ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის “ოქროს გრანპრიზე” ქართველი მოჭიდავეები 4 ოქროს მედლისთვის იბრძვიან. სპორტის სასახლეში დღეს დაწყებულ ტურნირზე მედლები თავისუფალ სტილში 60 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში თამაშდება, ხოლო ბერძნულ-რომაულში – 55, 66 და 96 კილოგრამებში.
საქართველოს ნაკრები შეჯიბრზე გაფართოებული შემადგენლობით გამოდის. დღეს ხალიჩაზე 38 ქართველი გავიდა და მათგან 15 მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს.
დილის პროგრამა, მალხაზ ქურდიანმა (60 კგ), ლევან ბერიანიძემ (120 კგ), ლაშა გოგიტაძემ (55 კგ) და ვასილ იმერლიშვილმა (96 კგ) წაუგებლად ჩაამთავრეს და ჩემპიონობას თითო გამარჯვება აშორებთ. რეპეშაჟის ფინალში კი მალხაზ ზარქუა (60 კგ), დავით მოძმანაშვილი, კობა კერესელიძე (ორივე 120 კგ), მინდია წულუკიძე, ზურაბ კეკელიძე, გიორგი გვენეტაძე (55 კგ), მუხრან მაჭუტაძე, ანტონ მამაგეიშვილი (66 კგ), იოსებ ჯაბიძე, სერგო ნინუა და მიხეილ ქაჯაია (96 კგ) იჭიდავებენ.
17:00 საათზე “ოქროს გრანპრის” ოფიციალური გახსნის ცერემონიალი შედგება, ხოლო ფინალური შეხვედრები 18:00 საათიდან იგეგმება.
ოთარ მაღლაკელიძე







