ბოლო სეზონები: კლუბის ისტორიაში საუკეთესონი
“მემფისის” დღევანდელმა კონტინგენტმა ბოლო 2 წლის განმავლობაში კლუბის ისტორიაში საუკეთესო სეზონები ჩაატარა, თუმცა იმის ფონზე, რომ დასავლეთ კონფერენციაში 2012-13 წლების რეგულარულის წინ მოწინააღმდეგეები ძალიან გაძლიერდნენ, “გრიზლისს“ მათ შორის ჩაკარგვის საშიშროება საკმაოდ გაიზარდა. “მემფისის“ ხელმძღვანელობამ გაუფორმა მაქსიმალური კონტრაქტი რუდი გეის და მარკ გაზოლს და ამით სახელფასო ლიმიტი პრაქტიკულად შეავსო, ზაფხულში დრაფტზე ხელსაყრელი არჩევანის საშუალება არ ჰქონდა და შესაბამისად, არ დაიტოვა არანაირი შანსი გუნდში “ახალი სისხლის“ გადასხმისა. ძირითადი ყურადღება გადატანილი იქნა კლუბის ძირითადი საყრდენი მოთამაშეების შენარჩუნებაზე. თუმცა დანაკრგი მაინც იყო, კლუბის რიგები დატოვა ო ჯეი მეიომ, მაღალი დონის უკანახაზელმა, რომელთან განშორების მთავარ მიზეზად მისი მძიმე ხასიათი დასახელდა.
მთავარი მწვრთნელი: ლიონელ ჰოლინზი
ლაიონელ ჰოლინზი წარსულში ბრწყინვალე მოთამაშე გახლდათ, საჩემპიონო ბეჭდის მფლობელია (1978 წელს “პორტლენდის” რიგებში), ნათამაშები აქვს ყველა ვარსკვლავთა მატჩში (1978 წ), შეყვანილია საუკეთესო დამცველთა პირველ ხუთეულში (1978). გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ მაღალი დონის გამთამაშებელი საკმაოდ ჭკვიან და წარმატებულ მწვრთნელად ჩამოყალიბდა. “მემფისში“ მოღვაწეობის პირველ წელს, მის გადაწყვეტილებას, “ბეჰემოტად” წოდებული ზაკ რენდოლფი გუნდის ლიდერად გარდაექმნა, ყველა საკალათბურთო სპეციალისტი ღიმილით შეხვდა, თუმცა 2010-11 წლების სეზონის პლეი ოფის პირველ რაუნდში მე-8 ნომრად განთესილმა “მემფისმა“ სწორედ რენდოლფის დომინანტური თამაშით გამოთიშა ბრძოლას დასავლეთ კონფერენციის პირველი ნომერი “სან ანტონიო“, ნახევარფინალში კი მხოლოდ მე-7 მატჩში წააგო სერია “ოკლაჰომასთან“. დღესდღეობბით ჰოლინზს წინა წლებთან შედარებით გაცილებით შეთამაშებული და გამოცდილი კონტინგენტი ჰყავს, რომელიც სწრაფ და აგრესიულ კალათბურთს თამაშობს. მიუხედავად კლუბში სუპერვარსკვლავის არყოფნისა, “გრიზლები“ წარმატებას ძირითადად გუნდური ქმედებებით აღწევენ.
უკანა ხაზი: დაცვის ბურჯები
ლაიონელ ჰოლინზის ხელში საშუალო დონის გამთამაშებელი მაიკლ კონლი ნელ-ნელა ძალიან ძლიერ პირველ ნომრად ჩამოყალიბდა, რომელსაც “მემფისის” სასტარტოში დაბლების შესანიშნავი დუეტი აქვს შექმნილი ტონი ალენთან. ეს წყვილი შესანიშნავია როგორც პერსონალური, ასევე ზონური დაცვისას. მათ წინააღმდეგ თამაში ნებისმიერ გუნდს უჭირს და ყურადღების მოდუნების შემთხვევაში, ისინი მზად არიან, მწარედ დასაჯონ მეტოქე, როგორც ახლო, ასევე შორეული დისტანციებიდან. კონლის ძალიან კარგად შეუძლია სათამაშო ტემპის კონტროლი და საკმაოდ კარგად ასრულებს უმთავრეს მოვალეობას, შეტევაში შედეგიანი პასებით რეგულარულად ამარაგებს წინა ხაზის მოთამაშეებს.
http://www.youtube.com/watch?v=mt3U5VR604c
წინა ხაზი: მთავარი დამრტყმელი ძალა
“მემფისის” მთავარ მამოძრავებელ ძალას წინა ხაზი წარმოადგენს. მაღლების ტრიო: რუდი გეი – ზაკ რენდოლფი – მარკ გაზოლი ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ ნბა-ში. მათში გაერთიანებულია წარმატების თითქმის ყველა კომპონენტი; რუდი გეი არის მოთამაშე, რომელსაც ყველაფერი შეუძლია საკალათბურთო მოედანზე, იგი ერთნაირი წარმატებით უტევს როგორც საშუალო, ასევე შორი დისტანციიდან, საშუალოდ 20 ქულას აგროვებს. ეს ციფრები კი იმას მიუთითებს, რომ რუდი ნელ-ნელა ვარსკვლავის სტატუსისკენ მიიწევს, თუმცა დაცვაში თამაში, რა თქმა უნდა, გამოსასწორებელი აქვს.
http://www.youtube.com/watch?v=TvKrBsuvOQQ
ზაკ რენდოლფი თავისი ფიზიკური მონაცემებით დომინირებს სამწამიან ზონაში. მიუხედავად იმისა რომ საკალათბურთო სპეციალისტები მას ათლეტიზმს უწუნებენ, მაინც ყველას ძალიან უჭირს “მემფისის” სამწამიან ზონაში ქულების დაგროვება. ნბა-ში თითქმის არ მოიძებნება მარკ გაზოლის გაბარიტების ცენტრი, რომელიც ასეთი მოძრავი იყოს, ჰქონდეს ძალიან კარგი დაყენებული საშუალო ტყორცნა და გააჩნდეს უნარი, აქტიური ქმედებებით მიიზიდოს რამდენიმე მოწინააღმდეგე და შემდეგ წარმატებით მოასწროს ბურთის პერიმეტრზე ატანა. ბოლო ორი სეზონია, მარკი არაფრით ჩამოუვარდება თავის უფროს ძმას პაუს. ამ ტრიოს სათადარიგოთა სკამიდან თუ დავუმატებთ ჰამედ ჰადადის, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიანად ნბა-ში თუ არა, დასავლეთ კონფერენციაში ერთ-ერთი საუკეთესო წინა ხაზი “გრიზლისს“ ჰყავს.
http://www.youtube.com/watch?v=IO1DJlBXGW8
სათადარიგოთა სკამი: ჯერიდ ბეილეისი, უეინ ელინგტონი
2011-12 წლების სეზონის პლეი ოფის პირველ რაუნდში “მემფისი” “ლოს ანჯელეს კლიპერსთან” დამარცხდა ანგარიშით 3:4 და გამოეთიშა საჩემპიონო ბრძოლას. “მემფისი” ბრწვინვალედ იდგა დაცვაში, თუმცა მეტოქე კალათბურთელების - ნიკ იანგის, მო უილიამსის და კრის პოლის იშვიათ წარმატებულ სამქულიანებს პრაქტიკულად ვერავინ პასუხობდა ჰოლინზის გუნდიდან. უკანა ხაზმა პერიმეტრიდან შეტევა აბსოლიტურად ჩააგდო და სწორედ ამ ნაკლის გამოსასწორებლად, გუნდში მიიწვიეს უეინ ელინგტონი და ჯერიდ ბეილესი. მათ დაცვაში ზედმიწევნით თამაშს არავინ მოსთხოვს, ისინი მომავალ სეზონში სათადარიგო მოთამაშეთა ფუნქციას მოირგებენ და უბრალოდ საჭირო მომენტში მატჩში 2-2 სამქულიანს თუ ჩააგდებენ, მათი ნაჩვენები შედეგით ყველა კმაყოფილი დარჩება.
სასტარტო ხუთეული: მაიკლ კონლი – ტონი ალენი – რუდი გეი – ზაკ რენდოლფი – მარკ გაზოლი
გუნდის ლიდერების სტატისტიკური მონაცემები საშუალოდ მატჩში
ქულები: გეი 19,3
მოხსნები: რენდოლფი 10,2
გადაცემები: კონლი 7,3
ჩაჭრები: ტონი ალენი 2,1
დაფარებები: მარკ გაზოლი 2,1
დაკარგვა: კონლი 2,4
დასკვნა: “მემფისი” ჩემპიონობის ერთ-ერთი ყველაზე ფარული პრეტენდენტია, რომელიც მოგვაგონებს რამდენიმე წლის წინანდელ “დალასს”, რომელსაც არავინ მიიჩნევდა მთავარ ფავორიტად და სწორედ ამ მოულოდნელობის ფაქტორის დიდი დახმარებით მოახერხა წარმატების მიღწევა. ერთი რამ კი უდავოა - პლეი ოფის პირველ ეტაპზე არავის სურს “მემფისთან” დაპირისპირება, რადგან ადრეულ სტადიაზე არ უნდათ ძალისმიერი კალათბურთის მოთამაშე “გრიზლისთან“ ჭიდაობა და 100% დახარჯვა. გასულ სეზონში რენდოლფის მძიმე ტრავმა კარიერის ბოლომდე შეიტანს უარყოფით ცვლილებებს “ბეჰემოტის” თამაშში, თუმცა მიუხედავად ამისა, მისი დუეტი მარკ გაზოლთან მაინც ძალიან სოლიდურად გამოიყურება. დუაიტ ჰოვარდის დასავლეთ კონფერენციაში გადმობარგება სერიოზული დარტყმა იქნება “მემფისისთვის”. “ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ და მისი კალიბრის გრანდებთან კონკურენციისთვის გუნდს აუცილებლად დასჭირდება გრძელი სათადარიგოთა სკამი, რაც დღესდღეობით არ გააჩნია. ეს ფაქტორი შეიძლება საბედისწეროც აღმოჩნდეს. თუმცა, კლუბში ისეთი ფუნდამენტია ჩაყრილი, რომ მომავალში მასზე უფრო დიდი გუნდის აშენებაც თავისუფლად შეიძლება.
გიორგი ბარბაქაძე









