გასულ უქმეებზე, დორტმუნდის “ბორუსიამ” პირველი ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა - მოიგო რა ზედიზედ მე-7 მატჩი სტუმრად. იურგენ კლოპის შეგირდებმა, გასვლაზე “ფრაიბურგი” დაამარცხეს (2:1) და მათ წარმატებას სათავე 21 წლის ცენტრალურმა მცველმა მათს ჰუმელსმა დაუდო, რომელმაც შეხვედრაში ანგარიში გახსნა. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, მიმდინარე სეზონი მართლაც წარმატებულია –მან ბუნდესლიგის ლიდერის რიგებში 13-ივე მატჩი ითამაშა და წინა კვირაში, გერმანიის ეროვნულ გუნდში ძირითად შემადგენლობაშიც იასპარეზა შვედებთან სპარინგში. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ჰუმელსს გამოცემა “კიკერმა” ჩამოართვა.
- დორტმუნდის “ბორუსია” ჩემპიონატში ლიდერობის შენარჩუნებას როგორ ახერხებს?
- ჩვენ თითოეულ შეხვედრაში გამარჯვება გვსურს. ვფიქრობ, შესამჩნევია, რომ ფრედ დასრულებული შეხვედრებით უკმაყოფილო ვრჩებით. თითოეული წარმატების შემდეგ, თავდაჯერება გვემატება.
- ამასთან ერთად, იზრდება მოლოდინიც. მას როგორ უმკლავდებით?
- გუნდის შიგნით ამ საკითხზე არ ვმსჯელობთ. ვიცით, რომ მომავალში ქულების აღება გაგვიჭირდება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, კარგად გვაქვს გაცნობირებული რა შეგვიძლია. მთავარია, ყოველთვის კონცენტრირებული ვიყოთ მომდევნო თამაშზე. ვიცი, რომ ეს უბრალო ფრაზაა, მაგრამ ის მოქმედებს. ახლა რომ მე-20 ტურზე ვიფიქროთ, ეს არაფერს მოგვცემს.
- “ბორუსიის” აღმაფრენაში, მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს, რა როლი მიუძღვის?
- გადამწყვეტი. მის მისვლამდე, დორტმუნდში მოწყენილობა სუფევდა. იმ ეიფორიას, რომელიც ამ საფეხბურთო ქალაქისთვისაა დამახასიათებელი, ვერ შეიგრძნობდით. თუმცა, კლოპმა ეს ჟინი ახლიდან გააღვივა.
- ლუის ვან გაალმა განაცხადა, რომ დორტმუნდელებს ძალიან ბევრჯერ გაუმართლათ. ეთანხმებით მას?
- არა, რადგან ამ საკითხში ვან გაალი ცდება. ორივე შეხვედრაში, სადაც ვერ გავიმარჯვეთ (0:2 “ლევერკუზენთან”, 1:1 “ჰოფენჰაიმთან”), პირიქით, არ გაგვიმართლა. დანარჩენი მატჩები კი, დამსახურებულად მოვიგეთ.
- ვან გაალი “ბორუსიას”, ჩემპიონატში გამარჯვების პრეტენდენტად მიიჩნევს...
- ეს სწორი სვლაა. “ბაიერნი” ეძებს გზას, რომ ჯერ ფსიქოლოგიურად გაგვტეხოს, ხოლო შემდეგ ქულებით დაგვეწიოს.
- სატურნირო ცხრილში პირველი ადგილის დასაკავებლად, “ბაიერნი” მთავარი კონკურენტია?
- კონკრეტული მიზნები არ დაგვისახავს. კარგად ვიცით, რამდენად რთული იქნება პირველი ადგილის შენარჩუნება. მითუმეტეს, ჩვენ არ გვყავს ისეთი ინდივიდუალისტები, როგორიც “ბაიერნსა” და “ლევერკუზენს”.
- მაისში, მალტასთან ამხანაგურ შეხვედრაში (3:0), გერმანიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი გქონდათ და მოედანზე შეცვლაზე შეხვედით. გასულ კვირაში, შვედებთან სპარინგში (0:0) თამაში პირველივე წუთიდან მოგიწიათ. თქვენთვის ამ ფაქტს, რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა?
- საერთოდ, დიდი აღიარებაა, როდესაც ეროვნულ გუნდში გიწვევენ. მალტელების წინააღმდეგ შეხვედრა რაღაც პატარა იყო, ხოლო შვედებთან მატჩში, საშუალება მომეცა საკუთარი თავი საქმეში მეჩვენებინა. მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ნაკრებში სათამაშოდ საკმარისი ოსტატობა მაქვს.
- გეტებორგში, ნაკრების შემადგენლობაში ერთბაშად სამი ბავარიელი და ოთხი დორტმუნდელი იყო. რაიმე ფსიქოლოგიურ დატვირთვას გრძნობდით?
- არავითარს. უბრალოდ, ჩემი ჰალსტუხის თაობაზე მეხუმრებოდნენ, რომლითაც გადაცემაში - “აქტუალური სპორტული სტუდია” გამოვცხადდი.
- “ბაიერნში” გაიზარდეთ. რამდენად დავალებული ხართ ჰერმან გერლანდისაგან და ული ჰიონესისგან?
- ჩემს მშობლებთან ერთად, მათ დიდად შემიწყვეს ხელი ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში. გერლანდმა “ბაიერნის” ახალგაზრდულ გუნდში ადრეულ ასაკში მიმიწვია და თამაშის საშუალება მომცა. ჰიონესმა კი, ჩემს კარიერაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, როდესაც მითხრა, რომ არჩევანი სკოლასა და ფეხბურთს შორის უნდა გამეკეთებინა.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა







