ფეხბურთი

2:36 | 17.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

„მილანმა“ იუბილეზე ქულა იკმარა

16 დეკემბერს, იმ დღეს, როდესაც „მილანის“ დაარსებიდან ზუსტად 114 წელი შესრულდა, „როსონერიმ“ „რომას“ უმასპინძლა. „მილანს“ საკუთარ იუბილეზე 13-ჯერ უთამაშია, აქედან 3-ჯერ „რომასთან“ და დედაქალაქური გუნდი არცერთხელ დამარცხებულა.

სერია A-ს მე-16 ტურის ბოლო მატჩს „რომა“ დაუმარცხებელი შეხვდა და წაგების გრაფიდან ნული არც „ჯუზეპე მეაცაზე“ გამართული მატჩის შემდეგ გამქრალა. იმის გათვალისწინებით, რომ რომაელები 2-ჯერ იგებდნენ, ისინი 3 ქულის აღებასთანაც ახლოს იყვნენ.

ანგარიში მატია დესტრომ გახსნა. ტრავმის მორჩენის შემდეგ, იტალიელმა თავდამსხმელმა მეტოქეთა კარის მიმართულებით მხოლოდ 2-ჯერ დაარტყა და 2 გოლი გაიტანა.

„მილანმა“ პირველივე ტაიმში გაათანაბრა. მასპინძლებმა კუთხური კარგად გაითამაშეს, რასაც ახლო მანძილიდან საპატას ზუსტი დარტყმა მოჰყვა. ცნობისთვის, ეს იყო პირველი გოლი, რომელიც „რომამ“ მიმდინარე სეზონში კუთხურიდან გაუშვა. სერია A-ში ერთადერთი გუნდი, რომელსაც კუთხურიდან ჯერ არ გაუშვია, „ინტერია“.

მე-2 ტაიმის დასაწყისში, ალეგრიმ აბიატის ნაცვლად მოედანზე გაბრიელი შეუშვა, რომელმაც ხუთიოდ წუთში ჟერვინიო წააქცია და არბიტრს თერთმეტმეტრიანის დანიშვნის საფუძველი მისცა. სტანდარტი გოლად სტროოტმანმა აქცია და „რომამ“, 21-ე საუკუნეში, სერია A-ში, 87-ე პენალტი გაიტანა. ამაზე მეტი, 100 თერთეტმეტრიანი, მხოლოდ „მილანს“ აქვს გატანილი.

შეხვედრაში წერტილი სალი მუნტარიმ დასვა, რომელმაც ბალოტელის კარგი თამაშის შემდეგ დე სანკტისს ახლო კუთხეში გაუტანა. ამ დარტყმის შემდეგ „მილანი“ გახდა პირველი გუნდი, რომელმაც მიმდინარე სეზონში „რომას“ 2 გოლი გაუტანა.

 

მილანი-რომა 2:2 (1:1)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა

მილანი (4-3-2-1): აბიატი (გაბრიელი 46), დე შილიო, საპატა, ბონერა, ემანუელსონი (ძაკარდო 89), მუნტარი, დე იონგი, პოლი (მატრი 66), მონტოლივო, კაკა, ბალოტელი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი, ბენატია, კასტანი (ბურდისო 45), დოდო, ბრედლი, დე როსი, სტროოტმანი, ლიაიჩი (ფლორენცი 81), დესტრო (ტოტი 64), ჟერვინიო

მწვრთნელი: რუდი გარსია

გოლები: 0:1 დესტრო (13), 1:1 საპატა (29), 1:2 სტროოტმანი (51), 2:2 მუნტარი (77)

გაფრთხილებები: გაბრიელი 50, კაკა 73, მონტოლივო 73, ბალოტელი 83 - დე როსი 11, სტროოტმანი 83

მსაჯი: ჯანლუკა როკი

ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 11 (4)-14 (4), კუთხური: 4-7, თამაშგარე: 3-0, სეივი: 2-2, ჯარიმა: 11-13.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.083796