ფეხბურთი

20:30 | 26.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგი”: ლამაზი გოლები და ჰაერივით საჭირო 3 ქულა

 

რუსთავის “მეტალურგმა” პრინციპული მატჩი მოიგო და მიზანს, რასაც ექვსეულში შესვლა ჰქვია, მიუახლოვდა. ვარლამ კილასონიას გუნდს მომდევნო ტურებში უფრო მძიმე ბრძოლები ექნება, მაგრამ “ვიტ ჯორჯიასთან” გამარჯვება, შესაძლოა, გადამწყვეტი გამოდგეს. ორივე გოლი ცხინვალის “სპარტაკიდან” გადასულმა ახალგაზრდებმა გაიტანეს, თანაც, ორივე რუსთაველებმა.

პირველ ტაიმში ორი არჩათვლილი გოლი ვიხილეთ. ჯერ ვიტელებმა გაიტანეს, შემდეგ კი რუსთაველებმა, თუმცა ორივე თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. “მეტალურგს” სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, ოღონდ, მცირე. გამოსარჩევი იყო გიორგი ჩირგაძისა და გიორგი სეთურიძის დარტყმები – ორივეჯერ ოდნავ უზუსტო გამოდგა. ტაიმის ბოლოს კი რუსთაველთა მეკარე კონსტანტინე სეფიაშვილმა იმარჯვა, როცა ელგუჯა ლობჯანიძის თავური მოიგერია.

მეორე ნახევარი გაცილებით კარგი საყურებელი გამოდგა და არა მარტო გოლების გამო. ტემპმა იმატა, მწვავე შეტევებიც ვნახეთ და შეიძლება ითქვას, მოსაწყენი თამაში არ ყოფილა. 49-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა: კახაბერ კაკაშვილმა საჯარიმოს გარეთ მკერდით ჩამოიღო ბურთი და ძლიერი დარტყმით გაიტანა. ლამაზი გოლი იყო – 1:0.

მალევე, მეორე ლამაზი გოლი გავიდა, რომელიც ვარლამ კილასონიამ მიითვალა: მან საჯარიმო ზუსტად შეასრულა, ტექნიკურად დაარტყა და მეკარე ვერ მისწვდა ბურთს – 2:0.

საერთოდ, რუსთაველები უფრო მარჯვენა ფლანგიდან უტევდნენ, სადაც სეთურიძე და არჩილ ტვილდიანი იყვნენ გამწესებულნი, თუმცა ბოლო ნახევარ საათში მარცხენა ფლანგიდანაც იმატა სიმწვავემ და ეს შეცვლაზე შესული ირაკლი გოგინაშვილის დამსახურებაა.  რაც შეეხებათ ვიტელებს, მწვრთნელმა ზურაბ ბერიძემ პირველი გოლის გაშვების შემდეგ შეიყვანა მეორე ფორვარდი: ლობჯანიძეს ლევან კუხალეიშვილიც დაახმარა, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო. თითქოს უფრო მეტს უტევდა “ვიტ ჯორჯია”, მაგრამ გგოალმდე სამე ვერ მიიყვანა. ლობჯანიძეს ორჯერ აუცდა თავური, ხოლო კუხალეიშვილმა აკრობატული დარტყმით ააცილა. კიდევ, შოთა დავლაშელიძის თავურია აღსანიშნავი – ამ შემთხვევაშიც ოდნავი უზუსტობა.

2:0-ის შემდეგ, რუსთაველებმა კონტრშეტევებზე ააგეს თამაში, ოღონდ ეს იშვიათად გამოსდიოდათ. კილასონია ეძახოდა ფეხბურთელებს, არაა საჭირო ამდენი უკან პასი, წინ გადაიტანეთ თამაშიო... მართლაც, იყო მონაკვეთები, როცა მასპინძლები ზედმეტად ფრთხილობდნენ და წინ წასვლას ვერ ბედავდნენ.

და მაინც, იმ იშვიათი კონტრშეტევებიდან რუსთაველებს მესამე გოლის გატანა თავისუფლად შეეძლოთ. ჯერ იყო, ჩირგაძემ პირისპირ გასვლისას ააცილა; გოგინაშვილმა გარღვევა პირისპირ გასვლით დაასრულა, დაარტყა და მეკარე ჯონი შეროზიამ ფეხით მოიგერია, დამატებაზე კი ოქროპირიძე ურტყამდა და ისევ შეროზიამ იმარჯვა; ბოლოს კი გოგინაშვილის მარცხნიდან გარვევასა და პასს კაკაშვილის უზუსტო დარტყმა მოჰყვა.

თუ გავითვალისწინებთ, რა შედეგებით დასრულდა ტურის სხვა მატჩები, რუსთავეელებმა მართლაც ჰაერივით საჭირო 3 ქულა მოიპოვეს. “ვიტ ჯორჯიას” ექვსეულში შესვლის შანსი კი საკმაოდ შემცირდა.

 

მატჩის შემდეგ:

ვარლამ კილასონია: “ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. მართალია, “ვიტ ჯორჯიას” წამყვანი ფეხბურთელები დააკლდნენ, მაგრამ ეს ის კლუბია, სადაც ცვლა მუდმივად მოდის. თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ვარ. ბევრი ტექნიკური წუნი იყო და იმდენი ვერ ვიმოძრავეთ, რამდენიც თუნდაც “დინამოსთან” შეხვედრაში. ეტყობა, მატჩებს შორის მცირე ინტერვალის ბრალიც იყო.

...მთავარია, 3 ქულა ავიღეთ, რაც ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ ორივე გოლი ახალგაზრდებმა გაიტანეს, თანაც, რუსთაველმა ფეხბურთელებმა. იმედია, ეს ფაქტი იმოქმედებს სტადიონზე გულშემატკივრების მომრავლებაზე”.

ზურაბ ბერიძე: “წავაგეთ და ცუდადაც ვითამაშეთ. ახლა უკვე მომდევნო მატჩებზე გადავერთვებით. რუსთაველებს ვულოცავ გამარჯვებას. გვაჯობეს თამაშით. გვქონდა მომენტები, მაგრამ რად გინდა, თუ გოლით ვერ დაამთავრებ. ჩემი ფეხბურთელები, რატომღაც, ძალიან თავდაჯერებულნი მეჩვენნენ და არ ვიცი, ეს რისი ბრალია.

...ჯანელიძეზე იყო კითხვა და მას, რა ტქმა უნდა, დიდ პატივს ვცემ, როგორც ფეხბურთელს და როგორც პიროვნებასაც, თუმცა “ვიტ ჯორჯია” ჯანელიძით არ დაწყებულა და არც დამთავრდება. ვეცდებით, შემცვლელები გამოვძებნოთ”.  

26.02. 14:00. რუსთავი. “ფოლადი”. 150 მაყურებელი

“მეტალურგი” (რუსთავი) – “ვიტ ჯორჯია” (თბილისი) 2:0 (0:0)

მეტალურგი: სეფიაშვილი, სეთურიძე, მახვილაძე, კილასონია, დავით საჯაია, დობროვოლსკი, გიგაური, ვასაძე (კაკაშვილი 46), ტვილდიანი (გოგინაშვილი 63), ჩირგაძე, ჩიმაკაძე (ოქროპირიძე 74).

მწვრთნელი: ვარლამ კილასონია.

ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, გეთიაშვილი, კალანდია, მჭედლიშვილი, წყაროზია (გახარია 55), ნიკა მაისურაძე (კუხალეიშვილი 55), დავლაშელიძე, კორიფაძე, სიჭინავა (კვირკვია 61), ლობჯანიძე.

მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე.

გოლები: 1:0 კაკაშვილი (49), 2:0 კილასონია (57).

გაფრთხილება: გიგაური (52), მჭედლიშვილი (90).

მსაჯი: აბდულა ბასლეჰლო (სირია).


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.177846