ფეხბურთი

22:37 | 26.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხედფინალის საგზურის მფლობელი თბილისში გაირკვევა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველ მერვედფინალურ მატჩში ქუთაისის ,ტორპედომ’’ ,,გაგრას’’ უმასპინძლა. ბოლო წლებში, ,,გაგრამ’’ სათასო გუნდის იმიჯი შეიქმნა. მათ 2011 წელს ფინალურ მატჩში, სწორედ ტორპედოელები დაამარცხეს და საქართველოს თასი მოიპოვეს, ხოლო შარშან ნახევრაფინალში მომავალ გამარჯვებულთან, გორის ,,დილასთან’’ დამარცხდნენ.
მატჩის დაწყებას წინ წუთიერი დუმილი უძღოდა. ფეხზე ამდგარმა მაყურებელმა პატივი მიაგო ქუთაისის ,,ტორპედოს’’ პირველი პრეზიდენტის, ემელიანე გორდაძის ხსოვნას.
თამაში საკმაოდ დუნედ დაიწყო და ტაიმის მესამედიც ასევე მიილია. ორივე გუნდი ზედმეტად ფრთხილობდა და აქცენტი, ძირითადად, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ჰქონდათ გადატანილი. პირველი მეტნაკლებად სახიფათო მომენტი, მასპინძლებმა მე-17 წუთზე შექმნეს: ტუღუშის გამიზნული დარტყმა საკმაოდ სუსტი გამოდგა და ბეგაშვილს მისი დაუფლება არ გასჭირვებია. თითქმის მაშინვე, ისევ ტუღუში ურტყამდა თავით ახლო მანძილიდან, მაგრამ ბურთი ხარიხას ზევიდან გადაევლო. იგივე ბედი ეწია ტრამვამოშუშებული დათუნაიშვილის შორეულ გასროლასაც.
ნახევარი საათის მიწურულს, სტუმრებმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს წესი დაარღვიეს. სტანდარტულის შესრულება ტუღუშმა ითავა, მაგრამ მისი მოჭრილი დარტყმა ოდნავ ასცდა მიზანს.
35-ე წუთზე, გრიგალაშვილის მახვილგონივრული პასის შემდეგ, ბერიაშვილი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თუმცა ბეგაშვილმა კარი დროულად დატოვა, ფორვარდს ბურთთან წამით მიასწრო და სიტუაცია განმუხტა.
5 წუთის შემდეგ, ისევ ბერიაშვილმა იაქტიურა. დოლიძის განივ გადაცემას ძლიერი დარტყმა მოაყოლა, მაგრამ სამიზნემ უმტყუნა.
ტაიმის მიწურულს, ქუთათურებმა ერთი სახიფათო შეტევა კიდევ განახორციელეს. ტუღუშის გამიზნული პასის შემდეგ დოლიძე ურტყამდა ხელსაყრელი პოზიციიდან. ბეგაშვილი ამჯერადაც უნაკლოდ გაისარჯა.
შეხვედრის მეორე ნახევარი განსხვავებული სცენარით წარიმართა. ორივე გუნდების დამრიგებლებმა შეცვლებს მიმართეს და შეტევის ხაზის გაძლიერება სცადეს. ამან, გაგრელებზე უფრო პოზიტიურად იმოქმედა. სტუმრებმა ნელ-ნელა თამაში დაალაგეს და კონტრშეტევებიც წამოიწყეს. განსაკუთრებული აქტიურობით ჯერემია გამოირჩეოდა, რომელიც განუწყვეტლივ მანევრირებდა და ტორპედოელთა მცველებს მოსვენებას არ აძლევდა.
51-ე წუთზე, ტუღუშის ინდივიდუალურ გარღვევას ძლიერი დარტყმა მოჰყვა, ბურთი ოდნავ ასცდა კარის ძელს. თითქმის მაშინვე, მაგაჯი თავის ვიზავის დაუსხლტა და საჯარიმოს მიახლოვებულმა მოჭრილი დარტყმა განახორციელა. ნიგერიელის მცდელობაც უზუსტო გამოდგა.
57-ე წუთზე, მასპინძლები ანგარიშის გახსნასთან ძალიან ახლოს იყვნენ. დოლიძის გამჭოლ ჩაწოდებას, მეკარის ბაქანზე მყოფი საბანაძე თავით გამოეხმაურა, თუმცა სამიზნის დალაშქვრა ვერც მან მოახერხა. იმავე წუთზე, გრიგალაშვილიც ცდილობდა თავის გამოჩენას, მაგრამ ხელსაყრელი მდგომარეობიდან მისი დარტყმის შემდეგ, ბურთი მეტოქის ბადეს გარედან შეეხო.
65-ე წუთზე შეცვლაზე შესულებმა ჯერემიამ და ივანიშვილმა შესანიშნავი ორსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რის შედეგადაც, ეს უკანასკნელი სახიფათოდ ურტყამდა, მაგრამ მიგინეიშვილი ჩინებულად გაისარჯა და თავისიანები აშკარა უსიამოვნებისგან იხსნა.
ანგარიში 70-ე წუთზე გაიხსნა: ქუთათურთა მორიგი შეტევისას, სტუმრები საკუთარი საჯარიმოს კუთხესთან დაჯარიმდნენ; სტანდარტულის შესრულება გიორგი ონიანმა ითავა და ტორპედოელთა რიგებში თავისი სადებიუტო მატჩი, გატანილი გოლით აღნიშნა – 1:0.
მასპინძელთა სიხარული სულ 3 წუთს გაგრძელდა. ტორპედოელთა მცველების მიუტევებელი შეცდომით ჯერემიამ კარგად ისარგებლა, მიგინეიშვილთან პირისპირ გავიდა და ქუთათურთა კარი აუღელვებლად დალაშქრა – 1:1.
ამის შემდეგ, გაგრელებმა შედარებით უკან დაიხიეს და აქცენტი ანგარიშის შენარჩუნებაზე გადაიტანეს. მასპინძლებმა კი შეტევებს მოუხშირეს, თუმცა, რეალური სახიფათო მომენტის შექმნა ვეღარ მოახერხეს, პირიქით, სტუმრებს ოდნავ რომ გამართლებოდა, ქუთაისიდან სულაც გამარჯვებით დაბრუნდებოდნენ. შეხვედრისთვის დამატებული წუთებიც იწურებოდა, როცა გაგრელებმა შესანიშნავი სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს. შეტევაში ჩართულმა ივანიშვილმა, საჯარიმოში მყოფ ვოლკოვს ზუსტი გადაცემა გაუკეთა, მან კი ერთი შეხებით, ჯერემია მიგინეიშვილს პირისპირ შეატოვა. ნიგერიელმა ფორვარდმა თანაგუნდელებს ამაგი დაუფასა და დროული, ზუსტი დარტყმაც განახორციელა. ტორპედოელთა კიპერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტყუილად არ ითვლება ეროვნული ნაკრების კანდიდატად: ხელის თითებით მისწვდა საპირისპირო კუთხეში მიმქროლავ ბურთს და კუთხურზე მოიგერია.
მალე, არბიტრ ნონიკაშვილის საფინალო სასტვენიც გაისმა, რომელმაც საბრძოლო ფრე დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ, ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი ჩამოართვა:
გია გეგუჩაძე (,,ტორპედო”) - ,,წინასწარმეტყველი არა ვარ, მაგრამ დაძაბულ თამაშს ნამდვილად ველოდი. ჯერ კიდევ თებერვალია და გუნდები მომზადების პროცესში არიან. დაკარგული არაფერია. მომდევნო თამაში თბილისში გვაქვს და იქაც ბრძოლას ველოდებით.”
ზვიად ჯელაძე (,,გაგრა”) - ,,პირველი ტაიმი ნამდვილად ჩავაგდეთ. შემდეგ ნელ-ნელა დავლაგდით და მეორე ნახევარში თამაშიც გავათანაბრეთ. შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა ყველაფერი თბილისში გადაწყდება.”
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალი. პირველი მატჩი.


“ტორპედო” (ქუთაისი) - “გაგრა” (გაგრა) 1:1 (0:0)
26 თებერვალი. ქუთაისი. ,,ცენტრალური’’. 16:00 სთ. 1000 მაყურებელი   
                                  
“ტორპედო”:  მიგინეიშვილი (კ), რიგვავა, გ. გურული, ზ. ჭელიძე, გ. ონიანი, კუხიანიძე (საბანაძე 46), გ. დათუნაიშვილი, ე. გრიგალაშვილი (გიგაური 81), გ. დოლიძე (ფანცულაია 64), ბერიაშვილი, ტუღუში;
მთავარი მწვრთნელი:  გია გეგუჩაძე
 “გაგრა”:  ბეგაშვილი, ჯანაშია, კალანდაძე (კ), პაჭკორია, ზარნაძე, ფალავანდიშვილი, ტელდი, მაგაჯი (ბ. მუმლაძე 78), ერისთავი (ჯერემია 57), ჭკუასელი (ივანიშვილი 46), ვოლკოვი;
მთავარი მწვრთნელი:  ზვიად ჯელაძე
გოლები:  1:0 გ. ონიანი (70), 1:1 ჯერემია (73);
არბიტრი:  არსენ ნონიკაშვილი

ვახტანგ დათიაშვილი ქუთაისიდან

მალხაზ ახვლედიანის ფოტოები

0.090866