სტატიები

13:50 | 19.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

“მიკი მაუსის” თამასა

მცირე ერი ვართ და როგორც ყველა მცირე ერს სჩვევია, ცოტათი ტრაბახებიც. საფეხბურთო ამბებშიც ასეა – ხუთიოდ საბჭოური და ერთი საერთაშორისო ტიტული მოიპოვა ქვეყნის უპირველესმა კლუბმა, თბილისის "დინამომ" და...

დღემდე, იმ ტიტულებისა და პრიზების გამო აპრეხილი ცხვირის ჩრდილქვეშ ვცხოვრობთ.
არა, წარსულის დაკნინება არანაირად მიფიქრია, საქმემ და მდგომარეობამ ისე მოიტანა, სწორედაც რომ იმ გამარჯვებებით გვიდგას სული, მაგრამ "დინამოს" და შესაბამისად, ქართული ფეხბურთის ისტორიაში იყო მატჩები, რომლებიც არა მარტო თავისი მნიშვნელობით, ზოგადად, ყველა საფეხბურთო კრიტერიუმითაც "სატიტულო" მატჩებზე მაღლა იდგნენ.
რაღა ბევრი გავაჭრელო: საფეხბურთო საქართველოს და თბილისს არ უნახავს იმაზე დიდი ფეხბურთი, რომელიც 1979 წლის შემოდგომაზე, ჯერ "ლივერპულთან" და მერე "ჰამბურგერ შტორფერაინთან~"ნახა. 
ეს იყო ეპილოგი დიდებული შესავალისა: საბჭოური ფეხბურთის ლაბირინთებში მოყელყელავე "დინამო" ისტორიაში მეორედ გახდა სსრკ-ის ჩემპიონი – პირველად ეს 14 წლით ადრე, 1964-ში მოხდა. ჩემპიონობას წინ ვერცხლ-ბრინჯაო და 1976 წელს მოპოვებული თასი უძღოდა. 
ახალი მწვრთნელი, ახალი შემადგენლობა, ახალი, 75-ათასიანი სტადიონი და ლამის ყოველ კალენდარულ მატჩზე გადაძეძგილი ტრიბუნები – სხვისა არ ვიცი და ესეც ქართული ფოკუსი მგონია, იქ სადაც 75 ათასი მაყურებელი უნდა დატეულიყო, 90 და მეტი ათასიც დატეულა. 
წლები გვედგა ჭიაყელასავით გაწელილი სოციალიზმისა – ამას მერე უძრაობის ხანა დაერქვა და მაშინ კი... მაშინ ცოტანი ფიქრობდნენ ამაზე – ჰყვაოდა სპეკულაცია, ჩრდილოვანი ეკონომიკა; საქართველოში, სარვამარტო მოსკოვში გასაყიდად განწირული მიხაკები, ხოლო საქართველოდან შორს, ციმბირში, რკინის მცენარეები – მავთულხლართები.
ბასკებთან გაცილებით ადრე, 40 წლის წინათ გამართული დაპირისპირების მერე თბილისს არ ახსოვდა ასეთი ანშლაგი – ჩამოვიდა ჯერ "ლივერპული", მერე "ჰამბურგი" და ხალხმაც ღამეები ათენა ქვეყნის უპირველეს სტადიონთან.
ბილეთები საბჭოურად იაფი ღირდა – ეს "ოფიციალურად", თორემ შავ ბაზარზე არ იკითხავთ? ის, რაც იმდროინდელი კურსით, ორი-სამი დოლარი უნდა ღირებულიყო, ასორმოცდაათ და მეტ დოლარად იყიდებოდა. 
გვყავდა გუნდი, რომელიც საბჭოურ სარბიელზე ქვას-ქვაზე არ ტოვებდა, მაგრამ ევროტურნირებზე ჯერაც არაფერი დაემტკიცებინა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფეხბურთელებზე პოპულარული თვით ძია ლენინიც აღარ იყო, გულშემატკივარი მაინც ერთგვარი შემწყნარებლობით ელოდა პატარა ბიჭის - "დინამოს", დიდ კაცებთან - ჯერ "ლივერპულთან" და მერე "ჰამბურგთან" ძიძგილაობას.
ქართულმა კლუბმა ორივე პირველი მატჩი სტუმრად ჩაატარა. რეპორტაჟებიც საოცრად განსხვავებული იყო: ლივერპულიდან შეხვედრა რადიოთი მოვისმინეთ, დანარჩენი 3 კი, საქართველოს ცენტრალურმა – პირველმა არხმა აჩვენა. 
ყველა მატჩი კოტე მახარაძემ წაიყვანა – კომენტატორმა, რომელმაც თავის უფროს მეგობარ ეროსი მანჯგალაძესთან ერთად, არტისტიზმისა და საფეხბურთო მონათხრობის სიმბიოზი შექმნა და მგონი, არ ვცდები, მათ მერე მომავალ ქართველ კომენტატორებს კვარცხლბეკის პირველი 2 საფეხური სამუდამოდ აართვა. 
რა ხდებოდა ინგლისში, საქართველოს ეგრეც არ უნახავს – არსებობს ათწამიანი კადრი, რომელმაც ალექსანდრე ჩივაძის მიერ გატანილი გოლი შემოინახა და სულ ეს იყო. რაც შეეხება, რადიორეპორტაჟისას ხაზიანი, საოჯახო რადიოებიდან გადმოღვრილ ხმაურს, ის სულ ლივერპულური გიჟმაჟობა იყო, რომლის ფასსაც მხოლოდ მაშინ გაიგებ, თუ მოისმენ და დაინახავ კიდეც.
სხვანაირად, როგორც საქართველოში იტყვიან – დოს მარილი აკლია. 
ფეხბურთელებიც ჰყვებოდნენ, როგორ არა: დინამოელთა მთავარმეგოლეს - რამაზ შენგელიას აქვს ნათქვამი, კენი დალგლიშს რომ შევხედე, თავი და ფეხბურთი ერთად დამავიწყდაო.
არც არის გასაკვირი, პროვინციიდან წელიწადნახევრით ადრე ჩამოყვანილი 22 წლის ვარსკვლავბიჭუნასათვის დალგლიში მეტოქე კი არა, ავტორიტეტი იყო – მადლობა ღმერთს, დამთრგუნველი კი არა, გამაღიზიანებელი ავტორიტეტი.
საქართველოში, დალგლიშის გარდა, რეი კლემენსი და ფილ ნილი იცოდნენ სხვებზე მეტად, სხვებიც, მაგრამ ესენი განსაკუთრებით. 
და ჩამოვიდა ახალკაცი და კომპანია თბილისში ლივერპულთან" 1:2 წაგებული მატჩით. დამოკიდებულება ისევ ისეთი, ძველებური, გაკვირვებანარევი, წამქეზებლური, პატარა ბიჭების მიმართ რომ აქვთ ხოლმე: აი, ყოჩაღ?!
ის, რაც "დინამომ" საპასუხო, თბილისურ მატჩში ჩაიდინა, ერთგვარი ხულიგნობა იყო – ინგლისურ ამინდში, ინგლისურ გრანდს 90-წუთიანი საფეხბურთო ლექცია ჩაუტარა და ქართული წვიმის აკომპანიმენტზე 3 უპასუხო გოლით დაასაჩუქრა ბობოლა სტუმარი.
ახალკაცის გუნდის თამაში ქართულ სიმღერას ჰგავდა – პოლიფონია იმდენად თვალსაჩინო იყო, ლივერპულელებმა ეგრეც ვერ გაიგეს, ვინ ასრულებდა მოძახილს, კაპიტანი მაჩაიძე, დირიჟორი ყიფიანი, ფრთაზე მქროლავი დენთის კასრი გუცაევი თუ დებიუტანტი ჭილაია... 
მორჩა პირველი, ორრაუნდიანი ეტაპი და საფეხბურთო საქართველოს მჭიდი ბოლომდე ამბიციით დაიტენა: თუკი "ლივერპულს" მოუგეს, რატომ ვერ უნდა მოუგონ ჰამბურგს? მერე რა, რომ იქ მაგათი, ჰრუბეში, კალტცი და კიგანი თამაშობენ? ზედაც ქართული ლოგიკა: ყიფიანმა გერმანიაში საენციკლოპედიო გოლი გაიტანა, "ჰამბურგმა" მხოლოდ ქართველი მცველის მიერ საკუთარ კარში ჩაჭრილი ბურთით მოითქვა სული და ის 1:3 რა ისეთი ანგარიშია... 
"დინამო" სახლის გუნდია – ყველაზე მთავარი ხომ ესაა, "ლივერპული" როგორ დავიფრინეთ?! 
მრავლისმთქმელი იყო ჰამბურგელთა მწვრთნელის - ზებეცის ფრაზა კაპიტან მანუჩარ მაჩაიძეზე: მე ცოტა მინახავს ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის რიტმის ასე კონტროლი შეეძლოსო.
თბილისში, მასპინძლებმა პირველი ტაიმის ნახევარი ითამაშეს, ის პერიოდი თბილისელთა განაპირა მცველის - თამაზ კოსტავას ბენეფისად იქცა, ტრიბუნაზე მაყურებელს გულმა უღალატა, ტრიბუნები ხალხის სიმძიმემ კინაღამ ჩაანგრია... ქართველებმა გოლი გაიტანეს, საგოლე მომენტები შექმნეს და... "ჰამბურგს" მოულოდნელობიდან გამოსვლის, გადაწყობის საშუალება მისცეს. 
იმ მატჩის მომსწრე თბილისელებს რომ ჰკითხო, თბილისში კევინ კიგანის დონის ფეხბურთელს არც მანამდე, არც მერე არ უთამაშია - "მიკი მაუსმა" უკან დაიწია, გუნდი დაალაგა, თამაშის სადავეები მთლიანად საკუთარ ხელში მოიქცია და "დინამომ" კიდევ ერთხელ წააგო "ჰამბურგთან" - ამჯერად 2:3.
"ჰამბურგთან" მატჩის მეორე დღეს, გაზეთებშიც კი, ჩვენებურმა უკიდურესობამ იჩინა თავი: "ჩემპიონთა თასის მერვედფინალში თბილისის "დინამო" "ჰამბურგთან" 2:3 დამარცხდა". 
ეს მშრალი ფრაზა ისევე ჰგავდა ორი დღით ადრე გამოქვეყნებულ სათაურებს, როგორც მარილიანი ჩხირი ღორის ბარკალს, მაგრამ იდეოლოგიასაც ხომ უნდოდა ხარკი? 
...და მაინც, 1978 წლის სეზონის მიწურულს გამართული ის 4 მატჩი მშვენება იყო და არის "დინამოს" და ქართული ფეხბურთის ისტორიისა. 
იყო, არის და დარჩება კიდეც, ისევე, როგორც კევინ კიგანის მიერ ნათამაშები უმაღლესი შტრიხ-კოდის ფეხბურთი - "მიკი მაუსმა" საშემსრულებლო ოსტატობა ასწია თამასამდე, რომელსაც იმდროინდელი თბილისელი გულშემატკივრების აზრით, კიდევ კარგა ხანს ვერავინ წაეხახუნება.
 
კონსტანტინე გოგიშვილი
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099293