ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური აქტიურ სპორტს მეორედ და უკვე საბოლოოდ დაემშვიდობა. ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი რამდენიმე დღის წინ კოალიცია “ქართულ ოცნებას” შეუერთდა. სპორტული კარიერის დასრულების შესახებ კი დღეს, “მსოფლიო სპორტთან” საუბარში განაცხადა.
“გული მტკივა, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება ვერ შევძელი. სპორტული კარიერის დასრულება უმძიმესი რამაა და ამაში ჯერ კიდევ შარშან იანვარში დავრწმუნდი, როდესაც სპორტის სასახლეში ძიუდოდან გამაცილეს. მძიმე ტრავმები ვარჯიშის საშუალებას აღარ მაძლევდა და ტატამს მთლიანად რომ არ ჩამოვშორებოდი, მწვრთნელობა დავიწყე. ბიჭებთან მუშაობამ დიდ ტატამზე გასვლის სურვილი უფრო გამიმძაფრა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, სპორტს დავუბრუნდი. ბოლო თვეებში ისეთი მონდომებული ვიყავი, როგორც არასდროს. ბეჯითად ვვარჯიშობდი, ტურნირებზეც ვჭიდაობდი, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ტკივილის ხარჯზე. ძველი ტრავმები ისევ მაწუხებდა. მწყობრში ჩასადგომად რამდენიმე ოპერაცია და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესი გარდაუვალი გახდა. ამიტომ, მძიმე გადაწყვეტილება მეორედ მივიღე. ისევ იძულებით. ძალიან მწყდება გული. მადლობა გულშემატკივრებს დიდი სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის. რაც შეეხება ჩემს მიერ არჩეულ ახალ გზას, ამაზე ბოლო დროს ბევრი ვიფიქრე. დარწმუნებული ვარ, სწორი პოზიცია დავიჭირე. ამ ნაბიჯით ქართული ძიუდოს და მთლიანად სპორტის მხარში დგომას შევძლებ. ჩემს ირგვლივ იმდენი უსამართლობა დაგროვდა, სხვანაირად არც შემეძლო”, – განაცხადა ზვიადაურმა.
ოთარ მაღლაკელიძე







