კლუბი იყო და კიდევ უფრო გაძლიერდა. ძირითად შემადგენლობაში და სათადარიგოებში იმ დონის ფეხბურთელები გვყავს, რომ ყველა ფრონტზე კონკურენტუნარიანები შეგვიძლია ვიყოთ.
- რამდენად კონკურენტუნარიანები?
- ისეთივე, როგორც “ინტერი” და “მილანი”. ჩვენ ასეთივე დონის კლუბი ვართ. მძიმე, მაგრამ მაღალი დონის სეზონი გველის. ჩვენ არაერთი ოცნება გვაქვს, რომლის ახდენაც გვინდა.
- თამაში ტოტის გვერდით მოგიწევთ...
- ტოტი ფენომენია. მან იტალიური ფეხბურთისა და “რომას” ისტორიაში საკუთარი სახელი უკვე ჩაწერა. მის გვერდით თამაში დიდი პატივია. მოედანზე შეთანხმებულად ვიმოქმედებთ და უფრო მეტ გოლს გავიტანთ.
- მართალია, რომ პატარაობისას “რომამ” სინჯების მერე დაგიწუნათ?
- შვიდჯერ გასინჯვის მერე! “რომას” საფეხბურთო სკოლაში ვვარჯიშობდი, მაგრამ პატარა და გამხდარი ვიყავი. მაშინ, ბრუნო კონტიმ მითხრა – “დაბრუნდი, როდესაც გაიზრდები”.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა







