ინტერვიუები

15:37 | 22.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

მათს ჰუმელსი: “დორტმუნდი” მერვედფინალზე შეჩერებას არ აპირებს”

ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გათამაშებისგან განსხვავებით, გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო 2 გათამაშების გამარჯვებული “დორტმუნდი” წლეულს წარმატებით ასპარეზობს და იურგენ კლოპის გუნდმა “სიკვდილის ჯგუფში” ვადამდე ადრე გაინაღდა პირველი ადგილი. ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დორტმუნდელთა უკანახაზელმა მათს ჰუმელსმა, რომელსაც ამსტერდამში, “აიაქსის” ძლევის შემდეგ ჟურნალისტებმა ინტერვიუ ჩამოართვეს. რეპორტიორისა და ფეხბურთელის დიალოგის გაცნობამდე კი მოგახსენებთ, რომ მიმდინარე ბუნდესლიგაში ჰუმელსმა, გუნდის მეკარე რომან ვაიდენფელერსა და ნახევარმცველ მარკო როისთან ერთად, თორმეტივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

- ჯგუფური ეტაპის სტარტამდე თუ წარმოიდგენდით, “დორტმუნდი” “სიკვდილის ჯგუფში” საბოლოოდ პირველ ადგილს რომ დაიკავებდა?
- წინასწარ ამის თქმა არ შეიძლებოდა. თუმცა, ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ წარიმართა და მახარებს, ბოლო ტურის შედეგის მიუხედავად, პირველობა უკვე განაღდებული რომ გვაქვს. ამსტერდამის “აიაქსთან” შეხვედრის წინ გაურკვეველი სიტუაცია იყო და შეხვედრის წინ ვნერვიულობდი. წინასამტჩო შეკრებაზე მხოლოდ მოგება დავისახეთ მიზნად და მოხარული ვარ, ეს რომ შევძელით. თანაც, მთლიანობაში გუნდმა დამაჯერებელი თამაში აჩვენა.
- ტრიბუნებიდან მაყურებელზე “დორტმუნდმა” მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თქვენც კმაყოფილი ხართ, მაგრამ მაინც გკითხავთ – გუნდის თამაშში რაიმე ხინჯი ვერ შეამჩნიეთ?
- პირველ ტაიმში მიღწეული დიდი უპირატესობის შემდეგ მეორეში ცოტათი მოვეშვით. მოწინააღმდეგეს მინდორზე ცარიელ სივრცეებს ვუტოვებდით და საბედნიეროდ, “აიაქსმა” მხოლოდ ერთხელ დაგვსაჯა. ძალიან მნიშვნელოვანია, ეიფორიაში არ ჩავვარდეთ და ყურადღება არც ერთ მატჩში, არც ერთი წუთით არ მოვადუნოთ.
- შარშან ამ დროისთვის ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასვლის შანსი გადაწურული გქონდათ, წლეულს კი მომდევნო სტადიაზე გაღწევა გარანტირებულია. უპირველესად, რის ხარჯზე მოხდა ესოდენ დიდი პროგრესი?
- გადამწყვეტი ორი ფაქტორია. პირველი ეფექტურობაა. ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშებაში ჩვენ მიერ ჩატარებული მატჩები თუ გახსოვთ, დამეთანხმებით, რომ დაახლოებით ორჯერ მეტ საგოლე მომენტებს ვქმნიდით, ვიდრე მიმდინარე გათამაშებაში. სამწუხაროდ, ხელსაყრელი სიტუაციების რეალიზაციის პროცენტი იყო ძალიან დაბალი. მეორე მომენტი კი დაცვაში დაშვებული უხეში შეცდომების შედეგად ბევრი გაშვებული გოლი გახლდათ. წლეულს ამ ორი მიმართულებით მდგომარეობა რადიკალურადაა შეცვლილი. ეს ძალიან მახარებს – მოწინააღმდეგეებს გოლებს აღარ “ვჩუქნით”.
- ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული გამოსვლის შედეგად “დორტმუნდს” გულშემატკივრებისა და სპეციალისტებისგან კომპლიმენტები არ აკლია, ალექს ფერგიუსონმა და ჟოზე  მოურინიომ კი ტურნირის მოგების რეალურ კანდიდატებად მიგიჩნიათ...
- ასეთი აღიარებული საფეხბურთო ავტორიტეტების შექება ძალიან გვახარებს. ეს ძალიან კარგია, მაგრამ კომპლიმენტების მიღებამ არ უნდა გაგვაყოყოჩოს. ყველაფერი უშუალოდ მინდორზე, მატჩის მსვლელობისას წყდება და არც ერთი მოწინააღმდეგე “დორტმუნდის” პირისპირ მინდორზე დამდგარი იოტისოდენა შეღავათს არ გვაძლევს. პირიქით, ჩვენ წინააღმდეგ განსაკუთრებული მორივაციით თამაშობენ. გვახარებს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში რომ გავედით, მაგრამ “დორტმუნდი” არც ამ ეტაპზე აპირებს გაჩერებას.

გოჩა კაჭარავა


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100699