ჭიდაობა

16:47 | 25.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრის წინასაევროპო შეგულიანება

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, ორიოდ დღეში დუშეთის შეკრებას დაასრულებს და გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, ევროპის ჩემპიონატზე საჭიდაოდ გაემგზავრება. ასევე დუშეთის სპორტულ კომპლექსში მოვარჯიშე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ქართული გუნდი კი, გერმანიაში თავისუფლებაზე სამი დღით გვიან ჩავა. დღეს მოჭიდავეებმა ღია ვარჯიში ჩაატარეს, რომელსაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობაც დაესწრო. მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა, დორტმუნდის განაცხადში მყოფ სპორტსმენებს წარმატება უსურვა.
“თქვენს ევროსამზადისს ინტენსიურად ვადევნებ თვალყურს და ვხედავ, რომ ყველა პირობა გაქვთ შექმნილი, მომავალ ჩემპიონატზე ღირსეულად საჭიდაოდ. მინდა, დიდი გამარჯვებები გისურვოთ. თითოეული შეხვედრის წინ, ერთი წამით იმაზე დაფიქრდით, რომ თქვენს უკან მთელი საქართველო დგას და იმ კონკრეტული ბრძოლის მოგებით, ქართველი გულშემატკივრისთვის სიხარულის მინიჭება შეგიძლიათ” – უთხრა ლადო ვარძელაშვილმა ნაკრების წევრებს.
მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, 29 მარტიდან 3 აპრილამდე გაიმართება. 29-30 მარტს, ლეიბზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გავლენ, 31 მარტი და 1 აპრილი მოჭიდავე ქალებს დაეთმობათ, წერტილს კი 2-3 აპრილს, ბერძენ-რომაელები დასვამენ.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზაზა თურმანიძემ დორტმუნდში წასაყვანი შვიდეული ჯერ კიდევ დუშეთის დასკვნითი შეკრების დაწყებამდე გამოაცხადა. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იჭიდავებს, 60 კილოგრამში - მალხაზ ზარქუა, 66-ში - კობა კაკალაძე, 74-ში - დავით ხუციშვილი, 84-ში - დავით მარსაგიშვილი, 96-ში - ბელდუხ გავაშელიშვილი, ხოლო მძიმე წონაში - დავით მოძმანაშვილი.
კლასიკოსთა დამრიგებელი ბეგი დარჩია კი, დორტმუნდში წამსვლელ სრულ სიას დღეს საღამოს ჩამოწერს, მას შემდეგ, რაც დასკვნით საკონტროლო შეხვედრებს ჩაატარებს.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე
დუშეთი-თბილისი

0.089351