გულშემატკივრის სვეტი

19:59 | 13.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

მძიმე ტვირთი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, 17-წლიანი არსებობის განმავლობაში, მთავარი მწვრთნელი 17-ჯერ გამოიცვალა. ახლადდანიშნული თემურ ქეცბაია, უკვე მე-18 მწვრთნელია. ანუ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს წელიწადში საშუალოდ 1 ახალი მთავარი მწვრთნელი გამოსდით. მე ვერ დავდებ თავს, რომ ეს მონაცემები მსოფლიო რეკორდია, მაგრამ დიდი საფეხბურთო ქვეყნები, მაღალი ხარისხის ფეხბურთის თამაშით თუ ვერა, მწვრთნელთა ასეთი სწრაფი ცვალებადობით ჩვენთან ახლოსაც რომ ვერ მოვლენ, ამაში დარწმუნებული ვარ. ახლავე გაგახსენებთ აქამომდე ვინ და რომელ წლებში იყვნენ ჩვენი მთავარი გუნდის მესაჭენი: გიგა ნორაკიძე (1992), ალექსანდრე ჩივაძე (1993-1996), დავით ყიფიანი (1997), ვლადიმერ გუცაევი (1998). გიგლა იმნაძე (1998), ვლადიმერ გუცაევი (1998-1999). იოჰან ბოსკამპი (1999), დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი (2000-2001), ალექსანდრე ჩივაძე (2001-2003), ივო შუშაკი (2003), მერაბ ჟორდანია (2003), გოჩა ტყებუჩავა (2004), ალენ ჟირესი (2004-2005), გაიოზ დარსაძე (2005), კლაუს ტოპმიოლერი (2006-2008), ექტორ რაულ კუპერი (2008-2009).
 ამ მწვრთნელებიდან 5 უცხოელი იყო. თან რა გინდა სულო და გულო, დედამიწის რომელი ნაწილიდან არ ჩამოვიყვანეთ ნაკრების მთავარი მწვრთნელი. დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპა რომ მოვათავეთ, ბოლოს ლათინურ ამერიკასაც მივადექით და დარდისგან გაჭაღარავებული კუპერიც არ დავტოვეთ ჩვენი ნაკრების თამაშით “მოუხიბლავი”. ამ დროის განმავლობაში, ფეხბურთის ფედერაციის 3 პრეზიდენტიც გავისტუმრეთ და ძებნა-ძიებისაგან დაღლილები ჩამოვსხედით ეროვნული სტადიონის ტრიბუნაზე, ოფლი ძალუმად მოვიწმინდეთ და ჩვენი ფეხბურთის სვე-ბედი ფედერაციის ახალ პრეზიდენტს, ზვიად სიჭინავას მივანდეთ, რომელმაც ბევრ ფიქრსა და თავის მტვრევას, ნაცად გზაზე სიარული არჩია, “ოლიმპიაკოსიდან” უსინდისოდ გაშვებული თემურ ქეცბაია ჩამოიყვანა და მარცხისგან გადაღლილ გულშემატკივრებს, ეს უკვე მერამდენედ გაუღვივდა იმის იმედია, რომ იქნებ და...
 თემურ ქეცბაია, მშვენიერი საფეხბურთო კარიერის გამოისობით, საქართველოში (და არა მხოლოდ აქ...) სიმპათიას ყოველთვის იმსახურებდა. ახლა, ამ კაცმა, ნაკრების მწვრთნელობაზე დათანხმებით და ერთ არცთუ ფარატინა ფურცელზე ხელისმოწერით, თავისი ესოდენ მაღალი ავტორიტეტი და პატივისცემა ნამდვილად შეაგდო სასწორზე. თემურმა თავისი საქმე თავად უკეთ იცის, ალბათ, აქვს წარმატების იმედი და სჯერა საკუთარი შესაძლებლობების (ყველას სწორედ ეს გვინდა), მაგრამ გვარიანად რომ გარისკა, ეს, ალბათ, უდავო ამბავია.
 ქეცბაიას გადაწყვეტილება არ ჰგავს ფაბიო კაპელოს გადაწყვეტილებას, რომელმაც, მართალია, დემორალიზირებული, მაგრამ მაინც ინგლისის ნაკრები ჩაიბარა. გამწვრთნელებით თვით მარადონასაც კი არ გაუწევია ქეცბაიას დარი რისკი. ლოყებღაჟღაჟა არგენტინელი ხომ იმ გუნდის მწვრთნელი გახდა, სადაც, ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი – ლეო მესი თამაშობს... თემურ ქეცბაია კი სათავეში სრულიად გაურკვეველი პერსპექ¬ტივების, შესაძლებლობების, ძალის  და საერთოდ, გაურკვეველი მომავლის გუნდს ჩაუდგა. გუნდს, რომელსაც “ჯვაროსნებს” ეძახიან და საქართველოს ნაკრებს თუკი რამე აქვს “ჯვაროსნული”, ეროვნული დროშის ფერების გარდა, ალბათ, ის არის, რომ ევროპელი ჯვაროსნებივით, ჩვენი ფეხბურთელები ძირითადად, ტრაბახში არიან მაგრები. არადა, როცა საქმე-საქმეზე მიდგა, თურ-ქებმა ნამდვილი ჯვაროსნები კონსტანტინოპოლიდან გამოაპანღურეს, ქართველი `ჯვაროსნები” კი, თურქებს ვინ ჩივის, თვით მალტამ და ისლანდიამაც კი დაამარცხა. თემურ ქეცბაიამ უსაზღვროდ დიდი ტვირთი აიკიდა და ადამიანურად, მისი ეს ნაბიჯი ნამდვილად იმსახურებს, მინიმუმ, მოწონებას მაინც.
 2010 წელს, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი იწყება.  საქართველოს ეროვნული გუნდი ახლა იმ მდგომარეობაშია, როდესაც ამბიციებით გაძეძგილი ქართველი გულშემატკივარიც კი ვერ “იკადრებს” ჯგუფიდან გასვლაზე ოცნებას, თუმცა, ღირსების აღდგენისთვის, თუნდაც მომავალი შესარჩევი ეტაპი ნამდვილად შეიძლება გამოვიყენოთ. სულაც არ მიხარია ამ ყბადაღებულ “ღირსების აღდგენას” ასე პათეტიკურად რომ ვამბობ, მაგრამ ის ტალახი და ლაფი, რაც ბოლო დროს ყველგან და ყველასთან დამარცხებებით ქართულ ფეხბურთს შეესხა, აუცილებლად უნდა ჩამოვირეცხოთ. ნამუსის მოწმენდა კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც, მწვრთნელსაც და ფეხბურთელებსაც სირცხვილის გრძნობა გააჩნიათ და მარცხის მიზეზებს სადმე ჩრდილოეთის ტრიბუნის მეორე იარუსზე მჯდომ ქომაგებში არ ხედავენ.
 ქეცბაიამ უკვე მიიღო იმის პირობა, რომ მის საქმეებში არც ფედერაცია და არც სახელწიფო ჩაერევა. არ არის დასაწყისისთვის ცუდი პირობა. საქმე გაკეთდეს და ვინ არის ხმის ამომღები?..


ლევან სეფისკვერაძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100303