მოახლოვდა თბილისის "დინამოსა" და ყაზახური "აქტობეს" მატჩი. ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა 16 ივლისს, 21:00 საათზე დაიწყება "დინამო არენაზე". თბილისის "დინამოს" ჩეხმა მწვრთნელმა მიჰალ ბილეკმა პრესკონფერენციაზე წინასამატჩო ამბებზე ისაუბრა. მასთან ერთად გახლდათ თანაშემწე მარსელ ლიჩკა და კაპიტანი გიორგი ლორია.
მიჰალ ბილეკი: - ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ჩვენი მიზანია, ევროტურნირებზე რაც შეიძლება მეტი ეტაპი გავიაროთ. რთული შეხვედრა გველის და იმან, რომ რამდენიმე დღის წინ მეტოქემ "ქაირატთან" 1:7 წააგო, შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. ეს არაა ილუზიის საბაბი.
- რამდენად კმაყოფილი ხართ არსებული კონტიგენტით?
- ის შემადგენლობა, რაც დღეს გვყავს, ბოლომდე შემართულია ამ ეტაპის დასაძლევად.
- ჩისკო რამდენად მზადაა სათამაშოდ?
- მას კუნთის ტრავმა ჰქონდა. ხვალ სასტარტოში დაიწყებს თუ შეცვლაზე შემოვა, ამას დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ უკეთ გავარკვევთ.
- ყაზახეთში ამ დროს მაღალი ტემპერატურაა და ამდენად, ხომ არ ფიქრობთ, რომ შინ აუციულებლად სოლიდური გამარჯვება გახდება საჭირო, რათა ყაზახეთში გუნდი მშვიდად გავიდეს?
- ამინდი ორივესთვის ერთნაირი იქნება. თბილისში ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, რომ მოვიგოთ და გოლი არ გავუშვათ.
- ყაზახეთში ამბობენ, რომ შესაძლო მეტოქეებიდან ყველაზე არასასურველი სწორედ "დინამო" იყო. თქვენ რას იტყვით მეტოქეზე?
- "აქტობეს" რამდენიმე მატჩი ვნახეთ. გუნდი კარგად დაბალანსებულია და ორგანიზებულად თამაშობს. შანსები 50/50-ზეა და დანარჩენს უკვე თამაშისას ვიხილავთ.
გიორგი ლორია: "უცხოურ შეკრებაზე წაგებებით ნუ გავნსაზღვრავთ ჩვენს შესაძლებლობებს. ეს ტესტ-მატჩები იყო, ახალი მწვრთნელი მოვიდა, გაცნობას დრო სჭირდებოდა. სეზონი ჯერ არ დაწყებულა და შესაძლოა, ამ ეტაპზე 100 პროცენტით ვერ გამოვავლინოთ ჩვენი პოტენციალი, მაგრამ მიზანი ერთია: ამ ეტაპის გადალახვა".
პრესკონფერენცია მხიარულად დასრულდა. ერთ-ერთმა ჭაბუკმა გულშემატკივარმა ჩეხურად დაუსვა კითხვა ბილეკს, რაც აშკარად ესიამოვნა დინამოელთა მწვრთნელს და მის თამაშემწე ლიჩკასაც. ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. ამ ჭაბუკმა ვინაობა გაგვაცნო: რამაზ ჩხიკვაძე - ლეგენდარული მსახიობის, რამაზ ჩხიკვაძის შვილიშვილი. ის ჩეხეთში ყოფილა დაბადებულ-გაზრდილი.
ვარჯიშს რაც შეეხება, მხოლოდ საწყისი 15 წუთით იყო ღია.







