სტატიები

10:29 | 23.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

მათე ღვინიანიძე – მიუნხენელთა “მოთვინიერებული ლომი”

“ველური მათეს მოთვინიერება” - ასე დაასათაურა გერმანული ინტერნტეტ-გამოცემა მერკურ-ონლინე-ს ჟურნალისტმა ული კელნერმა თავისი სტატია, რომელიც მეორე ბუნდესლიგის კლუბ “მიუნხენ 1860”-ში მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელს, მათე ღვინიანიძეს ეხება.  
ავტორის აზრით, ბევრი, ღვინიანიძეს თვლის მოთამაშედ, რომელიც არასაფეხბურთო ცხოვრებით ცხოვრობს, ხოლო სხვები, მასში მეორე ბუნდესლიგის გამორჩეულ მცველს ხედავენ. რაინერ მაურერს, რომელიც მიუნხენელთა მთავარ მწვრთნელად მიმდინარე სეზონის წინ დაინიშნა, ქართველი ფეხბურთელი კარგად ჰყავს შესწავლილი და ამიტომ, ცდილობს, იგი მუდმივად მკაცრი კონტროლის ჰქვეშ ჰყავდეს.
ღვინიანიძე “მიუნხენ 1860”-ში 2006 წლის ივლისში ჩაირიცხა და მას შემდეგ, თუ სასურველ კონდიციებშია, “ძირითადში” მოხვედრის პრობლემა არ აქვს. გასულ სეზონში მან 28 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო მიმდინარეში მხოლოდ ერთხელ ვერ დაეხმარა თანაგუნდელებს, კუჭის ტკივილის გამო. აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო პრობლემებზე მეტად, 23 წლის ქართველ მცველს პრობლემები დისციპლინის მხრივ უფრო აქვს და მიუნხენელთა ყოფილი მთავარი მწვრთნელების “თავის ტკივილად” ითვლებოდა. გასულ ზამთარს, გუნდის ექს-თავკაცი ევალდ ლინენი ფეხბურთელის უდისციპლინობამ ისე გააღიზიანა, რომ მისი გუნდიდან გაშვება სურდა – ღვინიანიძის იჯარით აყვანა ინგლისის ჩემპიონლიგის ერთ-ერთ კლუბს უნდოდა. ყველაფრის “გვირგვინი” აღმოჩნდა, როდესაც ქართველ მცველს “ობერჰაუზენთან” გასვლით შეხვედრაში ბუცების წაღება დაავიწყდა. ამ ქმედებების შედეგად, იგი კლუბმა სოლიდური თანხით დააჯარიმა და მომავალ შეხვედრაში, 18-კაციან განაცხადშიც არ შეიყვანა.
თუმცა, ღვინიანიძე დაბრუნდა და კვლავ “სასტარტოში” ათამაშდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მიუნხენელებს დაცვაში დიდი არჩევანი არ აქვთ და ამასთანავე, სტატისტიკა მათეს სასარგებლოდ მეტყველებს. კერძოდ, ქართველს მოედანზე მეტოქე ფეხბურთელებთან მოგებული ორთაბრძოლების მხრივ, მეორე ბუნდესლიგაში ბადალი არ ჰყავს და ეს, რამდენიმე სეზონის განმავლობაში გრძელდება.   
მაურერი თავიდანვე მიხვდა, რომ “მხიარული” მათეს “მორჯულების” მხოლოდ ორი გზა ჰქონდა – ის, ან გუნდიდან უნდა გაეშვა, ან კიდევ, “დისციპლინის მარწუხებში” მოექცია. მწვრთნელმა მეორე აირჩია და ეს, გუნდში მისვლის პირველივე დღიდანვე გააკეთა. სტატიის ავტორის აზრით, ახალმა მწვრთნელმა მათე “მოათვინიერა”, თუმცა მან ჩაცმის სტილი, რომელიც “განგსტერულს” წააგავს, შეინარჩუნა და სიყვარული არც სწრაფი ავტომანქანებისადმი განელებია. სხვათა შორის, შარშან მოსკოვის “ლოკომოტივი” მიუნხენში იყო ჩასული და ღვინინინიძემ, როდესაც ქუჩაში მალხაზ ასათინი და დავით მუჯირი დაინახა, “პორშეს” ჯიპი შუა გზაში ისე გააჩერა, რომ მოძრაობა გადაკეტა, რათა თანამემამულეებს დალაპარაკებოდა. ბუნებრივია, წესრიგის მოყვარული გერმანელებისთვის მსგავსი რამ უცხოა. თუმცა, მათემ ავტომანქანა მხოლოდ თანამემამულეებთან საუბრის შემდეგ დაძრა.

 

ლაშა თაბაგარი


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101611