იმისათვის რომ დიდ ფეხბურთელად იქცე, მხოლოდ სწრაფად სირბილი, კარში ზუსტად დარტყმა და წამის მეასედებში სწორი გადაწყვეტილების მიღება არ კმარა. აუცილებელია ასევე საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნა - ამ გამოთქმის ფართო გაგებით. თუნდაც, უმაღლესი კლასის ფეხბურთელიც რომ იყოთ, მაგრამ კარიერა საშუალო დონის კლუბებში გალიოთ, გულშემატკივარს მხოლოდ “სოფლის საუკეთესო მოთამაშედ” ამახსოვრდებით.
ასეთი სევდიანი დასასრულისკენ მიდიოდა დიეგო მილიტოს კარიერაც. შესანიშნავი არგენტინელი ბომბარდირი ჯიუტად ამტკიცებდა საკუთარ შესაძლებლობებს, მაგრამ დიდი კლუბების მხრივ არა და არ უმართლებდა. 30 წელს ისე მიაღწია (მართალია, ეს საპენსიო ასაკი არ არის, თუმცა, მისგან არც შორსაა), რომ მხოლოდ ერთი ტიტული ჰქონდა მოგებული - ისიც შორეულ 2001 წელს, “რასინგთან” ერთად არგენტინის ჩემპიონი გახდა.
ფორტუნისგან განებივრებული არც დიეგოს ძმა, გაბრიელია (ამ უკანასკნელს ხშირად ტრავმები აწუხებს), თუმცა, მას შედარებით გაუმართლა - “ბარსელონაში” თამაშობს. თავდამსხმელ მილიტოს კი, ევროპული გრანდები აქამდე რატომღაც იგნორირებდნენ. არადა, წლების განმავლობაში ის მაღალშედეგიან ფორვარდად ითვლებოდა. არგენტინიდან ევროპაში გადმობარგებულმა დიეგომ, სერია B-ში გატარებულ სეზონნახევარში 34 გოლის გატანა მოახერხა. 2005 წელს კი, მისი იტალიური კლუბი მატჩების ჩაწყობაში დაადანაშაულეს და კიდევ უფრო ქვედა ლიგაში დააქვეითეს.
“ჯენოას” სერია C-ში “დეპორტაცია” სამხრეთამერიკელი თავდამსხმელის კარიერული წინსვლისთვის ბიძგის მიმცემ ფაქტორად იქცა. მილიტოს ტალანტი იტალიის მე-3 ლიგაში “დაჭკნობისგან” იმ პერიოდში ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მოასპარეზე “სარაგოსამ” იხსნა, სადაც არგენტინელი ფორვარდი თავის ძმას შეუერთდა. არც მანამდე და არც მის შემდეგ, ძმებს ერთად არ უთამაშიათ. ამგვარი რამ იშვიათად ნაკრებში ხდებოდა და ისიც მხოლოდ ეპიზოდურად - ხან დიეგოს არ ეძახდნენ ეროვნულ გუნდში და ხანაც გაბრიელი იყო ტრავმირებული.
უფროსმა მილიტომ პრიმერას მალევე აუღო ალღო და გოლეადორის თვისებების გამოვლენა თავიდანვე მოახერხა. “სარაგოსაში” გატარებულ სამ სეზონში არგენტინელმა ბომბარდირმა ჯამში 61 გოლი გაიტანა. ამის მიუხედავად, მილიტოების გუნდს საკმაოდ მოკრძალებული ამოცანების გადაჭრა უწევდა, 2007-08 წლების სეზონში კი, ესეც ვერ მოახერხა და “სარაგოსა” ესპანურ ელიტას გამოეთხოვა.
არგენტინელს სეგუნდა დივიზიონში თამაშის პერსპექტივა, რა თქმა უნდა, არ ხიბლავდა და მანაც ხსნა ძველ ნაცნობებში იპოვა. დიეგო კვლავ “ჯენოას” დაუბრუნდა, რომელიც იმ დროისთვის კვლავ სერია A-ში იყო აღზევებული. იტალიურ ელიტაში ჩატარებულ პირველივე სეზონში “პრინცმა” (მილიტომ ეს მეტსახელი “ჯენოაში” თამაშის პირველ პერიოდში მიიღო) 24-ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება. 30 წლის იუბილეზე კი, მის ყველაზე დიდ საჩუქრად “ინტერის” მიერ შეთავაზებული წინადადება გახდა - როგორც იქნა, დიეგო მილიტოს შეძენის სურვილი ნამდვილმა გრანდმა გამოთქვა!
არგენტინელის ტრანსფერით “ჯენოამ” ფინანსურად სერიოზული მოგება ნახა - 13 მილიონ ევროდ შეძენილი მილიტო “ნერაძურის” 25 მილიონად მიჰყიდა. საბოლოდ, ამ გარიგებით ყველა მოგებული დარჩა - “ჯენოამ” საკლუბო ხაზინა შეავსო, “ინტერმა” მნიშვნელოვნად გაზარდა საკუთარი შეტევითი პოტენციალი, “პრინცმა” კი ბოლოს და ბოლოს გრანდში ადგილის დამკვიდრების უნიკალური შანსი მიიღო.
22 მაისის მადრიდული ფინალის შემდეგ, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამხრეთამერიკელმა გოლეადორმა საკუთარი შანსი სრულად გამოიყენა. “სან სიროზე” მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა (ჯამში 30 გოლი გაიტანა) და მილიტომ მიიღო ის, რაზეც აქამდე მხოლოდ ოცნებობდა - ტიტულები. მოიგო იტალიის ჩემპიონატი და თასი, ხოლო, რაც არგენტინელმა შაბათს “სანტიაგო ბერნაბეუზე” გააკეთა, ტიტულზე უფრო მეტია. 2 გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელმაც გადამწყვეტი მატჩის საბოლოო შედეგი განსაზღვრა - სპეციალისტთა აღიარებით, ეს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ადგილის დამკვიდრების სრული გარანტიაა.
ასე რომ, 2010 წლის 22 მაისს, უბრალო “პრინცი” ნამდვილ “მეფედ” იქცა. სიმბოლურია, რომ ეს ევროპის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, მადრიდის “რეალის” საშინაო არენა “სანტიაგო ბერნაბეუზე” მოხდა. ასე რომ არ ყოფილიყო, ზღაპარს არასწორი დასასრული ექნებოდა...
ახლა მილიტოების ოჯახში ჩემპიონთა ლიგის უკვე 2 თასია - თითო ორივე ძმაზე...
ლუკა ანდრიაძე









