საქართველოს ჩემპიონატში კლუბის ერთგული ფეხბურთელები ცოტანი არიან. 22-23 წლის მოთამაშეებსაც ნახავთ, რომლებსაც უკვე 5-6 კლუბი აქვთ გამოცვლილი. რა თქმა უნდა, ეს გადასვლა-გადმოსვლა კარგი ცხოვრებით არაა გამოწვეული - ზოგიერთი კლუბი იშლება, ან ფული ელევა, ზოგიც ფინანსურად ძლიერდება.
ერთგულ ფეხბურთელებს შორის კი, ერთ-ერთი გამორჩეული ბოლნისის "სიონის" მეკარე მინდია ბობღიაშვილია. ის 29 წლისაა და უკვე 10 წელია, რაც "სიონშია". მხოლოდ ერთხელ, 5 თვით გადავიდა ფოთის "კოლხეთში".
თურქულ შეკრებაზე "სიონმა" 3 მატჩი გოლგაუშვებლად ჩაატარა და ეს, უპირველესად, ბობღიაშვილის დამსახურებაა. თურქეთის შემდეგ, "სიონმა" საქართველოს ჩემპიონატი მოგებით განაახლა და თასზეც "ზუგდიდს" ორი მატჩის ჯამში 4:1 სძლია. მოკლედ, ბოლნისელები პროგრესს განიცდიან.
"მსოფლიო სპორტი" ბობღიაშვილს ესაუბრა:
- "სიონმა" ბოლო სამი მატჩი წარმატებით ჩაატარა. უპირველესად, რის ხარჯზე?
- მთავარი, რაც შეიცვალა, ხელმძღვანელობის მხრიდან მიდგომაა. არ მინდა, პირფერობად ჩამეთვალოს, მაგრამ ლადო ბურდული სამაგალითო გენერალური დირექტორია. მეგობრული და საქმეში მკაცრი. იცის, როგორ უნდა მიუდგეს ფეხბურთელს და ზოგადად საფეხბურთო საკითხებს. არ დავმალავ, "სიონს" აქამდე ეს მომენტი აკლდა. არა მხოლოდ ბურდული: კლუბში არიან სპორტული დირექტორი ზვიად სტურუა, მენეჯერი დავით გოგოლაძე და სხვები. ისინი თავს აკლავენ სამუშაოს, ფეხბურთზე გადაყოლილები არიან. ძალიან ბევრს ნისნავს, როცა რაიონის გამგებელი სულ გვერდში უდგას გუნდს. ლევან ფალავანდიშვილი გასახდელში შემოდის, გვამხნევებს. ისე კი არაა, რომ შემოდიან, ამაყად თავს სწევენ და ზემოდან იყურებიან. მიდგომა - ეს დიდი ფაქტორია ფეხბურთში. მწვრთნელთა შტაბზე უნდა ვთქვა: არმაზ ჯელაძე პერსპექტიულია და მონდომებით მუშაობს. მეკარეთა მწვრთნელი დავით ასლანაძე სულ გვერდში მიდგას და ვატყობ, როგორ განიცდის ხოლმე. მითხრა კიდეც, როცა მე ვიდექი კარში, ამდენს მაშინ არ ვნერვილობდიო. ასევე, პირობებიც შედარებით გაუმჯობესდა და კიდევ, ბურდული როცა მოვიდა, გადაწყვიტა, რომ დუბლებისთვის და ბავშვთა თუ ჭაბუკთა გუნდებისთვისაც ხელი შეეწყო. შედეგი უკვე სახეზეა: "სიონის” დუბლები ბოლო ადგილზე იყვნენ, წლეულს კი ზედიზედ მოუგეს ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს".
- თქვით, "სიონს" ადრე აკლდა ხელმძღვანელების მხრიდან სწორი მიდგომაო. კონკრეტულად გვეტყვით?
- ახლა არ მინდა დაკონკრეტება, მაგრამ ჩვენ წინა წრეში ექვსეულის გუნდი ვიყავით. უბრალოდ, არასწორი მიდგომა ხელს გვიშლიდა. საწყენია, რომ ექვსეულში არ ვართ. ვფიქრობ, "სიონს" მომავალი სეზონიდან სამი-ოთხი ფეხბურთელი თუ დაემატება, შესაძლოა, სამეულში შევიდეთ. აქვე ვიტყვი, რომ დიდად წაგვადგა თურქული შეკრება, რასაც ადრე მოკლებულნი ვიყავით. აი, შედეგიც. კარგად მოვემზადეთ, ძლიერ გუნდებს ვეთამაშეთ და ჩემპიონატი და თასიც კარგად დავიწყეთ.
- თასის მეოთხედფინალში "ტორპედოს" ხვდებით. რას იტყვით შანსებზე?
- ვფიქრობ, ნახევარფინალში გასვლა შეგვიძლია. ვიცით, რა დონის გუნდიცაა "ტორპედო", მაგრამ ვემზადებით და მოუთმენლად ველით მათთან შეხვედრას. ნახევარფინალში თუ გავედით, ვფიქრობ, ინერციით ფინალშიც შეგვიძლია გაღწევა.
- "ტორპედოდან" რომელ ფეხბურთელს გამოარჩევთ?
- მეკარე ომარ მიგინეიშვილს. ჩემი აზრით, საუკეთესო გოლკიპერია ჩვენს ჩემპიონატში და "ტორპედოს" ლიდერია. და კიდევ, გია გეგუჩაძე საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესო მწვრთნელად მიმაჩნია.
- 29 წლის ხართ და "კოლხეთში" გატარებულ 5 თვეს თუ არ ჩავთვლით, სულ "სიონში" ხართ. გიყვართ ეს კლუბი თუ უბრალოდ, ასე დაემთხვა?
- "სიონი" უკვე სახლივითაა ჩემთვის. თანაც, იშვიათი გამონაკლისების გარდა, კლუბში სულ კარგი ადამიანები მოდიან. ეტყობა, ბოლნისის სიონის მადლია. როცა ახალგაზრდა ვიყავი და 22 წლის ასაკში საქართველოს ჩემპიონი გუნდის ძირითადი მეკარე ვიყავი. რა თქმა უნდა, მეც ვფიქრობდი უცხოეთში წასვლაზე. არავის ვაბრალებ: მე დავაკელი.
- რა დააკელით?
- შრომა და ფეხბურთისადმი მიდგომა. კარგი წლები მქონდა და შემეძლო, უკეთ გამომეყენებინა. თუმცა, 29 წელი მეკარისთვის არაფერია. ჯერ არ ვაპირებ კარიერის დასრულებას და ვინ იცის, ტიტული კიდევ მოვიგო.
- "სიონისთვის" 2006 წელი დაუვიწყარია. გაიხსენეთ, როგორ მოხდა ეს.
- სეზონის წინ ბოლნისის გამგებელმა გიორგი არევაძემ მწვრთნელ ხვიჩა ქასრაშვილს უთხრა, ჩვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებააო. რა არგავარდნა - რომ დავიწყეთ, მოგებების სერია მივაყოლეთ და არ გავჩერდით. მახსოვს, "დინამოსთან" გავედით ცოტა თავაწეულები და 0:3 წავაგეთ, მაგრამ გადამწყვეტი თამაში ბოლნისში მოვუგეთ. პირველი წრის შემდეგ, ქასრაშვილი კახა ცხადაძემ შეცვალა, გუნდიდან კი რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი წავიდა, მაგრამ ვიგებდით. დამაჯერებლად გავხდით ჩემპიონები. საუკეთესო პერიოდიც სწორედ მაშინ მქონდა: საჩემპიონო სეზონის პირველ წრეში.
- დასამახსოვრებელი მატჩი?
- 21-წლამდელთა ნაკრებში ვითამაშე და თურქეთთან 0:2 წავაგეთ. შეცდომა დავუშვი, ერთი გოლი ჩემი ბრალი იყო და დათრგუნული დავბრუნდი კლუბში. და აი, რამდენიმე დღეში "ზესტაფონთან" გვქონდა გასვლითი შეხვედრა. მგონი, მეკარის გარდა, ყველამ დამირტყა კარში, არ შემისვენია, სულ ნახტომებში ვიყავი. 0:0 დასრულდა. ვფიქრობ, ეს იყო ჩემი საუკეთესო თამაში.
- მეკარისთვის უფრო იოლი დასანახია ფორვარდის სიძლიერე. ჩვენს ჩემპიონატში ვის მიიჩნევ ასეთად?
- ჯაბა დვალს. მოუსვენარია, სულ მოძრაობს და მეკარე და დაცვა დაძაბულობაში ჰყავს. კარგია, რომ "სიონის" თავდასხმაც გაძლიერდა: ლადო ახალაიასა და კოკა მიკუჩაძეს სათამაშო პრაქტიკა აკლდათ და მაინც კარგად გამოიყურებიან. ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კიდევ მოუმატებენ.
- როგორ ფიქრობთ, ბოლო 2-3 წელიწადში საქართველოს ჩემპიონატში რა შეიცვალა უკეთესობისკენ და რა - არა?
- კარგი ისაა, რომ ფინანსურად ასე თუ ისე სტაბილური კლუბები გამოჩნდნენ. ადრე თითო-ოროლა იყო ასეთი და ყველას იქ სურდა გადასვლა. სათამაშო დონეს ძლიერი ფეხბურთელები განაპირობებენ, ამ ფეხბურთელების დამატებას კი ფული სჭირდება. ყველაფერი ფინანსებს უკავშირდება. თუმცა, ინფრასტრუქტურა საშინელ დონეზეა. ზოგან მინდორი კარგია, მაგრამ ტრიბუნები არ ვარგა და ვერც გულშემატკივრები გრძნობენ თავს კარგად და ჟურნალისტებისთვისაც არაა ნორმალური სამუშაო პირობები. ამდენი წელია, ჩემპიონატში ვთამაშობ და ყველაფერს ვატყობ. ცალკე სასაუბრო თემაა ის, რომ სტადიონზე ხალხი არ დადის.
- რამდენად მოქმედებს თქვენზე, როცა გადიხართ და ტრიბუნები ცარიელია?
- შედარებაც არაა. სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემზე საშინლად მოქმედებს. მირჩევნია, მეტოქეს უქომაგონ და თუნდაც არასასიამოვნო სიტყვები მიძახონ, ვიდრე ცარიელ ტრიბუნებს ვუყურო. არ ვიცი, რატომ არ დადიან... ტურში ერთი-ორი კარგი თამაში ყოველთვისაა. მოვიდნენ, ნახონ ფეხბურთელები. იქნებ, როგორ თამაშობენ. ბოლნისელი ქომაგები დაგვყვებიან რაიონებში, თასის მატჩზეც იყვნენ ზუგდიდში და ვიცი, რომ 30 მარტს ბოლნისში ბევრნი მოვლენ საგულშემატკივროდ. ამ დღეს ბათუმის "დინამოს" ვმაპსპინძლობთ. ბოლო პერიოდში, როცა “სიონს" შედეგი არ ჰქონდა, სტადიონზე ხალხის რაოდენობამ იკლო, მაგრამ ვიცი, რომ მათ მოზიდვაზე კლუბის ხელმძღვანელობა მუშაობს.
მალხაზ ახვლედიანის ფოტო









