ძიუდო

15:48 | 24.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მასტერსის 10 ქართველის წილი

ხვალ-ზეგ რუსეთის ქალაქი ტიუმენი ძიუდოში უპრესტიჟულეს ტურნირს, მსოფლიოს მასტერსს უმასპინძლებს. ტატამზე უძლიერესი ძიუდოისტები გავლენ, რომლებმაც ტურნირზე ჭიდაობის უფლება მაღალი რეიტინგის ხარჯზე მოიპოვეს. დებულების თანახმად, მასტერსში მონაწილეობას მამაკაცთა და ქალთა ყველა წონითი კატეგორიის 16-16 საუკეთესორეიტინგიანი სპორტსმენი იღებს. უფრო დაბლა მდგომებს კი შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევათ, თუკი ძირითადი სიის ერთი ან რამდენიმე წევრი შეჯიბრებაზე ჩასვლას ვერ ახერხებს.

საქართველოს ნაკრები ტურნირში ცხრაკაციანი შემადგენლობით ჩაერთვება. აქედან ორი მასტერსის განაცხადში სწორედ სათადარიგო სიიდან მოხვდა: ნუგზარ ტატალაშვილი, რომელიც 73 კილოგრამში მე-17 ადგილს იკავებს და შალვა ქარდავა, რომელიც 66-ში 24-ე პოზიციაზეა. წესით, რუსულ ტატამზე ბეთქილ შუკვანი (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილიც (66 კგ) უნდა გასულიყვნენ, მაგრამ შუკვანმა პირადი გადაწყვეტილებით, შავდათუაშვილმა კი ტრავმის გამო შეიკავა თავი.

ყველაზე დიდი მოულოდნელობა და სასიხარულო ამბავი კი მასტერსის სიაში ქალთა ნაკრების მძიმეწონოსნის, ირინე ლეონიძის მოხვედრაა, რომელიც მსოფლიოს რეიტინგსიაში 38-ე ადგილზეა.

მსოფლიო მასტერსის ჩემპიონ-პრიზიორობა სარეიტინგო ქულების დარიცხვით მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებს და მსოფლიოს ჩემპიონატს ჩამოუვარდება. ოქროს მედალი 700 ქულად ფასობს, ვერცხლი – 420, ხოლო ბრინჯაო 280 ქულად. უქულოდ არც მეხუთე და მეშვიდეადგილოსნები და წინასწარ ეტაპებზე წაგებულები დარჩებიან. უკვე გაიმართა წილისყრა და ქართველი ძიუდოისტების წილზეც აქვე მოგახსენებთ.

60 კილოგრამში საქართველოს სახელით ევროპის მოქმედი ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი იჭიდავებს. იგი შეჯიბრებაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაერთვება და მეტოქედ ფრანგ სოფიან მილუსა და ყაზახ იელდას სმეტოვს შორის მოგებული ეყოლება. ნახევარფინალის სავარაუდო მოწინააღმდეგეთა შორის კი მონღოლი ამარტუვშინ დაშდავაა და რუსეთის სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძე უნდა გამოვარჩიოთ.

ქარდავა მასტერსს იაპონელ ტომოფეი ტაკაიოსთან დაჭიდებით გახსნის და თუ იმარჯვებს, მეოთხედფინალში ფრანგ დიმიტრი დრაგინსა და რუსეთის ნაკრების წევრ კამალ ხან-მაგომედოვს შორის საუკეთესოს შეხვდება.

ზებედა რეხვიაშვილის (73 კგ) სატურნირო გზა მეოთხედფინალში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერის, მონღოლ ნიამ-ოჩირ საინიარგალის გზას კვეთს, ოღონდ იქამდე ქართველმა ძიუდოისტმა უზბეკი მირალი შარიპოვი უნდა ჩამოიშოროს. ტატალაშვილის პირველი მეტოქე ბრაზილიელი ბრუნო მენდონსა იქნება. ამ წყვილში გამარჯვებული სავარაუდოდ ჰოლანდიელ დექს ელმონს დაუპირისპირდება.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველები ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური შეიძლება ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდნენ, თუკი იქამდე თავიანთ შეხვედრებს მოიგებენ. ჭრიკიშვილი ტურნირში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაერთვება, რუს მურად ხაბაჩიროვსა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების წევრ სერგიუ ტომას წყვილში გამარჯვებულთან შეხვედრით. წიკლაურმა კი ნახევარფინალამდე ორი ბარიერი უნდა დაძლიოს. ჯერ იაპონელ კეიტა ნაგაშიმას დაეჭიდება, ხოლო შემდეგ ფრანგ ალენ შმიტსა და რუსეთის ნაკრების წევრ სირაჟუდინ მაგომედოვს შორის უძლიერესს.

მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) პირველ ნომრადაა განთესილი და რუსულ მასტერსს რუს გრიგორი სულემინთან ჭიდაობით გახსნის. ამ შეხვედრაში მოგებული ძიუდოისტის სავარაუდო მეტოქეები არიან იაპონელი შოჰეი შიმოვადა და აზერბაიჯანელი შაჰინ გაჰრამანოვი. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში კი ლიპარტელიანს შეიძლება რუს კირილ დენისოვთან ევროპის ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღების შანსი მიეცეს.

90 კილოგრამში კიმონოს ზვიად გოგოჭურიც მოირგებს. იგი მერვედფინალში კუბელი ეშლი გონსალესის პირისპირ დადგება და თუ დაამარცხებს, სავარაუდოდ რუს კირილ ვოპროსოვს შეხვდება.

100 კილოგრამი ერთადერთი წონაა, რომელშიც საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ეყოლება. +100 კილოგრამში კი ადამ ოქრუაშვილი წილისყრამ პირდაპირ მეოთხედფინალში განთესა. მასთან დაჭიდების უფლების მოსაპოვებლად მერვედფინალში ერთმანეთს კუბელი ოსკარ ბრისონი და ბრიტანელი კრისტოფერ შერინგტონი დაუპირისპირდებიან. ბადის ამავე მხარესაა გერმანელი ანდრეას ტოლცერი, რომელმაც ქართველი მძიმეწონოსანი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე დაამარცხა. ამჯერად ოქრუაშვილისა და ტოლცერის გზები ერთმანეთს ნახევარფინალში კვეთს.

ლეონიძეს მსოფლიოს მასტერსის მერვედფინალში მოწინააღმდეგედ ჩინელი სონგ იუ ერგო. ამ წყვილიდან გასულს კი მეოთხედფინალში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი, კუბელი ოლიმპიური ჩემპიონი იდალის ორტისი ელის.

ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები კაცებში 60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, ქალებში – 48, 52, 57 და 63 კილოგრამებში. დანარჩენ წონებში კი მედლები ზეგ გათამაშდება.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით დილის 7 საათიდან დაიწყება. ფინალური ბლოკის დაწყების დრო კი 16 საათია და მას GMG სპორტი პირდაპირ ეთერში გადასცემს.

 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.157638