გულშემატკივრის სვეტი

10:41 | 30.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

მესამე საფეხბურთო ომის მოლოდინში

მსოფლიოს 2010 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასული 32 გუნდის ვინაობა უკვე კარგა ხანია გაირკვა და გულშემატკივრები ახლა უკვე იმაზე მსჯელობენ, იღბალი და განგების ძალა რომელ ნაკრებს როგორ ჯგუფში უკრავს თავს, თუმცა, როგორც ჩანს, საფლეიოფო ციებ-ცხელება ბოლომდე ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ამის მიზეზი, უპირველესად, სუდანში, აფრიკის ზონის ფლეი-ოფის მატჩი აღმოჩნდა.
როგორც იცით, ჯგუფში იდენტური მაჩვენებლების ქონის გამო, ალჟირისა და ეგვიპტის ნაკრებებს შორის გადათამაშება სუდანის ქალაქ ომდურმანში, “ალ მერაიხის” სტადიონზე გაიმართა, სადაც მატჩის აუტსაიდერად შერაცხულმა ალჟირელებმა ეგვიპტელებს მინიმალურად (1:0) სძლიეს და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრაც გაინაღდეს. ერთი შეხედვით, სულ ამის თქმა შეიძლებოდა ამ მატჩზე, მაგრამ მთავარი ის იყო, რაც სტადიონს მიღმა მოხდა.
ეგვიპტეცა და ალჟირიც აფრიკის არაბულენოვანი, მაჰმადიანური ქვეყნები არიან, რაც წესით, ამ ქვეყნების მოსახლეობის ურთიერთგაგებას უნდა უწყობდეს ხელს, მაგრამ ქალაქ ომდურმანში, საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ, ყველაფერი მოხდა, გარდა ძმობისა და მეგობრობისა. უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დამარცხებით გახელებული ეგვიპტელი გულშემატკივრები სტადიონის გარეთ ზეიმში გართულ ალჟირელებს მიეჭრნენ და ისეთი ჩხუბი ატყდა, ინგლისელ ფანებსაც კი რომ არ დაესიზმრებათ. თუ უცხოურ საინფორმაციო სააგენტოებს დავერწმუნებით, ათასობით ადამიანს შორის ამტყდარ ჩხუბში 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ეგვიპტისა და ალჟირის ხელისუფლება დღემდე ამტკიცებს, რომ მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ ევროპელ რეპორტიორებს მოატყუებენ რამეს? არაოფიციალურად ირკვევა, რომ ამ ჩხუბში 10-მდე ადამიანი დაიღუპა (თუმცა, როგორც ვთქვით, ეს არ არის დადასტურებული ინფორმაცია) და გარდაცვლილების უმეტესობა ჩხუბის წამომწყებები, ანუ ეგვიპტელები იყვნენ.
სუდანის პრეზიდენტ - ომარ ალ ბაშირს ჯერ ისედაც არ ჰქონდა ქვეყანაში დალაგებული პოლიტიკური და კრიმინალური სიტუაცია და ეგვიპტურ-ალჟირულმა სისხლისღვრამ ხომ საერთოდ მოუთავა ხელი. ფლეი-ოფში მონაწილე ორივე ქვეყნის მთავრობამ ალ ბაშირს საპროტესტო წერილები მისწერა, შენ თუ პრეზიდენტი ხარ და მანდ სიტუაციას განაგებ, ინციდენტის დროული მოგვარება რატომ არ უზრუნველყავიო. ომარ ალ ბაშირს თითქოს პრობლემები აკლდაო, ყველასათვის მოულოდნელად, საქმეში ლიბიის სკანდალური მმართველი, მუამარ კადაფიც ჩაერთო და იმან ხომ საერთოდ ცეცხლზე ნავთი დაასხა.    
ლიბიის პრეზიდენტ მუამარ კადაფის ფეხბურთით დაინტერესება ახალი ამბავი არავის¬თვისაა. ალბათ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინათ, იტალიურ “პერუჯაში” კადაფის ვაჟიშვილის ხმაურიანი ტრანსფერი და უხეირო თამაშის გამო, უხმაუროდ გუნდიდან გაშვება. თუმცა, კადაფი ის კაცი არაა, ფეხბურთს და საფეხბურთო სკანდალებს აგრე იოლად რომ დაივიწყებს და შეეშვება. ჰოდა, რაკი მის ყურამდე სუდანში მომხდარი გაწევ-გამოწევის ამბავი მივიდა, ადგა და კარგი მშვიდობისმყოფელივით, თავს იდო კონფლიქტის მოგვარება. ჯერ ალჟირში გადაფრინდა, მერე ეგვიპტეში და იქაურ მთავრობებს შერიგებისაკენ მოწოდებებით გული გაუწვრილა. ბოლოს კი, ერთ-ერთ ამერიკულ ტელეარხს მისცა ინტერვიუ, სადაც ყველაფერში ისევ და ისევ მრავალტანჯული ომარ ალ ბაშირი დაადანაშაულა.
სანამ კადაფი ალჟირსა და კაიროს შორი პირუეტებს აკეთებდა, მანამდე, ალჟირის მთავრობამ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, ეგვიპტეში წასვლისაგან თავი შეეკავებინათ, რაც უკვე იმას ნიშნავდა, რომ ოფიციალური ალჟირი სუდანში მომხდარ კონფლიქტს ძალიან სერიოზულად უყურებდა და არც სიტუაციის გართულებაზე ამბობდა უარს. საპასუხოდ, ეგვიპტის მთავრობამაც ანალოგიური შინაარსის განცხადებით მიმართა საკუთარ მოქალაქეებს და პლანეტაზე რიგით მე-3 საფეხბურთო ომის კონტურებიც გამოიკვეთა (აქამდე, საფეხბურთო მოვლენების გამო, სამხედრო კონფლიქტი ჰონდურასსა და გვატემალას (გასული საუკუნის 60-იან წლებში) და არგენტინასა და ურუგვაის (30-იან წლებში) ჰქონდათ).
იმედია, ეს დაპირისპირება ამ ეტაპზევე მოგვარდება. ამის იმედს, უპირველესად, კონფლიქტის მოგვარებაში სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა იძლევა, მაგრამ ფეხბურთის, როგორც პლანეტაზე მშვიდობიანობის სიმბოლოს იმიჯი ეჭვქვეშ კიდევ ერთხელ რომ დადგა, ეს უკვე ცხადია. ცნობილია, რომ ოდიოზური პოლიტიკური ფიგურები ფეხბურთს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის საკმაოდ ხშირად იყენებდნენ (თუნდაც მხოლოდ მუსოლინისა და ფრანკოს ხსენება რად ღირს), მაგრამ 21-ე საუკუნეშიც თუ შეიძლებოდა მსგავსი რამ მომხდარიყო, ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა. ეგვიპტე და ალჟირი საკუთარ პრობლემებს, იმედია, მართლა მალე მოაგვარებენ, მაგრამ საინტერესოა რა და ვინ მოაგვარებს იმ “პრობლემას”, რომელსაც სახელად ყველას საქმეში ცხვირის ჩამყოფი, მუამარ კადაფი ჰქვია?
ლევან სეფისკვერაძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.102907