ვინ არის მასიმილიანო ალეგრი, რომელსაც “მილანის” ხელმძღვანელობამ დიდი ნდობა გამოუცხადა და მანამდე არაფრით გამორჩეულ მწვრთნელს გრანდი ჩააბარა. ალეგრისთვის წარმატება უცებ მოვიდა – მისი “მილანი” დამაჯერებლად ლიდერობს სერია A-ს და სავარაუდოდ, ერთ ან ორ ტურში ოფიციალურად გაინაღდებს სკუდეტოს.
ალეგრი 1967 წლის თერთმეტ აგვისტოს დაიბადა ლივორნოში და ეს ქალაქი ამაყობს თავისი შვილით, მიუხედავად იმისა, რომ “მაქსს” (ასე ეძახიან) წარმატება არა “ლივორნოსთვის”, არამედ სილვიო ბერლუსკონის კლუბისთვის მოაქვს.
შარშან ცამეტ აპრილს, ალეგრი “კალიარის” მწვრთნელობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ ორიოდ თვეში მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა – ალეგრი “როსონერიში”. ამან მთლიანად შეცვალა “მაქსის” კარიერა.
- შეიცვალეთ თუ არა ბოლო თორმეტ თვეში?
- მთავარი ისაა, რომ ჩემი გზისთვის არასოდეს გადამიხვევია. მაშინაც კი, როცა უგუნდოდ დავრჩი.
- აი, ჩელინო (“კალიარის” პრეზიდენტი – რედ.) სხვაგვარად ფიქრობდა...
- ის ფიქრობდა, რომ მე “იუვეში” მივდიოდი, მაგრამ ტურინელებთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. არც “მილანთან”. 2010 წლის 28 მარტს ჩელინოს ვუთხარი, რომ ორწლიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ, რაღაც უნდა შემეცვალა და ისიც დავამატე, რომ უპრობლემოდ მოვაწერდი ხელს კონტრაქტის დარღვევას. მერე კი “მილანის” წინადადება მივიღე.
- ანუ, ერთ კლუბში ორი წლით მუშაობა თქვენთვის ანომალიაა? არ გსურთ, კარლო ანჩელოტის გზას გაჰყვეთ?
- ვის არ ენდომება? ეს ძნელია, მაგრამ იმედით ვცხოვრობ. ვცდი. “მილანში” დიდხანს დარჩენა არ მსურს, მაგრამ ფეხბურთი ზოგჯერ უცნაური ხუმრობასავითაა. მთავარია, იცოდე, რა გინდა.
- “მილანის” სატრანსფერო აქტიურობას თუ გავითვალისწინებთ, კლუბი სერიოზულად მოემზადა სკუდეტოსთვის.
- “მილანმა” კარგი ფეხბურთელები შეიძინა აგვისტოში და იანვარშიც. ამით სერიოზული სიგნალი მივეცით. არ დაგავიწყდეთ, რომ ზაფხულში სუპერფავორიტად “ინტერი” ითვლებოდა. გამიმართლა, რომ “მილანში” კარგ დროს მივედი - კლუბმა სერიოზული თანხა გაიღო ფეხბურთელებისთვის.
- და თუ სკუდეტოს მოიპოვებთ, რა იქნება შემდეგ?
- ამ საკითხხე კლუბის მესვეურებთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ვფიქრობ, “მილანი” კიდევ გაიღებს ფულს. “მილანი” მზადაა, მომდევნო სეზონშიც აჩვენოს თავისი სიძლიერე, რითაც წლევანდელი წარმატების ლოგიკურობას დაამტკიცებს. ამასთან, გაცილებით უკეთ უნდა ვითამაშოთ ჩემპიონთა ლიგაში. მომდევნო სეზონში მთავარი მიზანი სწორედ ლიგა იქნება.
- თქვენი მთავარი ღირსება გუნდის მართვაა.
- უნდა ითქვას, რომ ღირსეული ფეხბურთელების გარეშე ეს შეუძლებელია. ვცდილობდი, ყველა მათგანისთვის გამეგო, ყველას ხასიათი გამეცნო და ამავდროულად, დავრჩენილიყავი იმ ადამიანად, როგორიც ვარ. და როცა რომელიმე ფეხბურთელი ბრაზდება შეცვლისას, ამით უპატივცემულობას თანაგუნდელებისადმი გამოხატავს და არა – ჩემს მიმართ. კასანო? გუნდის ატმოსფეროს მოერგო. თუ საჭიროებისამებრ არ იქცევი, არაფერი გამოგივა. კასანოთი ძალიან კმაყოფილი ვარ.
- იბრაჰიმოვიჩს რაიმე განსაკუთრებული უთხარით ბოლო კვირების განმავლობაში?
- პირველ ექვს თვეში ძალიან ბევრი გააკეთა გუნდისთვის, ყველაფერი გაიღო და მერე ჩავარდნა დაეწყო. “იბრამ” ბევრი დაკარგა შეცდომების გამო, მან საკუთარ ხასიათზე უნდა იმუშაოს. რაც არ უნდა მოხდეს, ზლატანი ერთ-ერთი იმათგანია, რომლის გარშემოც გაგრძელდება “მილანის” აწყობა.
- არ მიკითხავს და ახლა გკითხავთ: სკუდეტო უკვე თქვენია?
- მოვიცადოთ. ვინ იცის, მომავალ ტურშივე ყველაფერი გადაწყდეს.
ილია ნანობაშვილი









