ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასულ ტურში მადრიდის “რეალის” მიერ “ესპანიოლის” 3:0 დამარცხების მიუხედავად, “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილი მაყურებელი თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა. მესუტ იოზილი დარწმუნებულია, რომ “რეალი” სულ მალე ისეთ თამაშს აჩვენებს, რომელიც ტრიბუნებისგან ტაშს დაიმსახურებს.
“ესპანიოლთან” მატჩის შემდეგ, თურქული წარმომავლობის, გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გამოცემა AS-ის ჟურნალისტს შეხვდა და განვლილი შეხვედრის გარდა, საკუთარ ბავშვობაზე და სურვილებზეც ისაუბრა.
- “ესპანიოლთან” გამართული მატჩის შესვენებისას მოურინიომ ფეხბურთელებს გთხოვათ, რომ ტრიბუნებისათვის ყურადღება არ მიგექციათ და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიგეღოთ. ტრიბუნიდან მომდინარე ხმა ასე ძლიერ გიშლით ხელს?
- “სანტიაგო ბერნაბეუზე” გულშემატკივრები წარმოუდგენელ ატმოსფეროს ქმნიან და ეს იგრძნობა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აზრით, მწვრთნელის სიტყვები გასახდელის გარეთ არ უნდა გადიოდეს.
- ტრიბუნების რეაქცია ასე ისმის მოედანზე?
- როდესაც მოედანზე გადიხარ, მთლიანად კონცენტრირებული ხარ თამაშზე და ასი პროცენტით დახარჯვას ფიქრობ. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში ტრიბუნებს ყურადღებას არ აქცევ. გულშემატკივრები მთელი 90 წუთის განმავლობაში გვქომაგობენ და ეს “ესპანიოლთან” მატჩშიც ასე იყო.
- ბოლო ორი შეხვედრა ისე დამაჯერებლად არ მოგიგიათ, როგორც ადრე. ალბათ გუნდი უფრო მეტხანს უნდა ფლობდეს ბურთს, რომ მოედანზე ძველებურად ბრწყინავდეს...
- მე მუდამ ბოლომდე ვცდილობ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას და გუნდის დახმარებას. მაგრამ ჩვენ ადამიანები ვართ და არა რობოტები. არის მომენტები, როცა ყველაფერი კარგად მიდის, ზოგჯერ ეს არ გამოგვდის. მე ყველა შეხვედრას ერთნაირი განწყობით ვხვდები და ვეცდები, მომავალ მატჩში უკეთ ვითამაშო.
- განვლილ მატჩს მეორე დღეს თუ უყურებთ?
- არა, ეს არ მჭირდება. გონებაში ისედაც მრჩება კარგი და ცუდი მომენტები. ვცდილობ, ყველაფერი გავაანალიზო, შეცდომები გამოვასწორო და რაც შეიძლება მალე დავივიწყო.
- როგორც ჩანს, “სანტიაგო ბერნაბეუს” გულშემატკივრები, თამაშით კმაყოფილი არ არიან.
- დარწმუნებული ვარ, სულ მალე “ბერნაბეუს” ტრიბუნები ჩვენს თამაშს ტაშით დააჯილდოვებს. გათამაშების ლიდერები ვართ და ისიც კარგად ვიცით, რომ თამაშის მომატება შეგვიძლია. წინ რთული გზა გველის, მაგრამ “რეალი” ახალგაზრდული გუნდია და ზრდა შეუძლია. აუცილებლად ვაჩვენებთ იმ ძლიერ თამაშს, რომელიც გულშემატკივრებს მოეწონებათ.
- ახლა რატომ ვერ აჩვენებთ კარგ თამაშს?
- “აიაქსთან” და “ოსასუნასთან” ხომ კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ?! ახალგაზრდა გუნდი გვყავს უდიდესი პოტენციალით, ვითარდებით და ვიზრდებით.
- თქვენ ზინედინ ზიდანის თამაშებზე გაიზარდეთ, რომლითაც მუდამ მოხიბლული იყავით. “ზიზუსი” ყველაზე მეტად რა მოგწონდათ?
- ის, თუ როგორ იოლად აკონტროლებდა ბურთს, მისი მოხერხებულება და საფრთხე, რომელიც მეტოქის კარს “ზიზუსგან” მუდამ ემუქრებოდა. ზიდანი იყო სრულყოფილი ფეხბურთელი, ამასთან ცივსისხლიანი. ეს აღფრთოვანებას იწვევს.
- ზიდანის კერპი ურუგვაელი ენცო ფრანჩესკოლი იყო, რომელიც აღიარებდა, რომ ზიდანის ყველაზე ძლიერი მხარე, ბურთის ფანტასტიკური კონტროლი იყო და ამით სხვებზე მუდამ ერთი ნაბიჯით წინ იყო. თქვენი ძლიერი მხარე რომელია?
- საკუთარი თავის ქება არ მიყვარს და სჯობს, ამის შესახებ სხვებმა ისაუბრონ.
- ზიდანის თამაშებიდან ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რომელმა შეხვედრამ დაგიტოვათ?
- რაღა თქმა უნდა გლაზგოში გამართულმა ჩემპიონთა ლიგის ფინალმა, სადაც ზიდანმა “ლევერკუზენს” ფანტასტიკური გოლი გაუტანა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო გოლია და ვისურვებდი, მსგავსი გოლი მეც გამეტანოს. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა და მისი მოგებაა. ასეთ შემთხვევაში, თუ ვინ გაიტანს გოლს მნიშვნელოვანი აღარ იქნება.
- რატომ არის მოურინიო სხვებისგან გამორჩეული მწვრთნელი?
- ის ყოველთვის აღწევს წარმატებას და იცის თითოეული მოთამაშისაგან მაქსიმუმი როგორ მიიღოს. მისი ძლიერი მხარეებია დამოუკიდებელი მოქმედება და უმაღლესი დონის დისციპლინა. პირადად ჩემთვის, მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია.
- თანაგუნდელებს რა ენაზე ესაუბრებით?
- ხანდახან ინგლისურად, ხანდახან დამტვრეული ესპანურით. ესპანურის სწავლა უკვე დავიწყე, ამასთან, სამწვრთნელო შტაბში ჟოზე მორაეში გვყავს, რომელიც ჩემთვის გაუგებარ ფრაზებს მითარგმნის.
- კვირაში რამდენჯერ გაქვთ ესპანურის გაკვეთილი?
- ორჯერ ან სამჯერ. ეს იმაზეა დამოკიდებული, გვაქვს თუ არა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა.
- კრიშტიანუ ინდივიდუალისტია?
- არავითარ შემთხვევაში, ის გუნდის სრულფასოვანი ნაწილია. ამაში “ესპანიოლის” კარში გატანილი მეორე გოლიც დაგარწმუნებთ, როდესაც კრიშტიანუმ იგუაინს დიდებული გადაცემა გაუკეთა. ბედნიერები ვართ, გუნდში რონალდუს მსგავსი მაღალი კლასის ფეხბურთელი რომ გვყავს. ის გუნდისათვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.
- თანაგუნდელებიდან თამაშის ხარისხით რომელმა ფეხბურთელმა გაგაოცათ?
- ასეთი ბევრია და ვინმეს გამოყოფას არ ვისურვებდი. ყველამ კარგად მიმიღო და “რეალი” ნამდვილი ოჯახივითაა.
- აქ ყველა გუტის მემკვიდრედ მიგიჩნევთ. რას იტყვით მისი თამაშის შესახებ?
- ჩემი და მადრიდის “რეალის” თამაშები, ერთმანეთს ხშირად ემთხვეოდა და ამიტომ, მადრიდელების შეხვედრების ხილვა ხშირად არ მიწევდა. გუტი თამაშის წარმოუდგენელი ხედვით, შესანიშნავი გადაცემებით და მარცხენა ფეხით უბრწყინვალესი დარტყმით გამოირჩეოდა.
- თუ გრძნობთ იმ პასუხისმგებლობას, რასაც “რეალის” ფეხბურთელობა გაკისრებთ?
- რა თქმა უნდა. ძალიან მეხმარებიან თანაგუნდელები და სამწვრთნელო შტაბი.
- ფიზიკური დატვირთვების მხრივ, ესპანური და გერმანული ფეხბურთი ძლიერ განსხვავდება?
- სრულიად არა. “ვერდერსაც” ხშირად უწევდა კვირაში სამჯერ თამაში და პერიოდულად სანაკრებო მატჩებიც გვქონდა. “რეალის” ბოლო დღეები მართლაც დაძაბული იყო, მაგრამ ჩვენი სპეციალური ვარჯიშები სწორედ იმაზეა გათვლილი, რომ ფეხბურთელებმა დატვირთვებს წარმატებით გაუძლონ.
- რა მოხდება, როდესაც კაკა მწყობრში ჩადგება?
- ამაზე ნაკლებად ვფიქრობ. ამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არავის აქვს.
- უკეთ გაცნობის მიზნით, იქნებ მოგვიყვეთ, რას საქმიანობდნენ თქვენი მშობლები თურქეთიდან გერმანიაში გადასვლის შემდეგ?
- მამაჩემი რკინის საბადოზე მუშაობდა. საკუთარ ოჯახზე საუბარი არ მიყვარს, მირჩევნია, ჩემი ცხოვრების ეს ნაწილი არ გახმაურდეს.
- მაგრამ მამათქვენმა თქვენს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა...
- რა თქმა უნდა. ის მუდამ გვერდში მედგა და ახლაც ასეა. ჩემი ოჯახის და მეგობრების მადლობელი ვარ.
- მართალია, რომ მამათქვენი თამაშის დროს რჩევებს თურქულად გაძლევდათ?
- არა, ასე არ ყოფილა. უბრალოდ, ახალგაზრდულ გუნდებში თამაშისას, როდესაც ყველაფერი კარგად არ მიმდიოდა და თანაგუნდელების მშობლები მაინც მაქებდნენ, მამაჩემი მეუბნებოდა, რომ ქებისთვის ყურადღება არ მიმექცია. ის მუდამ სამართლიანი იყო და ამან ბევრი რამ მასწავლა.
- რომელი იყო ყველაზე ფასეული რჩევა, რომელიც მამათქვენისგან მიიღეთ?
- ის მუდამ მირჩევდა, რომ საკუთარი თავის რწმენა არ დამეკარგა. ამასთან, მე მორწმუნე ადამიანი ვარ. თამაშის დაწყების წინ, ყოველთვის ვლოცულობ და ეს მუდამ მეხმარება.
- რას ნიშნავს თქვენთვის რელიგია?
- ის ცხოვრებაში ძლიერ მეხმარება. თამაშის დაწყების წინ, ბევრი ჩემი თანაგუნდელი ლოცულობს. ყველას თავისი რელიგია აქვს. მე მაჰმადიანი ვარ.
- თურქეთში დაბადებულ ბავშვს გერმანიაში პრობლემები არ გქონდათ?
- მტრული დამოკიდებულება არასდროს მიგვრძნია, პირიქით, ყოველთვის ბევრი მეგობარი მყავდა და მათთან ურთიერთობა ახლაც მაქვს.
- ალბათ, მათთან ერთად გელზენკირხენის “მაიმუნის გალიებში” (ასე ეძახიან მავთულბადით შემოღობილ მოედნებს) ხშირად თამაშობდით...
- ჩემი სახლიდან ერთ-ერთ ასეთ მოედნამდე რბენით 20 წამში მივდიოდი და მეგობრებთან ერთად ვერთობოდი.
- გელზენკირხენში ასეთ მოედნებს “მაიმუნის გალიებს” რატომ ეძახიან?
- წარმოდგენაც არა მაქვს, მაგრამ იქ თამაში ყოველთვის მსიამოვნებდა. ბურთი შორს არ მიდიოდა და თამაშის პაუზა თითქმის არ გვქონდა.
- ფინანსური კუთხით, ალბათ, რთული ბავშვობა გქონდათ...
- მშვენიერი ბავშვობა მქონდა და მას ახლაც დიდი სითბოთი ვიხსენებ. ოჯახმა ყველაფერი მომცა, რაც კი მჭირდებოდა.
- როგორ დახარჯეთ თქვენი პირველი ხელფასი?
- მაშინ “შალკეში” ვთამაშობდი. განაცხადი შევიტანე მართვის მოწმობის ასაღებად, ავტომობილი შევიძინე და ოჯახის დახმარება დავიწყე.
- საკუთარ თავს მორიდებულ პიროვნებად თვლით?
- არა, მაგრამ თავშეკავებული ადამიანი კი ვარ. მშვიდი ბუნების, მაგრამ მეგობრებთან ყველაფერი იცვლება, ვხუმრობ და ბევრს ვლაპარაკობ.
- მადრიდში ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?
- უმეტეს დროს სახლში ვატარებ. გამაოცა მადრიდელმა ხალხმა, ისინი ძალიან მეგობრულები არიან.
- თქვენი ყველაზე დიდი ნაკლი რომელია?
- არ ვიცი. ღვთის მადლით, მხიარული და ბედნიერი ადამიანი ვარ. უფლის მადლობელი ვარ ყველა იმ სიკეთისთვის, რითიც დამაჯილდოვა და ცხოვრებით ვტკბები.
- თქვენ და თომას მიულერმა, გერმანიის ეროვნული ნაკრების თამაშში ახალი სტილი შეიტანეთ. კმაყოფილნი ხართ?
- ნაკრების თამაში საგრძნობლად გაძლიერდა. გვყავს ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელები, რაშიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა დარწმუნდა. სწორ გზაზე ვდგევართ.
- მიმდინარე სეზონში რა მიზნები გაქვთ?
- მინდა შევინარჩუნო ჯანმრთელობა, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავიმკვიდრო და რაღა თქმა უნდა, ტიტულები მოვიგო.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა







