ინტერვიუები

15:21 | 24.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ გიგაური: "ჩვენი შედეგი თამაშის შესაბამისია"

19 წლის მერაბ გიგაური ქუთაისის "ტორპედოში" ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად იქცა. საყრდენი ნახევარმცველი გიგაური შარშანწინ მოხვდა ქუთათურთა გუნდში, შემდეგ ერთი წელი პოლონურ "იაგელონიაში" გახლდათ განათხოვრებული და დაბრუნდა. ახლა "ტორპედოც" შარშანდელზე და შარშანწინდელზე უკეთ გამოიყურება, გიგაურსაც მომატებული აქვს.
"მსოფლიო სპორტი" მერაბს დაუკავშირდა:
- "ტორპედომ" ჩემპიონატი მშვენივრად დაიწყო და როგორ ფიქრობთ, რით სჯობს მეტოქეებს?
- უპირველესად, გუნდური თამაშით. თითოეულმა ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ მინდორზე. "ტორპედოში" კარგი ატმოსფეროა და ეს თამაშს ეტყობა. აქედან გამომდინარე კი, შედეგიც მოდის.
- სათამაშო კომპონენტებით?
- მგონი, ყველაფერი კარგად მიდის. ფიზიკურად არავის ჩამოვუვარდებით, ტექნიკური ფეხბურთელებიც გვყავს. კარგია, რომ გამართულად ვთამაშობთ.
- "ტორპედოს" რომელ თამაშს გამოარჩევდით ამ 5 ტურიდან?
- ყველა კარგი იყო, თუმცა ბოლო სამი - განსაკუთრებით. გოლიც ბევრი გაგვაქვს და მიხარია, რომ დამაჯერებლად ვიგებთ. პირადად მე კი, საუკეთესო თამაში, ალბათ, "მერანთან" ჩავატარე. გოლიც გავიტანე.
- ეს 1100-ე გოლი იყო "ტორპედოსთვის" უმაღლესი ლიგის ისტორიაში. განსაკუთრებით გაგიხარდათ ამის გამო?
- დიახ. მოხარული ვარ, რომ კლუბის ისტორიაში შევედი. შესაძლოა, ბევრი ლამაზი გოლი გავიტანო, მაგრამ დასამახსოვრებელი ეს უფრო იყოს.
- გასული სეზონი "იაგელონიაში" გაატარეთ. ბევრს არ სურს უცხოეთიდან აქ ჩამოსვლა. თქვენ?
- არ ვნანობ, რომ "ტორპედოში" ვარ. თანაც, ძლიერი გუნდი გვყავს, ამბიციები გვაქვს. მწვრთნელზე უნდა ვთქვა: გია გეგუჩაძე ძალიან ძლიერი სპეციალისტია. ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში და ალბათ არა მხოლოდ საქართველოში. კარგად გვიხსნის ყველაფერს და ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ეს შედეგზეც აისახა.
- მიზანი? ალბათ, ჩემპიონობა...
- დიახ, ჩემპიონობა გვსურს. სულ ცოტა, ევროპის ლიგაში უნდა გავიდეთ.
- პირადად თქვენ პირველ სეზონს არ ატარებთ უმაღლეს ლიგაში. გრძნობთ, რომ პროგრესირებთ?
- საკუთარ თავს ვერ შევაფასებ, მაგრამ მოხარული ვარ, რომ მწვრთნელი მენდობა. ეს თავდაჯერებას მმატებს. ვეცდები, სულ უფრო და უფრო მოვუმატო.
- 21-წლამდელთა ნაკრებში წლეულს არ გითამაშიათ...
- ხორვატიასთან გამოძახებული ვიყავი, მაგრამ სამატჩო განაცხადში ვეღარ მოვხვდი. ყველაფერს გავაკეთებ, რათა 21-წლამდელებშიც მოვხვდე და თამაში დავიმსახურო. ჯერჯერობით არ ვიცი, ვიქნები თუ არა ოქტომბერში დანიასთან შეხვედრაში.
- საქართველოს ჩემპიონატში რომელი გუნდი მოგწონთ?
- კარგი გუნდები არიან, მაგრამ ყველაზე მეტად ისევ "ტორპედო" მომწონს. დრო გამოაჩენს ყველაფერს. ჯერჯერობით კი, მოხარული ვარ, რომ კარგად მივდივართ.
 

 

ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.13048