ინტერვიუები

10:18 | 24.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

მათე ღვინიანიძე: “მეორე ბუნდესლიგაში თამაშის ინტერესი აღარ მაქვს”

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე “მიუნხენ 1860”-ის მცველი მათე ღვინიანიძე კლუბის შეცვალზე სერიოზულად ფიქრობს. მიუნხენელები ფინანსურ კრიზისში არიან და კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასის 10 პროცენტით შემცირებაც კი მოთხოვა. რაც, ბუნებრივია, სასიამოვნო ნამდვილად არაა. გარდა ამისა, ქართველს, რომელსაც “ლომებთან” ხელშეკრულება ზაფხულში უმთავრდება და მის გახანგრძლივებას არ აპირებს, მოედანზე გასვლის საშუალებასაც ნაკლებად აძლევენ. აქედან გამომდინარე, 24 წლის ღვინიანიძე ისეთ კლუბს ეძებს, რომელიც მის პირობებს დააკმაყოფილებს. ამის შესახებ თბილისში მყოფი ფეხბურთელი “მსოფლიო სპორტს” ესაუბრა.      
- გერმანულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დიდი შანსია კლუბი შეიცვალოთ. ეს სიმართლეს რამდენად შეესაბამება?
- პრობლემა ისაა, რომ “მიუნხენ 1860”-ს ფინანსურად ძვირადღირებული ფეხბურთელების შენახვის შესაძლებლობა არ აქვს. ისიც კი გვითხრეს, რომ ხელფასი 10 პროცენტით შეიმცირეთო. ამის შესახებ ჩემს მენეჯერთან კარლ ჰერცოგთანაც მქონდა საუბარი. გერმანიაში არსებული კანონების მიხედვით, ხელფასის 45 პროცენტს ისედაც მიქვითავენ და კიდევ 10 პროცენტით რატომ უნდა შევიმცირო? კლუბს კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი ვუთხარი, რადგან ახლა თუ მეუბნებიან 10 პროცენტით შეიმცირეო, რა გარანტიაა, რომ ახალი კონტრაქტს რომ დავდებ, მოგვიანებით არ მითხრან ხელფასი 20 ან 30 პროცენტით შეიმცირეო?
- საბოლოოდ, ხელფასის 10 პროცენტით დაკლებაზე დათანხმდით?
- არ დავთანხმებულვარ. ოთხწელიწადნახევარია “მიუნხენ 1860”-ში ვთამაშობ და ამ ხნის განმავლობაში ყოველთვიურად 45 პროცენტს მიქვითავენ და ეს ფული იმ ხალხის დასახმარებლადაა განკუთვნილი, ვინც არ მუშაობს. ეს ჩემთვის პრობლემა არაა, რადგან გერმანიაში ყველა ასე იქცევა. თუმცა, როდესაც კლუბის ხელმძღვანელობამ საქმე თავად ვერ წაიყვანა ისე როგორც საჭიროა, როდესაც ამის თანხა და შესაძლებლობა ჰქონდა, ამისთვის მე რატომ უნდა დავიჩაგრო?. უბრალოდ, პრინციპის ამბავია. კლუბს უფლება არ აქვს, რომ კუთვნილი ფული არ გადამიხადოს. ხელმძღვანელობამ კი თქვა, ყველამ უნდა დაიკლოს ხელფასი ფეხბურთელით დაწყებული, დამლაგებლით დამთავრებულიო, მაგრამ ჩემი და დამლაგებლის ხელფასების 10 პროცენტს შორის დიდი განსხვავებაა. ერთდერთი, ვისაც ჩემი კარგად ესმის, კლუბის სპორტული დირექტორი სერბი მიკი სტევიჩია. ის. როგორც იტყვიან, მართლა “თავით” მუშაობს.  
- სხვა კლუბებიდან თუ არის კონკრეტული შემოთავაზება?
- ჩემი მენეჯერი ამ საკითხზე მუშაობს. თუ იქნება ისეთი გუნდი, რომლის შეთავაზებაც დამაკმაყოფილებს, მაშინ, “მიუნხენ 1860”-დან ზამთარშივე წავალ. თუ სხვა კლუბს სურვილი ექნება, რომ მხოლოდ ხელფასი გადამიხადოს და წინასწარ საკონტრაქტო თანხა არ მომცეს, ამ შემთხვევაში მირჩევნია სეზონი “მიუნხენ 1860”-ში დავასრულო. დღესდღეობით, მიუნხენელების სურვილია ზამთარშივე გამყიდონ, რადგან, კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში, ფიზიკურად არ აქვთ საშუალება მეტი გადამიხადონ. გერმანიის პირველი ბუნდესლიგის 3-4 კლუბიდან მაქვს შეთავაზება. მეორე ბუნდესლიგაში თამაშის ინტერესი აღარ მაქვს, რადგან იქ ჩემი თავი ამოვწურე. სხვა ქვეყნების კლუბების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩამოსული და პირადად მესაუბრენ. იმ პირობებს, რასაც მე ვითხოვ, თუ დააკმაყოფილებენ, ჩემთვის პრობლემა არაა რანგით ოდნავ დაბალი დონის ჩემპიონატში წავიდე, ვიდრე გერმანიის პირველი ბუნდესლიგაა.
- ბოლო პერიოდში “მიუნხენ 1860”-ის მთავარი მწვრთნელი რეინერ მაურერი ძირითად შემადგენლობაში თქვენს მაგივრად ადგილს კაი ბიულოვს ანდობდა. ეს რით იყო გამოწვეული?
- მაურერი იძახდა, რომ მათე ღვინინიანიძის მიმართ კითხვის ნიშნები არასოდეს გასჩენია. ის ყოველთვის ამბობდა, რომ მეორე ბუნდესლიგაში ყველაზე ძლიერი შუა მცველი და გუნდის დაცვის ხაზის წამყვანი ფეხბურთელი ვიყავი. თუმცა, სეზონის მსვლელობისას მუცლის კუნთის ტრავმა მქონდა, რის გამოც, რამდენიმე თამაში გამოვტოვე, ხოლო გუნდმა ერთი-ორი მატჩი მოიგო, შემდეგ ზამთარიც ახლოვდებოდა  და კონტრაქტის გაგრძელებაზეც უარი ვთქვი. სწორედ, ამის მერე დამეწყო შემადგენლობაში მოხვედრასთან დაკავშირებით პრობლემები. სხვათა შორის, ბევრ კლუბში ხდება ასეთი რამ – როცა იციან, რომ ფეხბურთელი კონტრაქტს აღარ აგრძელებს, აღარც ათამაშებენ.
- ცოტა ხნის წინ, გერმანულ მედიაში დაიწერა, რომ ერთ-ერთ ღამის კლუბში შამპანურის ბოთლით ხელში გნახეს და ამისთვის კლუბმა დაგაჯარიმათ. რეალურად რა მოხდა?
- პირადად მე არ მაინტერესებს რას წერენ, რადგან ამას შურიანი ხალხი აკეთებს. თამაშამდე 8 დღით ადრე დისკოთეკაზე ვიყავი, თან მეორე დღეს დასვენება მქონდა. დაწერეს, რომ 4-5 დიდი ბოთლი, “მაგნუმს” რომ ეძახიან, შამპანური “დონ პერნიონი” ვიყიდე და ფოტოებიც გადამიღეს. ამით იმის თქმა უნდოდათ, რომ გუნდს უჭირს და ეს მათეს საერთოდ არ ადარდებსო. მე რასაც ვყიდულობ, ჩემი ოფლითა და შრომით ნაშოვნი ფულით ვყიდულობ. ვისი რა საქმეა, 4-5 ბოთლს შამპანურს ვიყიდი თუ რას ჩავიცვამ ან ფულს რაში დავხარჯავ. მეც ხომ ადამიანი ვარ და ცუდს რას ვაკეთებ თუ გავერთობი. სხვათა შორის, ამის შესახებ კლუბშიც მქონდა საუბარი და როგორც მწვრთნელმა, ასევე სპორტულმა დირექტორმა მითხრეს – “შენზე მეტს ვერთობოდით, ოღონდ დამალულადო”. საერთოდ, “მიუნხენ 1860”-ში ჩემთან კონფლიქტიც არ აწყობთ. რადგან შემიძლია ვთქვა, რომ არსად მივდიდარ და ზაფხულამდე თუ არ მათამაშებენ, კუთვნილ ხელფასს მაინც მივიღებ, ხოლო შემდეგ, გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დავტოვებ.
- 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თემურ ქეცბაიამ საქართველოს ეროვნული გუნდის შეკრებაზე გამოგიძახათ, მაგრამ თბილისში ჩამოსული უკან გაბრუნდით. მიზეზი რა იყო?
-  ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მუცლის კუნთის ტრავმა მქონდა, მაგრამ ვალდებული ვიყავი ჩამოვსულიყავი და როგორც მწვრთნელს, ასევე გუნდის ექიმებს, თავად ვენახე. თავის დროზე, კლაუს ტოპმიოლერმა ნაკრებში რომ გამომიძახა, კოჭის ტრავმის გამო შეკრებაზე ვერ ჩამოვედი. ამის გამო, ის გაბრაზდა და აღარ უნდოდა ჩემი გამოძახება. საქართველოს გულისთვის სადაც საჭიროა იქ წავალ, უბრალოდ, მაშინ მართლა ტრავმირებული ვიყავი. ამიტომ, მსგავსი პრობლემა რომ არ შემქმნოდა, თბილისში ჩამოვედი და ქეცბაიას ვაჩვენე რა მაწუხებდა.
- ამის შემდეგ თუ გქონდათ კიდევ ქეცბაიასთან საუბარი. ელოდებით, რომ შესაძლოა ნაკრებში კიდევ მიგიწვიონ და თუნდაც ამხანაგურ მატჩში თავის გამოჩენის შანსი მოგცენ?
- ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. როდესაც ფეხბურთელს გუნდში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, ნაკრების მწვრთნელისთვის მისი გამოძახება ძნელია. ვნახოთ, ჩემი მომავალი როგორ წავა. იმედი მაქვს, რომ ახალი წლიდან სხვა გუნდში გადავალ და თამაშიც მომიწევს. მერე თუ საჭირო იქნება და დავიმსახურებ, ნაკრებშიც მიმიწვევენ.
 

ლაშა თაბაგარი

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.179142