ავტოსპორტი

23:59 | 4.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედეს W04“ ახალი გამოწვევისთვის მზადაა

 

ახალი სარბოლი ბოლიდი, რომელიც ინდექს W04-ით აღინიშნება, „მერსედესმა“ ხერესის ავტოდრომზე წარმოადგინა, სადაც ხვალიდან გუნდები თავიანთი ტექნიკის წინასასეზონო ტესტირებას შეუდგებიან. მანქანა ტრასაზე ჯერ კიდევ პრემიერამდე გამოვიდა - ნიკო როსბერგმა ის 100 წრე შეასრულა, რომელთა გავლის უფლებასაც რეგლამენტი იძლევა.

ახალი მანქანა წინამორბედისგან მცირედით განსხვავდება. შეიცვალა წინა ანტი ფრთა, რომელიც ხუთი ელემენტისგან შედგება. ახალია კოანდას ეფექტის მქონე გამოსაბოლქვი. წინა საკიდარი ისევ მიმწოლ-ბერკეტიანია, უკანა კი - გამწევ-ბერკეტიანი. „ლოტუსისგან“ განსხვავებით, კეხი გასწორდა, თუმცა მისი კვალი მაინც ჩანს.

„მერსედესმა“ გასულ სეზონში პირველი გამარჯვება (როსბერგი, ჩინეთში) იზეიმა, თუმცა მთლიანობაში სეზონი, განსაკუთრებით კი მისი მეორე ნახევარი, წარუმატებელი გამოდგა. ჩემპიონატის მიწურულს, ზედიზედ ხუთ რბოლაში, გუნდმა ქულის აღებაც კი ვერ შეძლო.

„ახალი სეზონიდან, ვერცხლისფერი ისრების ისტორიაში მეორე ერა იწყება. გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, ჩვენ რესტრუქტურიზაციის ძნელი პროცესი გავიარეთ. ახლა დროა, ამან შედეგი მოგვცეს. ახალი მანქანა წინას ევოლუციური ვერსიაა და მასზე ცალკეული დეტალებია დახვეწილი. ჩვენმა ტექნიკურმა გუნდებმა ბრეკლისა და ბრიქსუორტში ათასობით საათი იმუშავეს იმისათვის, რომ ახალი მანქანა მის წინამორბედთან შედარებით, საგრძნობლად გაუმჯობესებულიყო“, - განაცხადა გუნდის შეფმა როს ბრაუნმა.

მთავარი სიახლე სამქიმიანებში ლუის ჰამილტონის მოსვლაა, რომელიც მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერის ადგილს დაიკავებს. ჰამილტონს მთელი ფავისი ფ1-ის კარიერა „მერსედესის“ პარტნიორ „მაკლარენში“ აქვს გატარებული და ერთი სული აქვს, საჭეს როდის მიუჯდება. მას პარტნიორობას როსბერგი გაუწევს.

„მანქანა პირველად აეროდინამიკურ მილში ვნახე და ამიტომ, ეს ჩვენება ჩემთვის მოულოდნელობებს არ შეიცავდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ძალიან ლამაზია. განსაკუთრებით მისი ფერების გამა მომწონს. მაგრამ მთავარი ისაა, ტრასაზე რისი მაქნისია. ამას მალე გავიგებ. ტესტებზე გამოიკვეთება, თუ რა მიმართულებით მოგვიწევს განვითარება იმისათვის, რომ პირველი რბოლისთვის საბრძოლო მზადყოფნაში ვიყოთ“, - ამბობს ჰამილტონი.

http://autopanoramaf2.blogspot.com/2013/02/w04.html

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103206