სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:22 | 9.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგი” ლიდერებშია

რუსთავის “მეტალურგმა”, არცთუ სახარბიელო სტარტის შემდეგ, სატურნირო მდგომარეობა რადიკალურად გამოასწორა და მეორე წრის სტარტზე ქუთაისის “ტორპედოს” დამარცხებით, მიმდინარე სეზონში პირველად მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

განვლილი მატჩის ბოლო 15 წუთში, რუსთაველებმა ვითარება თავად გაირთულეს, თორემ ორი ბურთით დაწინაურების შემდეგ, “ტორპედო” თამაშის შემომტრიალებელს არ გავდა. ამაში თავისი წვლილი გუნდის თავკაცმა გელა სანაიამაც შეიტანა, რომელმაც გიორგი ბერიაშვილი ნაადრევად შეცვალა. არადა, “მეტალურგის” ფორვარდს თამაში აშკარად მისდიოდა და საგოლე პასთან ერთად, თავის აქტივში გოლიც ჩაიწერა. მითუმეტეს, ის მაშინ შეცვალეს, როდესაც “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა ჟერარდ სარაგოსამ გუნდი სამ მცველზე გადააწყო და გიორგი ხიდეშელი წინა ხაზის გასაძლიერებლად ასწია. ბერიაშვილის გასვლის შემდეგ, რუსთაველთა შეტევას სიმწვავე აშკარად მოაკლდა. რადგან ბერიაშვილზე ვთქვით, არც რევაზ გეწაძე უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც ტრადიციულად ძალიან აქტიური იყო, მარცხენა ფლანგზე დიდი სამუშაო შეასრულა და ანგარიშის გახსნის გარდა, ბერიაშვილი საგოლე პასითაც მოამარაგა.

“ტორპედომ”, რომელსაც ერთი პერიოდი ჩემპიონატში საერთოდ არ წაეგო, ზედიზედ მე-3 მარცხი განიცადა. სჩანს, ქუთაისელთა ახალგაზრდა ფეხბურთელებს გამოცდილება მაინც არ ჰყოფნით, რომ მთელი სეზონი ერთ დონეზე ჩაატარონ. საქართველოს ჩემპიონატი რაც უნდა დაბალი დონის იყოს, ახალგაზრდული გუნდისთვის მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა იოლი ნამდვილად არაა.

აქვე უნდა ვთქვათ მე-4 მსაჯ ოთარ ხეცაძეზე, რომელსაც ორი ტაიმის განმავლობაში თორნიკე გვნაცელაძის გარჯით უკმაყოფილო ხან ერთი და ხან მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელი პრეტენზიით მიმართავდა, ზოგჯერ საკმაოდ ხმამაღლაც და მას ალბათ მეტი სიმკაცრე მართებდა. ყოველ შემთხვევაში მწვრთნელების დასაშოშმინებლად გვანცელაძე მაინც უნდა მოეხმო.  

მატჩი “მეტალურგის” იერიშით დაიწყო - მე-5 წუთზე, ბერიაშვილის პასის შემდეგ, გოგი ფიფია ერთ მეტოქეს გაცდა და მეტოქის საჯარიმოს თითქმის ხაზიდან ბურთი შორეულ კუთხეში “მოჭრა”, მაგრამ მაქსიმე ქვილითაიამ ხიფათი გაანეიტრალა. ამ ეპიზოდიდან მცირე ხანში, გიორგი ფანცულაია მარცხენა ფლანგზე ერთ რუსთაველს გასცდა და ცენტრში ოდანვ შეწევის შემდეგ დაარტყა – გრიგოლ ბედიაშვილმა ბურთი ხელებში დააფიქსირა.

მე-11 წუთზე, ლუკა რაზმაძის გადაცემის მერე, ფიფია ერთი მოძრაობით შემოტრიალდა და მის მიერ სახიფათოდ დარტყმული ბურთი კარს ზემოდან გადაცდა. მე-19 წუთზე, გეწაძემ მარცხენა ფლანგიდან ძალიან სახიფათო გადაცემა გააკეთა და ბურთს ჯერ ბერიაშვილი “აცდა”, შემდეგ – დავით კირკიტაძე, თორემ შესაძლოა ანგარიშიც გახსნილიყო.

10 წუთში, მარჯვენა ფლანგიდან ნიკა ახვლედიანმა ბურთი “მეტალურგის” საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც თორნიკე კაპანაძემ გაცილებით ტანმაღალ ლევან კაკუბავას დაასწრო, თუმცა თავით მიზანს ააცილა. კაპანაძე სიმაღლით არ გამოირჩევა, მაგრამ ამის მიუხედავად “მეორე სართულზე” კარგად თამაშობს, ვინაიდან პოციზიას არჩევს და დროულად ხტება ხოლმე.

34-ე წუთზე, გეწაძემ შორი მანძილიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ქვილითაიამ ბურთი ხელებში შეიმაგრა. მალევე, “მეტალურგის” ზედ საჯარიმოს ხაზზე “თავისუფალი” დაინიშნა, რომელიც სტუმრებმა გაითამაშეს და მათე ცინცაძის დარტყმის შემდეგ, ბურთი ლაშა ჯაფარიძის ფეხიდან კარს მცირე მანძილით აცდა. კუთხური ნიკა ახვლედიანმა მოაწოდა და ხიდეშელის თავურის მერე, კაპანაძემ ახლო მანძილიდან ბურთი კარში თავით სუსტად გადაგზავნა – ბედიაშვილმა საიმედოდ ითამაშა.

მეორე ტაიმი 2 წუთის განახლებული იყო, ბერიაშვილმა ქუთაისელთა ნახევარზე ბურთი გიორგი გოროზიას აართვა და სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი გეწაძე მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან ქვილითაიასგან ახლო კუთხეში აუღებლად დაარტყა – 1:0.

52-ე წუთზე, მარცხნიდან გეწაძემ პასი “ტორპედოს” საჯარიმოში გააკეთა, სადაც ფიფიამ ხიდეშელს დაასწრო, თუმცა არაზუსტად დაარტყა. 55-ე წუთზე, “მეტალურგის” მორიგი იერიშის დროს, გეწაძემ მარცხენა ფლანგიდან ზუსტი პასი გაუკეთა ქუთაისელთა საჯარიმოში მყოფ ბერიაშვილს, რომელმაც თავით ლამაზი გოლი გაიტანა.

64-ე წუთზე, მეტოქის ნახევარზე ბერიაშვილმა ბურთი “ტორპედოს” ფეხბურთელს დასტყუა და გადაცემა არ დაუგვიანა კირკიტაძეს, რომელმაც საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა ახლო კუთხეში დაარტყა – ქვილითაია დამაჯერებლად გაისარჯა.

ამის შემდეგ, “მეტალურგი” ოდნავ მოეშვა და სტუმრებს უფრო სახიფათოდ მოქმედების საშუალება მისცა. 68-ე წუთზე, წინა ხაზში წაწეულმა ხიდეშელმა მარცხენა ფლანგიდან ბურთი რუსთაველთა საჯარიმოში ჩაჰკიდა და მამია გავაშელიშვილის თავურის მერე, ბედიაშვილმა მასპინძლების გოლის გაშვებისგან ნახტომში იხსნა. 71-ე წუთზე, პარტნიორის გრძელი გადაცემის მერე, ახვლედიანმა “მეტალურგის” საჯარიმოში ბურთი მიიღო და კაპანაძეს გადააწოდა, რომელმაც ახლო მანძილიდან თავით ანგარიშის შემცირების შანსი ვერ გამოიყენა.

78-ე წუთზე, გავაშელიშვილმა მარცხენა ფრთაზე გვერდი ერთ მოწინააღმდეგეს აუარა და საჯარიმოში შესულმა ოსტატური დარტყმით შორეულ კუთხეში გაიტანა – 1:2.

87-ე წუთზე, რუსთაველთა კონტრშეტევის დრო, გეწაძემ, “კედელი” გიორგი ჩირგაძესთან გაითამაშა და მარცხენა ფლანგიდან ზუსტი პასი მისცა გიორგი ქავთარაძეს, რომელიც ბურთის დამორჩილების შემთხვევაში ქვილითაიასთან პირისპირ დარჩებოდა.

ძირითადი დროის ბოლო წუთზე, “მეტალურგის” საჯარიმოში ბურთი ხიდეშელმა ჩაჰკიდა და კაპანაძემ თავით მიზანს ვერ უწია.

 

“მეტალურგი” (რუსთავი) – “ტორპედო” (ქუთაისი) 2:1 (0:0)

9 ნოემბერი. რუსთავი. სტადიონი “ფოლადი”.

მეტალურგი: ბედიაშვილი, ჯაფარიძე, კაკუბავა, ორბელაძე, მახვილაძე (კ), რაზმაძე (დობროვოლსკი, 83), გეწაძე, გურამ გურეშიძე, კირკიტაძე, ფიფია (ჩირგაძე, 72), ბერიაშვილი (ქავთარაძე, 72).

მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია.

ტორპედო: ქვილითაია, ცინცაძე, ჭელიძე, უბილავა, ხიდეშელი, გოროზია (გიგაური, 57), ჭანტურია (მთივლიშვილი, 81), კაპანაძე, ახვლედიანი, ფანცულაია, ბარაბაძე (მამია გავაშელიშვილი, 57).

მთავარი მწვრთნელი: ჯერარდ სარაგოსა (ესპანეთი).

გოლები: 1:0 გეწაძე (47), 2:0 ბერიაშვილი (55), 1:2 გავაშელიშვილი (78).

გაფრთხილება: რაზმაძე (26), ცინცაძე (34), ჭანტურია (54), გავაშელიშვილი (63), ჩირგაძე (88), ჭელიძე (89).

მთავარი მსაჯი: თორნიკე გვანცელაძე.

9.11.2013. 14:00. მცხეთა. "მცხეთა პარკი". 80 მაყურებელი

სპარტაკი (ცხინვალი) – მერანი (მარტვილი) 1:0(0:0)

სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, მგელაძე, ქურდაძე, მეგრელიშვილი, კაკაშვილი, შონია, ჩაფიძე, თუხარელი (კემუხტაშვილი 55), თექთურმანიძე (ფანცხავა 88), მეტრეველი.

მწვრთნელი: კახა კაჭარავა.

მერანი: შეროზია, გეგეჭკორი, ქარქუზაშვილი, გაბუნია, მელიავა, კერძევაძე, ბაბუნაშვილი (ხუბუა 88), ფონიავა, ქათამაძე (ციკოლია 75), მელქაძე, კუჭუხიძე.

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი.

გოლი: 1:0 შონია (89).

გაფრთხილება: კაკაშვილი (28), კერძევაძე (73), გაბუნია (90+2).

მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი.

 

დილა (გორი) – სიონი (ბოლნისი) 0:2 (0:1)

9 ნოემბერი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.”

გოლები: 0:1 თოთაძე (2), 0:2 განუგრავა (91)

მე-18 წუთზე მოდებაძემ პენალტი ვერ გამოიყენა


ჩიხურა (საჩხერე) – ზუგდიდი

10 ნოემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 14:00

დისკვალიფიცირებული: გიორგი პაჭკორია (“ზუგდიდი”)

მსაჯები: ბ. ნინუა, ზ. ფიფია, ლ. ვარამიშვილი, თ. ხუჭუა (სათადარიგო)

პირველ წრეში – 3:1

 

გურია (ლანჩხუთი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)

10 ნოემბერი. ქობულეთი. “ჩელე არენა.” 14:00

დისკვალიფიცირებულები: გურამ ადამაძე, გურამ მჭედლიშვილი (ორივე “ვიტ ჯორჯია”)

მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ზ. ბერულავა, ზვ. ერქვანია, ჯ. ხორავა (სათადარიგო)

პირველ წრეში – 0:3

 

ზესტაფონი – დინამო (თბილისი)

10 ნოემბერი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 18:00

დისკვალიფიცირებული: თევდორე გრიგალაშვილი (“ზესტაფონი”)

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ზ. მენთეშაშვილი, დ. ჩიგოგოძე, ა. კრიჭაშვილი, ა. ნონიკაშვილი, მ. ბეუქლიშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში – 1:2

 

1      დინამო                                      11              8              2               1                27:9                26                 
2 ჩიხურა                   11 7 1 3 25:19 22
3 მეტალურგი    12 6 3 3 18:16 21
4 ტორპედო 12 5 4 3 17:11 19
5 გურია 11 6 0 5 11:14 18
6 დილა 12 5 3 4 16:12 18
7 ზესტაფონი 11 4 3 4 12:8 15
8 სიონი 12 3 4 5 12:15 13
9 მერანი  12 4 0 8 12:26 12
10 ვიტ ჯორჯია 11 3 3 5 15:17 12
11 სპარტაკი  12 3 1 8 9:16 10
12 ზუგდიდი 11 1 4 6 5:16 7


მეგოლეები:

9 - ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”)

8 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)

6 – დორინ გოგა (“დინამო”)

5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)

4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე - “ვიტ ჯორჯია”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ვილი ისიანი (“გურია”),

3 – ლადო ახალაია, ლაშა თოთაძე (ორივე - “სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ჯამბულ ჯიღაური, გიორგი გაბედავა (ორივე - “ჩიხურა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

 

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

სსს-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09624