ასტანაში მიმდინარე “პრეზიდენტის თასზე” საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ორდღიანი საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ: 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში. ბეგი დარჩიას გუნდის წევრთაგან მძიმეწონოსანი სერგო გოგისვანიძე კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.
ქართული განაცხადის მიხედვით, ყაზახურ ხალიჩაზე უჩა შავაძე (66 კგ) და ვლადიმერ გეგეშიძეც (84 კგ) უნდა გასულიყვნენ, მაგრამ სამეულები მათ გარეშე შეივსო. ჭიდაობის ფედერაციის მიერ “მსოფლიო სპორტისთვის” მოწოდებულ სატურნირო შემადგენლობაში არც ძირითად და არც სათადარიგო სიაში არ ყოფილა რობერტ ქობლიაშვილი (84 კგ), რომელმაც გუშინ რეპეშაჟის ფინალში ყაზახ ალხაზურ ოზდიევთან წააგო და მეხუთე ადგილი დაიკავა.
დღეს მედლები დარჩენილ სამ წონაში: 60, 74 და 96 კილოგრამებში გათამაშდება და საქართველოს დროშის ქვეშ რევაზ ლაშხი (60 კგ), მანუჩარ ცხადაია, ზურაბ დათუნაშვილი (ორივე 74 კგ) და სოსო ჯაბიძე (96 კგ) იჭიდავებენ.







