დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები ჩატარდა. მარტვილის “მერანისა” და “ზუგდიდის” შეხვედრას, ორივე გუნდის შეთანხმებით, ქუთაისმა უმასპინძლა. მოგეხსენებათ, სამტრედიაში “შუქურასთან” თასის თამაშზე მომხდარი ინციდენტის გამო “მერანი” დაისაჯა და ამიტომ გახდა ამ მატჩის ჩატარება საჭირო ქუთაისში, უმაყურებლოდ.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ორივე მეგრული გუნდი უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვის და თითოეულ ქულას მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით მარტვილელებისთვის, რადგან “მერანს” ეს თამაში თავის ერთ-ერთ კონკურენტთან რომ წაეგო,პირველ ლიგაში დაქვეითება გარდაუვალი იყო, ახლა კი მცირე, მაგრამ შანსი მაინც შეინარჩუნა.
მატჩის საწყისი 15 წუთში ზუგდიდელები უკეთ გამოიყურებოდნენ და პირველი სახიფათო მომენტი სწორედ მათ შექმნეს. სიხარულიას მიერ შესრულებულ საჯარიმო დარტყმას თითქოს უპრობლემოდ უნდა დაუფლებოდა მამალაძე, თუმცა ბურთი ხელიდან გაუვარდა, რითაც მეტოქემ ვერ ისარგებლა.
მე-9 წუთზე მეტოქეს კიჭი მელიავამ უპასუხა შეტევით, მისი ჩაწოდებული ბურთი “ზუგდიდის” მცველებმა კუთხურზე მოიგერიეს.
თამაში საკმაოდ გახსნილი იყო და ორივე გუნდს ექმნებოდა ხელსაყრელი მომენტები ამგარიშის გახსნისთვის, თუმცა ხან მცველები თამაშობდნენ კარგად, რიგ ეპიზოდებში კი მეკარეები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, ალბათ უფრო მამალაძე, რადგან მან ორჯერ აშკარა გოლისგან იხსნა საკუთარი გუნდი.
მატჩის 29-ე წუთზე “მერანელთა” 12 ნომერმა ალექსი ბენაშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა. ბენაშვილმა “ზუგდიდის” საჯარიმოს გარედან დაარტყა - ბურთი კარის მარჯვენა მაღალ კუთხეში გავიდა.
41 –ე წუთზე “მერანს” ანგარიშის გაზრდაც შეეძლო, კიჭი მელიავამ ითამაშა შესანიშნავად, იგი ერთ მცველს გაცდა და გამოზომილი პასით დათა ციცხვაია გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, ციცხვაიას ბურთი წინ გაექცა და სიტუაციაც განიმუხტა.
მეორე ტამის დაწყებამდე “ზუგდიდელთა” მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ ორმაგი ცვლილება განახორციელა და პასიურად მოთამაშე კალანდარიშვილის და კობერიძის ნაცვლად, წიტაიშვილი და სამუშია შეიყვანა, მართალია სამუშიამ და წიტაიშვილმა სტუმრების თამაშს უფრო მეტი სიმწვავე შემატეს, თუმცა თამაშის გადარჩენა ვერ შესძლეს.
მატჩის 59-ე წუთზე პაპუნა ფონიავამ ითამაშა კარგად და ფლანგზე ლევან გეგეჭკორი მოძებნა ზუსტი ფასით, გეგეჭკორი მეტოქე გუნდის საჯარიმოში შევიდა და მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა 2-0.
“ზუგდიდმა” თამაშის გადარჩენა სცადა და რამდენიმე მწვავე იერიში განახორციელა მერანის კართან, ყველაზე რეალური შანსი სამუშიას ჰქონდა, მისი შორეული დარტყმა კარში წავიდა და რომ არა მამალაძე, ანგარიში 2-1 გახდებოდა, “ზუგდიდის” ყოფილმა მეკარემ კარგი რეაქცია გამოავლინა და კუთხურზე მოიგერია ბურთი.
“ზუგდიდმა” მაინც შეძლო გოლის გატანა ოღონდ პრესტიჟის, 77- ე წუთზე ცოტნე სამუშიამ კარგი გადაცემა გაუკეთა ნიკოლოზ აფაქიძეს საჯარიმოში, ამ უკანასკნელმა კი მეკარე უშანსოდ დატოვა.
დარჩენილ წუთებში სტუმრები ბევრს ეცადნენ, თუმცა “მერანმა” შეძლო ანგარიშის შენარჩუნება და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.
ზურაბ იონანიძე: “ საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ. ბიჭებმა იბრძოლეს და ამან შედეგიც გამოიღო. შანსი არის და ამ შანსის გამოყენებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ”.
გიორგი დარასელია: “ ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვარ, ასეთი თამაშით ძნელია შედეგზე იფიქრო. შევეცდებით მომდევნო თამაშებში გამოვასწოროთ ეს შეცდომები”.
ქუთაისი. 12 აპრილი. ცენტრალური სტადიონი. უმაყურებლოდ.
”მერანი” – “ზუგდიდი” 2-1 (1-0)
“მერანი”: მამალაძე, მელიავა, იობაშვილი, რაფაელი, გაბუნია, ჯოჯუა, ფონიავა (ჩხეტიანი 70), გეგეჭკორი, ბენაშვილი, ბაბუნაშვილი ( ჯღამაია 56), ციცხვაია ( კუჭუხიძე 64)
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ იონანიძე
“ზუგდიდი”: ქვილითაია, გუგუჩია, სიხარულია, ქათამაძე, კალანდარიშვილი ( წიტაიშვლი 46), აფაქიძე, კირკიტაძე, ქებაძე, სამუშია, ჯავაშვილი, კობერიძე ( სამუშია გ. 46)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია
გოლები: ბენაშვილი (29), გეგეჭკორი (59), აფაქიძე (77)
გაფრთხილება: ჯოჯუა (5), სიხარულია (68), აფაქიძე (78), გეგეჭკორი (88)
მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი)
ედემი ელერჯია







