ავტოსპორტი

3:21 | 1.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესმა“ ამ სეზონზე ხელი ჩაიქნია

 

„რედ ბულ რეისინგის“ სისწრაფემ არამხოლოდ მისი ფანები, არამედ მეტოქეებიც კი აღტაცებული დატოვა. ზოგი მათგანი კი, რომლებსაც სეზონის დაწყებამდე, ბევრი პოტენციურ ფავორიტად მოიხსენიებდა, უკვე ფიქრობს, რომ ამ სეზონში ტიტულისთვის ბრძოლას ვეღარ შეძლებენ. ასეთთა შორისაა „მერსედესიც“, რომლის ხელმძღვანელობაც არ მალავს, რომ ამ სეზონში „რედ ბულს“ და მის უბადლო RB7-ს ახლოსაც ვერავინ გაეკარება.

„მერსედესის“ მოტორსპორტის განყოფილების შეფმა, ნორბერტ ჰაუგმა ავსტრალიური რბოლის შემდეგ განაცხადა, რომ დიდი ხანია, ასეთი დომინანტი მანქანა არ უნახავს, ნიკო როსბერგმა (ფოტოზე) კი იმედი გამოთქვა, რომ კონსტრუქტორთა პირველობაზე მისი გუნდი წინ წაწევას (შარშან მეოთხე იყო) შეძლებს. რა თქმა უნდა, გუნდს ხელი არ აქვს ჩაქნეული იმაზე, რომ ამ სეზონში გამარჯვებებისთვის ბრძოლას შეძლებს, თუმცა აშკარაა, რომ მელბურნის შემდეგ, მათ ენთუზიაზმის დიდი პორცია მოაკლდათ.

„უნდა ვაღიაროთ, რომ სებასტიან ფეტელი და „რედ ბული“ ყველასგან ძალიან შორს არიან. რაც შეეხება მდევართა რიგებს, გვინდა რომ, ამ ჯგუფში კარგი პოზიცია დავიკავოთ და კარგი იქნება, თუ შარშანდელი მეოთხე ადგილიდან წინ წაწევას შევძლებთ“ - განაცხადა როსბერგმა გერმანულ პრესასთან საუბრისას.

სხვათა შორის, მელბურნში ტრიუმფის შემდეგ, RB7-ის მთავარი შემოქმედი ედრიან ნიუიც და ავსტრალიური საჯინიბოს შეფი ქრისტიან ჰორნერიც ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, მათი მანქანა მართლაც შეუდარებელია. ისინი იმ ფაქტს უსვამენ ხაზს, რომ ავსტრალიაში კერს-ი არ გამოიყენეს და მინიშნებით იმასაც გვპირდებიან, რომ მალაიზიაში მათი უპირატესობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„რედ ბულის“ მოტორსპორტის საკითხთა მრჩეველი ჰელმუტ მარკო კი თვლის, რომ სულ ორი გუნდია ისეთი, რომლებსაც თავიანთი მანქანების სრულყოფის აგრესიული მეთოდების ეფექტურად გამოყენება შეუძლიათ და ესენი - „მაკლარენი“ და „ფერარია“...

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://formula1ge.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090058