ინტერვიუები

17:16 | 28.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ ურიდია: “რომელ ნაკრებში? ჯერ არ ვჩქარობ”

“მსოფლიო სპორტს” არაერთხელ დაუწერია მერაბ ურიდიას შესახებ. გეცოდინებათ, ყაზანის “რუბინის” დუბლების 18 წლის ფორვარდზეა საუბარი, რომელმაც მიმდინარე სეზონში 12 გოლი შეაგდო და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. თქმა რად უნდა, საინტერესო ახალგაზრდაა. ურიდიას ჯერ არც რუსეთის და არც საქართველოს რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია – ისე კი, რუსულ პასპორტს ფლობს.
“რუბინის” საიტმა ურიდიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა:
- მოგვიყევით თქვენს ბავშვობაზე. სად დაიწყეთ ფეხბურთის თამაში?
- ბათუმში დავიბადე, ისე კი, მშობლები სოხუმელები არიან. მოგვიანებით ოჯახი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. ბაბუაჩემი ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელი გახლდათ და 7 წლის ვიყავი, როცა “მოსკვას” ბავშვთა სკოლაში მიმიყვანა. “მოსკვას” ვქომაგობდი, მის თამაშებზე დავდიოდი, თუმცა შემდეგ საქმე ცუდად წავიდა (“მოსკვა” ორი წლის წინ დაიშალა – რედ.). საქართველოში იშვიათად ჩავდივარ, ბოლოს 5 წლის წინ ვიყავი. დრო არ მაქვს.
- ბავშვობაში რომელ ცნობილ ფეხბურთელს ბაძავდით?
- ჩემი კერპი ბრაზილიელი რონალდო იყო. ბავშვობიდან თავდამსხმელად ვთამაშობ, ბევრი გოლი გამქონდა და რამდენიმე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გავხდი. ბავშვობაში ყველა ჩემი ოცნება ფეხბურთს უკავშირდებოდა, ტოპ-დონეზე, ძლიერი ფეხბურთელების გვერდში მინდოდა თამაში.
- რამდენი წლის იყავით, როცა მიხვდით, რომ ფეხბურთს სერიოზულად და დიდხანს უნდა გაჰყოლოდით?
- ალბათ, 11 წლის ასაკში. “მოსკვაში” ვიყავი და უცხოურ ტურნირებზეც დავდიოდი. 17 წლის ვიყავი, როცა პირველად ავიღე ხელფასი და ჩემს ძმას, გიორგის საჩუქრები ვუყიდე. სხვათა შორის, გიორგიც ფეხბურთელია, 9 წლითაა ჩემზე უმცროსი და მოსკოვის “ტორპედოს” ბავშვთა სკოლაშია.
- ყაზანში როგორ აღმოჩნდით?
- მანამდე მოსკოვის “ლოკომოტივის” ახალგაზრდულ გუნდში გამოვდიოდი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ჩემი კლუბი არ იყო. გოლი ისე ხშირად ვერ გამქონდა, როგორც მიჩვეული ვიყავი. გადავწყვიტე, “რუბინის” სკოლა-ინტერნატში წავსულიყავი, თუმცა თავიდან გამიჭირდა. ყაზანში ჩამოსვლისას ავად გავხდი, ორი კვირა ვერ ვვარჯიშობდი. შემდეგ დავიწყე და ისევ შეუძლოდ გავხდი. მწვრთნელებს ეჭვი შეეპარათ ჩემს შესაძლებლობებში. საბედნიეროდ, როცა გამოვკეთდი, ყველაფერი ნორმალურად წარიმართა.
- როგორი ატმოსფეროა “რუბინში”?
- მომწონს აქაურობა. გოლების გატანა დავიწყე და ჩემი კლუბი ვიპოვე. 1993 წელს დაბადებულთა შორისაც ბევრი გამქონდა და ახლა იგივეს ვაკეთებ დუბლებში. ინტერნატის გუნდში თათრეთის ჩემპიონატი მოვიგეთ, შემდეგ კი მთლიანად რუსეთში საუკეთესონი გავხდით. ამის შემდეგ “რუბინის” დუბლებში მიმიწვიეს, თუმცა მანამდე სკოლაში ორი გამოცდა უნდა ჩამებარებინა, ამიტომაც გუნდს მხოლოდ მესამე შეკრებაზე გავყევი, რასაც კონტრაქტის გაფორმებაც მოჰყვა.
- წლეულს “რუბინის” დუბლების საუკეთესო ბომბარდირი გახდით. რომელი გოლი და მატჩი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
- “დინამოსთან”, “სპარტაკთან” და ცსკა-სთან. დინამოელებთან ბოლოს გავიტანე და მატჩი 2:2 დასრულდა, “სპარტაკთანაც” გადავარჩინე თამაში (1:1), ცსკა-სთან მოგებულ შეხვედრაშიც (2:1) ერთი ბურთი შევაგდე.
- სანაკრებო დონეზე მოასწარით თავის გამოჩენა?
- რუსეთის მოქალაქეობა მაქვს. ერთხელ გამომიძახეს 1993 წელს დაბადებულთა ნაკრებში, თუმცა, ეტყობა, იმ დროს ჯერ კიდევ ვერ ვიყავი სათანადო დონეზე და შერჩევა ვერ გავიარე. გამომიძახეს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებშიც – მე ხომ ჯერ არც რუსეთის და არც საქართველოს მაისურით მითამაშია. თუმცა, მოვლენების ფორსირებას არ ვაპირებ, არ ვჩქარობ. ამ ეტაპზე ჩემი მიზანი “რუბინში” სტაბილურად და წარმატებით გამოსვლაა. რა თქმა უნდა, მსურს, “რუბინის” მთავარ გუნდში მოვხვდე და დონე ავიმაღლო.
- საფეხბურთო ოცნება?
- ვიქტორ ვალდესს მინდა გავუტანო. “რეალის” გულშემატკივარი ვარ.
- ამჟამად ყველაზე მეტად რომელი ფორვარდები მოგწონთ?
- პედროს, სერხიო აგუეროსა და ლეო მესის თამაშების ჩანაწერებს ვუყურებ.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- ჩოგბურთი მიყვარს და მეგობრებთან ერთად დავდივარ ხოლმე სათამაშოდ. ჰოკეი ძალიან მომწონს და ყაზანის “აკ ბარსის” მატჩებსაც ვესწრები. კინოშიც ხშირად დავდივარ, კომედიები მიზიდავს. “ცოცხალი ფოლადი” – ბოლოს ამ ფილმს ვუყურე. ხანდახან წიგნს ვკითხულობ, მაგალითად, პაოლო კოელიოს “11 წუთი”, “ალქიმიკოსი”. კლასიკოსებიდან მომწონს ალექსანდრ პუშკინი.
- თქვენთვის იდეალური სამზარეულო?
- ქართული - ხაჭაპური, ხინკალი, ლიმონათი… საქართველო ღვინით განთქმულია, თუმცა ამაში ვერ ვერკვევი.
- ცხოვრების დევიზი?
- ყოველთვის მაქსიმუმი გავიღო და ვიყო პირველი!

 

ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162853