ინტერვიუები

9:51 | 21.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

მასიმილიანო ალეგრი: “ამ შემადგენლობით ბევრს შევძლებთ”

“მილანში” ბრაზილიელი ლეონარდოს ერთწლიანი მოღვაწეობა არადამაკამყოფილებლად შეფასდა და გასულის სეზონის დასრულების შემდეგ, “როსონერი” ახალი მწვრთნელის მოძიების დილემის წინაშე დადგა. მოულოდნელად, მილანელებმა არჩევანი 42 წლის მასიმილიანო ალეგრიზე გააკეთეს, რომელიც 2004 წლიდან მწვრთნელობს და სერია A-ში მხოლოდ “კალიარიში” უმუშავია, საიდანაც ამა წლის 13 აპრილს დაითხოვეს. “მილანი” მომავალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა და გუნდის თავკაცს ინტერვიუ Corriere della sera-მ ჩამოართვა.  
- “ალიანეზეს”, “გროსეტოს”, “სასუოლოსა” და “კალიარის” მერე, მზად ხართ “მილანის” მართვის სადავეების ხელში ასაღებად?
- ჩემს კარიერაში “მილანის” მსგავს კლუბთან შეხება არ მქონია, მაგრამ როდესმე ხომ უნდა დაიწყო. აქამდე, პატარა გუნდებში ვმუშაობდი და ნელ-ნელა წინ მივიწევდი. როდესაც მწვრთნელობას ვიწყებდი, ვერ წარმომედგინა, რომ ერთხელაც ისეთ კლუბში მიმიწვევდნენ, როგორც “მილანია”. ამასთანავე, არ ვნერვიულობ, მშვიდად ვარ და ვგრძნობ, რომ მენდობიან. ხელმძღვანელობამ გასული სეზონის შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეინარჩუნა, პლუს იეპესი, ამელია და სოკრატისი დაგვემატნენ. დარწმუნებული ვარ, ასეთი შემადგენლობით ბევრს შევძლებთ.   
- თქვენ ისეთ გუნდთან მუშაობა მოგიწევთ, რომლის შემადგენლობაც ბოლო წლებში ნაკლებად იცვლება. არ გეშინიათ, რომ სეზონის განმავლობაში შემსრულებლების დეფიციტი იქნება?
- მნიშვნელოვანი სეზონი გველის – მე მსგავსი დონის კლუბში პირველად ვიმუშავებ, ხოლო მოთამაშეებს შანსი ექნებათ დაამტკიცონ, რომ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ, ხოლო ზოგიერთს საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება მიეცემათ. ხშირად საუბრობენ, რომ “მილანი” ხანდაზმულთა გუნდია. ვფიქრობ, შევძლებ ახალგაზრდობისა და გამოცდილების შენადნობის გაკეთებას, უბრალოდ, საჭიროა შესაბამისი პროპორციების მოძებნა და აუცილებელი ინგრედიენტების დამატება.
- ამის გაკეთებას როგორ აპირებთ?
- განვლილმა მსოფლიოს ჩემპიონატმა ნათლად დაადასტურა - არა მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი, რამდენად ძლიერი ხარ ფიზიკურად და ტექნიკურად, არამედ, არანაკლებ მნიშვნელოვანია თამაშის სურვილი, თავდადება და საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა. აი, სწორედ ეს არის წარმატების გასაღები.  
- “მილანი” ერთ რიგში დგას “ინტერთან” და “იუვენტუსთან” ერთად?
- დღესდღეობით, “ინტერი” ერთი ნაბიჯით გვისწრებს. ვფიქრობ, “სკუდეტოსთვის” “ინტერის” გარდა, “რომა”, “მილანი” და “იუვენტუსი” იბრძოლებენ. ჩემპიონატის სტარტის წინ, მშვიდად და იმედით აღსავსე ვარ.
- ჯერჯერობით უცნობია, დარჩებიან თუ არა გუნდში რონალდინიო და გატუზო. მათი იმედი გაქვთ?
- ვიდრე ისინი “მილანში” არიან, მათი იმედი მაქვს. რონალდინიოს საუცხოო ტექნიკური არსენალი აქვს, რომლის მსგავსი მსოფლიოში არცერთ ფეხბურთელს არ გააჩნია. ბედნიერი ვიქნები თუ ორივე მათგანი კლუბში დარჩება.
- მათ უკვე ესაუბრეთ?
- გატუზოს ფორტე-დეი-მარმიში შევხვდი.
- ის ამბობს, რომ სურს გუნდში მნიშვნელოვანი ფიგურა იყოს...
- თქვენც იმას გეტყვით, რაც მას ვუთხარი –არ შეიძლება ფიქრი, რომ სეზონში გასამართ 70 შეხვედრას მხოლოდ 11 ფეხბურთელი ითამაშებს. შანსი თითოეულს ექნება.
- 9 ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი მომავალ წელიწადს უმთავრდება...
- ეს მათთვის დამატებითი მიზეზია საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად.
- გაძლიერება გუნდის რომელ ხაზს სჭირდება?
- დაცვაში სოკრატისი დაგვემატა, ხოლო შეტევაში სრულად ვართ დაკომპლექტებული. რაც შეეხება შუახაზს, გარდა იმისა, რაც გაგვაჩნია, მომავალ სეზონში ახალგაზრდული გუნდიდან სტრასერი დაგვემატება.
- პრესა როგორც იუწყება, თქვენი წინამორბედები გუნდიდან სილვიო ბერლუსკონიმ “მოაცილა”. არ გეშინიათ მათი ბედი გაიზიაროთ და პრეზიდენტის მსხვერპლი გახდეთ?
- არ მეშინია. მსგავსი რამ “კალიარის” პრეზიდენტ მასიმო ჩელინოსთან უკვე გავიარე.

მოამზადა ლაშა თაბაგარმა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.134865