საქართველოს ძიუდოს ფედერაციას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილით მეორე კანდიდატმა, დავით ხახალეიშვილმა მიმართა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რომელიც ძიუდოს ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო და ბოლო პერიოდში, გიორგი ალექსიძის გადადგომის შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობა დროებით გადაიბარა, ამჯერად ოფიციალურად გაპრეზიდენტებას გეგმავს და ფედერაციაში განაცხადიც წარმოადგინა.
შეგახსენებთ, ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 26 ნოემბერს გაიმართება და დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი სწორედ საპრეზიდენტო არჩევნები იქნება. პრეზიდენტობის მსურველთა განაცხადების შეტანის ვადა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე იწურება. ამ დროისთვის ფედერაციაში ორი კანდიდატის განაცხადი დევს. ხახალეიშვილამდე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ფედერაციის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა ხაბარელმა გამოთქვა.
ამრიგად, ძიუდოს ფედერაციაში საკმაოდ საინტერესო და დაძაბული არჩევნებია მოსალოდნელი. ბოლო წლებისგან განსხვავებით, როდესაც მთავრობისთვის მისაღებ კანდიდატს საოცარი ერთსულოვნებით ირჩევდნენ.
ოთარ მაღლაკელიძე







