ინტერვიუები

15:32 | 8.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

მესუთ იოზილი: “ფინალში “ბაიერნს” ვუქომაგებ”

მადრიდის “რეალისა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა ინტერვიუ მისცა Bild-ს და დაადასტურა, რომ ესპანეთის პირველობის მოგების შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებაზეც ოცნებობს.

- მადრიდის “რეალთან” ერთად ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ჩემპიონობის მოპოვება თქვენი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა?
- ძალიან გახარებული ვიყავი, როდესაც თანატოლებთან ერთად 2009 წელს ევროპის ახალგაზრდული პირველობა მოვიგე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ლა ლიგაში წარმატების მიღწევა უფრო მნიშვნელოვანი რამაა. მთელი სეზონის განმავლობაში მუხლჩაუხრელად ვშრომობდით და დამსახურებულ ჯილდოდ ესპანეთის ჩემპიონატის ოქროს მედლები გვერგო.
- ესპანეთის პირველობა კლუბმა ტრადიციულად მადრიდის სიბელესის მოედანზე აღნიშნა. თქვენ პირველად მიიღეთ მონაწილეობა ამ ზეიმში...
- დაუვიწყარი ემოცია და სანახაობა იყო! ამასთან, ფეხბურთელებმა მთელი დღე ერთად გავატარეთ. ჯერ ვისადილეთ, შემდეგ კი მრავალრიცხოვან გულშემატკივრებთან ერთად გავიზიარეთ ჩემპიონობით გამოწვეული სიხარული. წარმოუდგენლად ბევრი გომაგი მოვიდა მოსალოცად. წლევანდელ წარმატებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება – ჩვენ ხომ ბოლო წლების განმავლობაში “ბარსელონას” ჩრდილიდან გამოსვლას ვერ ვახერხებდით. საბედნიეროდ, წლეულს კატალონელებს მძაფრ კონკურენციაში ვაჯობეთ.
- მადრიდის “რეალის” ტრიუმფში რა წვლილი მიუძღვის ჟოზე მოურინიოს?
- პორტუგალიელი თანამედროვეობის უდიდესი მწვრთნელია. სატურნირო ცხრილის მწვერვალზე ჩვენი დამკვიდრება მოურინიოს დამსახურებაა. სეუ ჟოზემ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა პირადად ჩემ საფეხბურთო კარიერაშიც. სწორედ მან შთამიბერა საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენა. ჩემი მხრიდან მოხარული ვარ, მთავარი მწვრთნელის იმედი რომ გავამართლე.
- რას ნიშნავს მესუთ იოზილისთვის მადრიდის “რეალის” მაისურით თამაში?
- საოცნებო ატმოსფეროსა და კლუბში მიხდება ასპარეზობა. “რეალისთვის” საჩემპიონო პრიმერა დივიზიონის გათამაშებაში 34 მატჩი ჩავატარე. თითოეული მათგანი, ზეიმთან ერთად, ოსტატობის და ნებისყოფის გამოცდას ნიშნავდა. ვფიქრობ, ურიგოდ არ გამოვიყურებოდი.
- უფრო მეტად რა მოგწონთ, როდესაც კრიშტიანუ რონალდუს შედეგიან გადაცემას უკეთებთ თუ თავად ასრულებთ კომბინაციას და ბურთი მოწინააღმდეგის კარში გაგაქვთ?
- ერთიც განუზომლად დიდ სიამოვნებას მგვრის და მეორეც. კრიშტიანუსა და სხვა მადრიდელი პარტნიორების გვერდიგვერდ თამაში უდიდესი სიამოვნებაცაა და შთაგონების წყაროც. თანაგუნდელთა უმრავლესობამ კარგად იცის, როდის და რა მიმართულებით უნდა გაიხსნას. ასეთ დროს მათთვის პასის მიცემა იოლია – პარტნიორები თავად მთავაზობენ შეტევის საუკეთესო გაგრძელების ვარიანტს.
- სიხარულთან ერთად 2011-12 წლების სეზონმა გულნატკენიც დაგტოვათ. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის “ბაიერნთან” პაექრობას ვგულისხმობთ...
- პენალტების სერიაში მარცხმა გული გვატკინა. მადრიდის “რეალის” მიზანი ყოველთვის ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაა. ამ ტიტულის გარეშე დარჩენილებს სრულფასოვანი სიხარული ვერც ლა ლიგის მოგებამ მოგვიტანა. ფინალი მოახლოვდა და ნახევარფინალიდან გავარდნის გულისტკივილი კიდევ უფრო გაგვიმძაფრდა. მომავალ სეზონში აუცილებლად შევეცდებით ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო გათამაშების თასის დაუფლებას.
- როგორ გგონიათ, 19 მაისს “ბაიერნი” გაიმარჯვებს თუ “ჩელსი”?
- ძალიან ძნელია პროგნოზის გაკეთება, მაგრამ მიუნხენელებს ვუქომაგებ და მინდა, ჩემპიონთა ლიგა მათ მოიგონ.
- ევროპის მოახლოებულ ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების შანსს როგორ შეაფასებდით?
- გულშემატკივრებს ვპირდები, რომ ნაკრების თითოეული წევრი არაფერს დავიშურებთ მათ გასახარებლად. კონტინენტის პირველობა ურთულესი ტურნირია, თუმცა, ბუნდესგუნდი ფავორიტთა შორის სამართლიანადაა. თუკი ევროპის ჩემპიონები გავხდით, ქომაგების წინაშე ვალმოხდილად ჩავთვლი თავს.
- იოაჰიმ ლიოვთან საუბარი თუ გქონდათ?
- ჯერჯერობით არა. ნაკრების მთავარი მწვრთნელმა მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით ესპანეთის ჩემპიონობა მომილოცა, რითაც უზომოდ გამახარა.


მოამზადა გოჩა კაჭარავამ
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094277