ინტერვიუები

9:36 | 29.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

მილოშ კრასიჩი: “იუვენტუსში ერთ თვეში ლიდერი ვერ გახდები”

მოსკოვის ცსკა-ში გატარებული 6 წლის შემდეგ, მილოშ კრასიჩის საფეხბურთო კარიერაში ახალი ერა დაიწყო. ზაფხულში, სერბი ნახევარმცველი ტურინის “იუვენტუსმა” 15 მილიონ ევროდ შეიძინა და გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლუიჯი დელნერის თქმით, ის “ბებერი ქალბატონის” ერთ-ერთი ლიდერი უნდა გახდეს. მართლაც, კრასიჩმა გაცემული ავანსების გამართლება პირველივე შეხვედრიდან დაიწყო, ხოლო იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში “კალიარისთან” ჰეთ-თრიკიც მიითვალა. აპენინებზე გატანილი პირველი ბურთი კრასიჩმა ორიგინალურად აღნიშნა და როგორც აღმოჩნდა, გოლი თავის ახლადშობილ გოგონას, მილას მიუძღვნა. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც 25 წლის სერბ ფეხბურთელს რუსულმა გამოცემებმა ჩამოართვეს.
- კარიერაში ჰეთ-თრიკი ხშირად შეგისრულებიათ? რუსეთის პრემიერლიგაში მხოლოდ ერთხელ შეძელით ამის გაკეთება - გასული წლის აპრილში “ხიმკისთან” შეხვედრაში...
- აბსოლუტური სიმართლეა – პროფესიონალურ ფეხბურთში ერთ შეხვედრაში 3 გოლი მეორედ გავიტანე. კიდევ უფრო გასაკვირია, რომ “იუვენტუსში” “პირადი ანგარიში” ჰეთ-თრიკით გავხსენი. ვფიქრობ, “კალიარისთან” შეხვედრა ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება. ვერც წარმოიდგენთ ისეთი გახარებული ვარ იმით, რომ გუნდმა როგორც იქნა მოიგო. “იუვეს” უმაღლესი ხარისხის მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, გამარჯვებები ჩვევად უნდა გვექცეს.   
- “კალიარის” კარში გატანილი პირველი გოლის შემდეგ, ცერა თითი პირში ჩაიდეთ და ამით საწოვარას იმიტაცია გააკეთეთ...
- რა თქმა უნდა, ეს ჩემი გოგონას გულისთვის გავაკეთე. განვლილ მატჩში გატანილი ყველა გოლი მას მივუძღვენი. პირველყოვლისა, მოგებამ გამახარა, ხოლო შემდეგ ჰეთ-თრიკმა. იმედი მაქვს, ასეთი სულისკვეთებით გავაგრძელებთ, რადგან სეზონის დასაწყისი არცთუ კარგი გამოგვივიდა. ჩემი აზრით, გამარჯვების მერე, “იუვენტუსი” კიდევ უფრო გაძლიერდება და “სკუდეტოსთვის” სეზონის ბოლომდე იბრძოლებს.  
- პიტერ ოდემვინგის თქმით, მას, როგორც ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთი მატჩის საუკეთესო მოთამაშეს, ერთი ბოთლი შამპანური აჩუქეს. თქვენ რით დაგასაჩუქრეს?
- ჯერჯერობით არაფრით. როგორც ვიცი, იტალიაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელისთვის რაიმე საჩუქრის გაკეთების ტრადიცია არაა. სამაგიეროდ, პარტნიორებმა მთელი სულითა და გულით მომილოცეს. “იუვენტუსში” ძალიან მეგობრული კოლექტივია შეკრებილი.  
- ალესანდრო დელ პიერომ რა გითხრათ?
- უბრალოდ, ჰეთ-თრიკი და კარგი თამაში მომილოცა. დელ პიერო ნამდვილი კაპიტანია. ერთი განახათ, ბურთთან ერთად ვარჯიშებზე რას სჩადის. მას საუცხოო ტექნიკა და მაღალი კლასი აქვს. მაშინვე სჩანს, რომ შენს წინაშე “ვარსკვლავია”.
- საკვირაო მატჩში გამარჯვება გახდება “იუვენტუსის” აღმავლობის დასაწყისი?
- იმედია, ასე იქნება. ახლა ევროპის ლიგაზე “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ სტუმრად რთული შეხვედრა გველის, მაგრამ იქ საბრძოლველად მივდივართ.  
- იტალიის ჩემპიონატში და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ტურინელთა არადამაჯერებელ სტარტს რით ახსნით?
- დარწმუნებული ვარ, ჩვენი წარუმატებლობები დროებითი მოვლენაა. არცთუ ცუდად ვთამაშობთ, მაგრამ ხანდახან მოედანზე ურთიერთგაგება გვაკლია – გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია, განსაკუთრებით დაცვის ხაზში, რომლებსაც შესათამაშებლად დრო სჭირდებათ.  
- ლუიჯი დელნერის ვარჯიშებმა რით გაგაოცათ?
- იტალიაში მთავარი ტაქტიკაა. ტაქტიკური მეცადინეობები ყოველდღე ტარდება და დაახლოებით საათნახევარი ეთმობა. ყოველი ფეხბურთელი თავის სამოქმედო “დერეფანს” ზედმიწევნით სწავლობს.  
- გოლების გატანა იტალიაში უფრო რთულია თუ რუსეთში?
- იტალიაში ძალიან კარგი ჩემპიონატია და მეტოქეებიც ერთი მეორეზე უკეთესი.
- კლუბში უკვე “თავისიანად” გთვლიან?
 - საუცხოოდ მიმიღეს. “იუვენტუსში” ჩემთვის ყველაფერი მისაღებია, თუმცა თამაშს კიდევ უნდა მოვუმატო.
- თუმცა, ამის გარეშეც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ხართ...
- არა, ლიდერობამდე ჯერ კიდევ ბევრი მაკლია. ასეთ სახელოვან კლუბში, რომლის ღირსებასაც მართლაც მაღალი კლასის ოსტატები იცავენ, ერთ თვეში ლიდერი ვერ გახდები. თავადაც ვგრძნობ, რომ ასპროცენტიანი ადაპტაციისთვის და ჩემი საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებისთვის, კიდევ რამდენიმე მატჩი მჭირდება.   
- პარტნიორებმა დააფასეს, რომ “იუვენტუსის” პირველ ვარჯიშზე მისასწრებად კერძო თვითმფრინავი დაიქირავეთ?
- რა თქმა უნდა. იმ დღეს “იუვენტუსი” ამხანაგურ შეხვედრას ატარებდა, რომელზეც ჩემი პრეზენტაცია უნდა მომხდარიყო. სტადიონზე დაახლოებით 10 000-მდე გულშემატკივარი შეიკრიბებოდა და ამიტომ, თვითმფრინავი დავიქირავე, რომ არ დამეგვიანა. მიხარია, რომ მოვასწარი.
- ახალ გუნდში ვის დაუმეგობრდით?
- ჰასან სალიჰამიჯიჩს, რომელიც ძალიან მეხმარება და ხშირ შემთხვევაში თარჯიმნის როლსაც სწევს.
- გუნდში მთავარი “ხუმარა” ვინ არის და ხომ არ მოასწრეს უკვე თქვენი “მახეში” გაბმა?
- ჯერჯერობით არა. ისე, ყველაზე მხიარული პეპეა.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09735