გულშემატკივრის სვეტი

10:50 | 7.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

მეწამლიები

“გეიგე, ჩვენს ფეხბურთში რომ მეწამლიე ხალხი ყოფილა?” “შენც ახლა რამე ახალი არ მითხრა... მაი ამბავი ხომ ყველამ იცოდა”. “ჰოდა, თუ ყველამ იცოდა, რეიზა არ გაამხილეს? შეეშინდათ თუ რაია?” “ახლა თუ გაამხილეს, გგონია რამე შეიცვლება? გასკვანჩავენ 2-3 კაცს, დეიწყება ერთი ოცობოდია და ბოლოს ყველაფერი ისევე გაგრძელდება რავარც აქამდე იყო” - ეს დიალოგი თბილისი-ფოთის მატარებელში ორ ახალგაზრდა იმერელ ბიჭს შორის შედგა. ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ის არის, რომ ამ ორ ყმაწვილკაცს, ისევე როგორც ქართველი გულშემატკივრების დიდ ნაწილს, ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს აგორებულ ნარკო-სკანდალთან დაკავშირებით ნიჰილისტური დამოკიდებულება აქვთ და ფიქრობენ, რომ სიტუაციის გამოსწორება არათუ ძნელი, დიდი შანსია, შეუძლებელიც კი იყოს.
ზედმეტი ლაყაფი რომ არ გამოგვივიდეს, მოდით პირდაპირ ვთქვათ: ნარკომანობაში ეჭვმიტანილად დასახელებულმა ადამიანებმა საკუთარი ბრალეულობა დიდი ცრემლისთხევისა და მონანიების თანხლებითაც რომ აღიარონ, ქართველ გულშემატკივრებს სიტუაციის გამოსწორების იმედი მაინც ნაკლებად ექნებათ და ამაში დამნაშავე ყველაზე მეტად საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სამართალდამცველი სტრუქტურებია, რომლებმაც ფეხბურთში არსებული სრულიად არასპორტული და სამარცხვინო მანკიერებების წინააღმდეგ ბრძოლა საშინლად გვიან დაიწყეს და კაცმა არ იცის, რეალურად ახლა მაინც თუ დაიწყო ბრძოლა?! ზოგი ამბობს, რაკი ახლადგაპრეზიდენტებულმა ზვიად სიჭინავამ იცის, რომ კარგი სპორტული შედეგები ქართულ ფეხბურთში, ჯერჯერობით, ვერ იქნება, საქმის კეთების ილუზიის შექმნას ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლით ცდილობს, რადგან სულ მალე, როდესაც ქართული გუნდები მორიგ მარცხს იწვნევენ ევროსარბიელზე, სიჭინავას სათქმელად ექნება: “აბა რა ვქნა თქვე კაი ხალხო, როდესაც სფფ ჩამაბარეს, ამ ნარკომანებისა და უნამუსო ხალხის გადამკიდე, ისეთი არეული სიტუაცია დამხვდა, ასე უცებ მე კი არა, აველანჟიც ვერ გამოასწორებს საქმეს. მოდით ჯერ ნარკომანიისაგან გავწმინდოთ ფეხბურთი და შედეგები მერე მომთხოვეთ”.
მსგავსმა ვარაუდებმა ადვილი შესაძლებელია, რომ კიდეც გააღიზიანოს ქართულ ფეხბურთში მომუშავე პატიოსანი ადამიანები (დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეთები ჯერ კიდევ ბევრნი არიან), მაგრამ არავის უნდა დაავიწყდეს, რომ გულშემატკივარს ნამდვილად აქვს თუნდაც ასეთი შორსმიმავალი და ერთი შეხედვით, ფანტასმაგორიული ვარაუდების გამოთქმის უფლება.
ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, დამოუკიდებლობის შემდეგ, ახლადშექმნილ საქართველოს ისტორიაში პირველი ეროვნული ნაკრების გამოსვლა. მაშინ სულ სხვა მოთხოვნებს უყენებდნენ ჩვენ გუნდს და არც ისე ცოტა ადამიანი ელოდა 3-3 ქულებით, საქართველოს ნაკრების მუნდიალებზე გასვლას.
მერე რაკი ნახეს, რომ საქმე უკან-უკან მიდიოდა და 0:1 მარცხი კი არა, 0:3 და 0:4 წაგება ლამის ჩვეული ამბავი გახდა. საუბარიც სულ სხვანაირი დაიწყეს - კი ვმარცხდებით, მაგრამ ჩვენ ისეთი პერსპექტიული გუნდი გვყავს, დღეს თუ არა, ხვალ დავიქუხებთო. ახლა მსგავსი ოცნებები და სურვილები მხოლოდ და მხოლოდ წარსულის აჩრდილებადღა გვახსოვს, ყოველი მატჩის წინ გამუდმებულ შიშში ვართ, რომ ჩვენი გუნდის შესრულებით მორიგ კატასტროფულ საშინელებას ვიხილავთ და ერთადერთი სურვილიღა დაგვრჩა, სურვილი იმისა, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა ბოლომდე გულით ითამაშონ და რაც გამოვა, გამოვა...
ჰოდა, რაკი გამარჯვებების იმედი თანდათან ქრება, ანუ გულშემატკივარი უკვე წინასწარ დამარცხებისთვისაა განწყობილი, ისღა დარჩენია, უკანასკნელ იმედს ჩაებღაუჭოს და ირწმუნოს, რომ ბოლოდროინდელი ცუდი შედეგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედაც რომ ფეხბურთში არსებული ნარკომანიაა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის “ბაირაღიც” ააფრიალოს. ადვილი შესაძლებელია, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლამ შედეგები მართლაც გამოიღოს და გამოაშკარავების შიშით, ბევრმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა აიღოს ხელი “ბარიგების” გამდიდრებაზე, მაგრამ ისიც ადვილი წარმოსადგენია, რომ ამ საქმიდან ბევრი არაფერი გამოვიდეს და აი მაშინ კი დადგება დრო, როდესაც ლამის მთელს სამყაროზე გამწყრალი ქართველი ქომაგისათვის პროგრესირების ილუზიის შემქმნელი ახალი სატყუარა გახდება გამოსაგონი. ეს კი, არც ისე ადვილი იქნება...

ლევან სეფისკვერაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093124