ინტერვიუები

14:39 | 20.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ კვირიკაშვილი: “მთავარია, გავიმარჯვოთ და ვისი ქულებით მოხდება ეს, მნიშვნელობა არა აქვს”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მგეზავისთვის, მერაბ კვირიკაშვილისთვის, რუსეთთან გამართული შეხვედრა, “დათვების” სარეკორდო სხვაობით დამარცხების გარდა, სხვა რამითაც იყო მნიშვნელოვანი. 

მატჩამდე ფედერალ 1-ის “სენ-ჟუნიენის” მორაგბეს ნაკრების კვართით 315 ქულა ჰქონდა მოხვეჭილი და “ბორჯღალოსანთა” ყველა დროის ბომბარდირებში მესამე ადგილს იკავებდა. ამ თამაშამდე საუკეთესო მაჩვენებელი მალხაზ ურჯუკაშვილს ჰქონდა, რომელმაც 70 მატჩში 325 ქულა მოაგროვა, ხოლო მეორეზე, 57 მატჩში 320 ქულით, პალიკო ჯიმშელაძე იყო. “მეკომ” რუსებთან გამართულ შეხვედრაში მონაგარს 16 ქულა შემატა, ჯამში 331 გაუხდა და ერთპიროვნული ლიდერი გახდა. “დათვების” წინააღმდეგ, კვირიკაშვილმა ეროვნულ გუნდში საიუბილეო, მე-60 შეხვედრა ჩაატარა და ბომბარდირთა დავაშიც ამ საიუბილეო მატჩში მოგროვილი ქულებით დაწინაურდა.
28 წლის “მეკოს” სანაკრებო დებიუტი 2003 წელს, ლისაბონში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა, ქულების მოგროვება კი, იმავე წელს, მსოფლიო თასზე სამხრეთ აფრიკასთან დაიწყო. მის ანგარიშზე ჯამში 5 ლელო, 75 გარდასახვა, 50 ჯარიმა და 2 არეკნია. მას უკვე ნათამაშები აქვს სამ მსოფლიო თასზე (2003, 2007 და 2011) და ასაკის გათვალისწინებით, ოთხი წლის შემდეგ მეოთხეზეც ითამაშებს. ამასთან, ის ქულების მოგროვებასაც გააგრძელებს და თავის მაჩვენებელს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
ეტყობა, “მეკო” მის მიერ მოგროვილი ქულების ათვლას არ აწარმოებდა და ეს ამბავი “მსოფლიო სპორტისგან” შეიტყო, რომელიც მანამდე უშუალოდ რუსეთთან შეხვედრაზე დაეკითხა.
მერაბ კვირიკაშვილი: “მაქსიმალური კონცენტრაციით ვითამაშეთ, რათა გამარჯვებისთვის მიგვეღწია და ქართველი ერი გაგვეხარებინა. მგონი, ყველაფერი კარგად გამოგვივიდა. დიდი მხარდაჭერა გვქონდა გულშემატკივრების მხრიდან. მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება არ მივეცით და შედეგიც ლოგიკური მივიღეთ”.
- თუ ელოდით, რომ რუსეთის ნაკრებს ასეთი ანგარიშით დაამარცხებდით?
- ამაზე არ გვიფიქრია. ჩვენთვის უმთავრესი იყო მოგვეგო, გეგმის მიხედვით გვემოქმედა და დასახული ამოცანები მაქსიმალურად კარგად შეგვესრულებინა. ყველაფერმა ამან, შედეგად, ასეთი სხვაობით გამარჯვება მოიტანა.
- თქვენ ამ თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდით.
- მართლა? არც ვიცოდი. ეს ჩემთვის სიურპრიზია. კარგია.
- რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
- დიდად ამბიციური ადამიანი არ ვარ. ჩემთვის მთავარია, საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვოს, ხალხი გავახაროთ და ჩემი ქულებით მოხდება ეს თუ სხვისი ქულებით, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა სულაც არა აქვს.
 
ზურა ქსოვრელი
 
0.089663