“მილანის” 35 წლის კაპიტანმა მასიმო ამბროზინიმ 2009-ში კაპიტნის სამკლავური პაოლო მალდინისგან გადაიბარა, 2010-11 წლების სეზონი კი მისთვის და მთლიანად “როსონერისთვის” იღბლიანი აღმოჩნდა. გუნდმა სკუდეტოსთან ერთად იტალიის სუპერთასიც მოიგო. გასულ ჩემპინატში “მილანმა” მეორე ადგილი დაიკავა, ახალი სეზონის წინ კი გუნდი ორმა წამყვანმა მოთამაშემ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ტიგო სილვამ დატოვა. იტალიელი ჟურნალისტები ამბროზინის "მილანის" ამჟამინდელ მდგომარეობასა და წინასასეზონო განწყობაზე გაესაუბრნენ.
- გულშემატკივართა და სპეციალისტთა საკმაოდ დიდი ნაწილი აცხადებს, რომ თაობათა ცვლის გამო მომავალ სეზონში “მილანს” პრობლემები შეექმნება. კრიტიკისთა აზრით, “როსონერის” თამაშის ხარისხი გაუარესდება...
- ამ თემაზე საუბარი ინტენსიურად მიდის. ბევრი ჩვენ შესაძლებლობებს სკეპტიკურად აფასებს, მაგრამ მათ საყურადღებოდ ერთი რამ მსურს ვთქვა – “მილანი” შეკავშირებული და ერთი მიზნისკენ მიმართული კოლექტივია და ნებისმიერი ჩვენთაგანი პასუხისმგებლობის გრძნობითაა განმსჭვალული როგორც კლუბის, ასევე გულშემატკივრის წინაშე. ამასთან, კლუბის ფეხბურთელები საკუთარ რენომესაც ვუფრთხილდებით და შემდგომშიც ყოველმხრივ შევეცდებით მაღალ დონეზე გამოსვლას.
- ზლატან იბრაჰიმოვიჩის გუნდიოდან წასვლა პატუს ხელ-ფეხს გაუხსნის და ბრაზილიელი უკეთ შეძლებს შესაძლებლობების გამოვლენას?
- “მილანში” მოსვლის დღიდან პატუ გარკვეული წნეხის ქვეშაა, რაც უპირველესად მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობითაა განპირობებული. რაც უფრო მალე გათავისუფლდება იგი ამ წნეხისგან, მით უკეთესი ბრაზილიელისთვისაც იქნება და მთლიანად გუნდისთვისაც.
- ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ზლატანთან მთლად კარგი ურთიერთობა არ გქონდათ და შვედ ფორვარდთან ხშირად კამათობდით...
- მერედა ვინ თქვა, რომ როდესაც ადამიანები პროფესიულ საკითხზე კამათობენ, მათ შორის აუცილებლად ცუდი დამოკიდებულება უნდა იყოს! უფრო პირიქით მგონია – როდესაც რაიმეში პარტნიორს არ ეთანხმები, უმჯობესია სათქმელი პირდაპირ უთხრა, ვიდრე გულში ჩაიხვიო.
- იმასაც ამბობენ, რომ იბრაჰიმოვოჩისა და ტიგო სილვას წასვლით გამოწვეულ “სიცარიელეს” “მილანი” ვეღარ ამოავსებს...
- არ მგონია, ასე რთულად იყოს საქმე. კოლექტიური თამაშით დანაკლისის სათანადოდ შევსებას ვეცდებით, ამასთან სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ საკმარისადაა დრო და ვნახოთ, როგორ იაქტიურებს კლუბის ხელმძღვანელობა ამ მიმართულებით.
- კაკას “სან სიროზე” დაბრუნებას მიესალმებით?
- ამას არა მარტო მე, ნებისმიერი როსონეროელი მიესალმება. დარწმუნებული ვარ, ‘სან სიროზე” დაბრუნების შემთხვევაში რიკი კარგადაც ითამაშებს და გუნდსაც დიდ დახმარებას გაუწევს.
- მოდით ჩემპიონთა ლიგაზეც ვისაუბროთ. რა აზრის ხართ ეგრეთ წოდებულ “ნუვორიშ-გუნდებზე”?
- ევროპულ სტადიონებზე რაც უფრო მეტი მაღალი კლასის კლუბი გამოჩნდება, მით უფრო მოგებული დარჩება ფეხბურთი და სპორტის ეს სახეობა კიდევ უფრო განვითარდება. “მანჩესტერ სიტიმ” ინგლისის პრემიერლიგა მოიგო და ახლა წარმატების მიღწევა საერთაშორისო არენაზეც სურს. ვნახოდ, რამდენად შეძლებენ ამის განხორციელებას რობერტო მანჩინის შეგირდები. ჩემი აზრით, “სიტი” უკვე შემდგარი გრანდია. ანალოგიურს ჯერჯერობით ვერ ვიტყვი პსჟ-ზე. ქაღალდზე კარლო ანჩელოტის მძლავრი გუნდი ჰყავს, ვნახოთ, რა მოხდება საფეხბურთო მინდორზე.
- ჩემპიონთა ლიგის მორიგ გათამაშებაში რა შანსი აქვს “მილანს”?
- წინა ტურნირში “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშისას მშვენიერი შანსი გვქონდა და ამჯერადაც მხოლოდ მაქსიმალური მიზნისთვის ვიბრძოლებთ, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს – “ბარსელონა” და “რეალი” ევროპის საუკეთესო კლუბები არიან.
- “მილანის” ახალწვეულებზე რა აზრის ხართ?
- კარგი ბიჭები არიან, დანარჩენს დრო გამოაჩენს. “მილანთან” ადაპტირება იოლი საქმე არაა. მთავარია, მასიმილიანო ალეგრი მათ ნდობას უცხადებს. პირადად მე დიდი იემდით ვუყურებ ელ შაარავის პერსპექტივას. მომავალ სეზონში იგი 15 გოლს მაინც გაიტანს. თუკი ამ მიჯნას ვერ მიაღწია, ჩემი ხელით გავპარსავ მის “იროკეზს’.
- რას ელით ახალი სეზონისგან?
- იბრას გარეშე დარჩენილმა, თითოეულმა ჩვენთაგანმა უფრო მეტი უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე.
გოჩა კაჭარავა









