ჭადრაკი

21:01 | 28.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მელიამ და ხურცილავამ ჯავახიშვილის თხოვნა არ გაითვალისწინეს

 

29 მაისს ჩინეთში მიემგზავრება საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში, ეროვნული ნაკრების წევრი ლელა ჯავახიშვილი, რომელიც 30 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით ქალთა საჭადრაკო სუპერტურნირში იასპარეზებს.

ჩინეთში გამგზავრების წინ “მსოფლიო სპორტი” ლელა ჯავახიშვილს ესაუბრა.

-    თუ შეიძლება მოკლედ გვიამბეთ იმ ტურნირის შესახებ, რომელსაც ჩინეთი 30 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით მასპინძლობს?

-    ჩემთან ერთად აღნიშნულ ტურნირში ჩინეთის 8 საუკეთესო მოჭადრაკე და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვალენტინა გუნინა (რუსეთი) მონაწილეობენ. შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთის ჩემპიონატია, რომელშიც ამ ქვეყნის ყველა წამყვანი მოჭადრაკე ითამაშებს. ტურნირის საპრიზო ფონდი იმდენად დიდია, რომ მარტო გამარჯვებული 10 000 ამერიკულ დოლარს მიიღებს.

-    თუ ჩინეთის სუპერტურნირში აპირებდით მონაწილეობას, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში რატომ გამოთქვით მონაწილეობის სურვილი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს?

-    ჩინეთის აღნიშნულ ტურნირში 3-15 მაისს იყო დაგეგმილი. ორივე ტურნირში ვასწრებდი მონაწილეობას და ამიტომ დავთანხმდი. ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, ჩინელებმა ტურნირის დაწყების თარიღი 3-ის ნაცლად 30 მაისისთვის გადმოიტანეს.

იმდენად დიდი იყო ჩემთვის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი, რომ თხოვნით მივმართე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას, რათა საქართველოს ჩემპიონატი იმ დროსთვის გადაეტანა, ჩინეთის სუპერტურნირს არ დამთხვეოდა. ჩემპიონატის ორგანიზატორებთან ერთად, ტურნირის მონაწილე სპორტსმენთა უმეტესობა თანახმა იყო ჩემი მოთხოვნა გაეზიარებინა, მხოლოდ ორი მოჭადრაკე წავიდა წინააღმდეგ და საქართველოს ჩემპიონატის ჩატარების თარიღი ძალაში დარჩა.

-    ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე რომელმა მოჭადრაკეებმა არ გაითვალისწინეს თქვენი თხოვნა?

-    სალომე მელიამ და ინგა ხურცილავამ.

-    მელიამ და ხურცილავამ რა მიზეზით არ გაითვალისწინა თქვენი თხოვნა?

-    მელიას და ხურცილავას მიზეზით არ დაუსახელებიათ.

-    აღნიშნულიდან გამომდინარე, იძულებული გახდით არჩევანი გაგეკეთებინათ. რატომ აირჩიეთ ჩინეთის სუპერტურნირი?

-    ჩემს არჩევანს ბევრი მიზეზი აქვს. დიდ საპრიზო ფონდზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ჩინეთის ტურნირში ამ ქვეყნის ყველა წამყვანი მოჭადრაკე მონაწილეობს. რომლებიც ქალთა საჭადრაკო კლასიფიკაციაში მოწინავეთა შორის იმყოფებიან. ნებისმიერ მოჭადრაკეს სურს, რომ სუპერტურნირში მონაწილეობით სათამაშო კლასი აიმაღლოს. ჩემთვის ამ შანსის ხელიდან გაშვება სისულელე იქნებოდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩინეთის საკლუბო ჩემპიონატში ვთამაშობ, სადაც ჩვენი, ქალაქ ტიან ჯინის საჭადრაკო კლუბი, 12 გუნდს შორის ოთხი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე იმყოფება.

-    როგორ არის ჩინეთის ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდი დაკომპლექტებული?

-    თითოეულ გუნდში 3 მამაკაცი და 2 მანდილოსანი თამაშობს.

-    თქვნს გარდა ჩინეთის საკლუბო ჩემპიონატში ქართველი მოჭადრაკეებიდან სხვაც ხომ არ მონაწილეობს?

-    ბაადურ ჯობავა თამაშობს, მაგრამ არ მახსოვს, რომელი გუნდის სახელით გამოდის.

0.166981