მერაბ ჟორდანია სულ სამი კვირის წინათ გახდა ჰოლანდიური “ვიტესის” პრეზიდენტი და პირველივე დღიდან იქაურ პრესაში იწერება ახალ-ახალი ინფორმაციები 49 წლის ქართველზე, რომელმაც პრესკონფერენციაზე ხმამაღალი რამ თქვა – “უახლოეს სამ წელიწადში, “ვიტესი” ჰოლანდიის ჩემპიონი გახდება”.
და აი, ჟორდანიას პირველი ვრცელი ინტერვიუ, რომელიც ჰოლანდიურმა გამოცემა gelderlander- მა გამოაქვეყნა:
- აქაურ პრესაში ხშირად იწერება, რომ “ვიტესი” არასამართლიანი გზით ნაშოვნი თანხით შეიძინეთ. რას იტყვით ამაზე?
- ამის მოსმენა მტკივნეულია. მითუმეტეს, თუ ემოციურად შეხედავ. მაგრამ ესაა ცხოვრება. ყველაფერი სუფთად, სამართლებრივი გზით მოხდა. მაქვს კონტაქტი ბევრ ცნობილ ადამიანთან. თუ თანხაა საჭირო, პრობლემა არ ხდება. განსაკუთრებით აღვნიშნავ ჩემს მეგობარ ალექსანდრ ჩიგრინსკის, რომელიც მზადაა, “ვიტესში” მუშაობაში დამეხმაროს. “ვიტესის” გულშემატკივრები აღფრთოვანებულნი იქნებიან კლუბის წარმატებებით.
- ჩიგრინსკის საიდან იცნობთ?
- ის ბავშვობიდან ჩემი მეგობარია. თანატოლები ვართ. ჩიგრინსკი ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ბიზნესმენია საქართველოსა და რუსეთში. ჩვენ ერთნაირი ინტერესები გვაქვს.
- ჩიგრინსკის მარიონეტი ხართ?
- არა, “ვიტესში” აქციების 100 პროცენტს ვფლობ და ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ.
- რამდენადაც ცნობილია, “ჩელსის” მფლობელ რომან აბრამოვიჩთანაც მეგობრობთ.
- ვამაყობ, რომ უკვე 10 წელიწადზე მეტია, რაც მასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. საუბრობდნენ, აბრამოვიჩს ფეხბურთისა არაფერი ესმოდაო, მაგრამ დღეს, მას ძალიან უყვარს ეს თამაში. ლონდონშიც არაერთხელ ვყოფილვარ მასთან, ახლა კი გამიჭირდება, რადგან ჩემი დღის პროგრამაში მუდმივად “ვიტესია”. ჩვენ ისეთი მეგობრები ვართ, რომ მუდმივად მზად ვართ ერთმანეთის მხარდასაჭერად.
- რა როლი ითამაშა აბრამოვიჩმა თქვენს მიერ “ვიტესის” შეძენაში?
- უკვე ბევრჯერ ვთქვი: აბრამოვიჩს არანაირი ფინანსური მონაწილეობა არ მიუღია “ვიტესში”, მას თავისი პროექტი აქვს “ჩელსიში”. რა თქმა უნდა, ჩვენ რეგულარულად ვსაუბრობთ და ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ, მაგრამ ესაა და ეს.
- და როგორ მოხვდა “ჩელსის” სამი ფეხბურთელი “ვიტესში”?
- ამ ფეხბურთელებს “ვიტესში” კარგი პირობები აქვთ. მათ, დღესდღეობით, “ჩელსიში” თამაშის შანსი ნაკლებად ჰქონდათ. ჩვეულებრივი გარიგება მოხდა და ამაში უცნაური არაფერია: მეგობრების დახმარების გარეშე, ფეხბურთში კი არა, სხვა სფეროებშიც წინ ვერ წავალთ.
- თავად მერაბ ჟორდანია რამდენად მდიდარია?
- “ვიტესი” იმდენად მდიდარი ნამდვილად არის, რომ წარმატებებზე იფიქროს.
- მართალია, რომ “ვიტესის” შეძენა 6 მილიონი ევრო დაგიჯდათ?
- თანხის დასახელება არ შემიძლია. ეს კონფიდენციალურია.
- როგორ გამოიმუშავეთ კაპიტალი?
- 8 წელი თბილისის “დინამოს” პრეზიდენტი ვიყავი, მქონდა აქციები სხვადასხვა კომპანიებში, იმავე, რუსეთში.
- რატომ “ვიტესი” და არა ისევ რომელიმე ქართული კლუბი?
- იმიტომ, რომ ჰოლანდიაში ჩემი პროექტების განხორციელება შესაძლებელია. ჰოლანდიური ფეხბურთის სტილი ყოველთვის მომწონდა და 70-იან წლებში აღფრთოვანებული ვუყურებდი თქვენი ბრწყინვალე ნაკრების თამაშებს. იოჰან კრუიფი ბავშვობიდან ჩემი კერპი იყო. ის ყველა დროის უძლიერესი ფეხბურთელია მსოფლიოში.
- ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის კომისიას თქვენგან მტკიცებულება სჭირდება, რომ “ვიტესში” “შავი ფული” არ იტრიალებს.
- ყველა ჰოლანდიური კანონი ზეპირად არ ვიცი, მაგრამ მყავს ჰოლანდიაში საუკეთესო ადვოკატი და ნოტარიუსი, რომლებიც საჭიროებისამებრ მაცნობენ საქმის ვითარებას.
ილია ნანობაშვილმა







