ფრანგულ ფეხბურთს უდიდესი ტრადიცია და ისტორია გააჩნია. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან, სამფეროვნები ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ, ყველაზე დიდ წარმატებას კი ორი ათასწლეულის მიჯნაზე მიაღწიეს, როდესაც ემე ჟაკეს მეთაურობით, ჯერ საკუთარ ქვეყანაში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს, შემდეგ კი, როჟე ლემერის მთავარმწვთნელობით, ბელგია-ჰოლანდიაში გამართული კონტინენტის პირველობის გადამწყვეტ მატჩში იტალიელებს სძლიეს. ფრანგთა ნაკრების ჩავარდნა კი, გასული საუკუნის 60-70-იან წლებს უკავშირდება. გაგახსენებთ - 1966 წელს, სამფეროვნები ინგლისში შერცხვნენ, 1970 და 1974 წლების მუნდიალებმა კი, სულაც მათ გარეშე ჩაიარა. და ამ დროს ნაკრების სათავეში მიშელ იდალგო მოდის, რომლის სახელთანაც სრულიად სამართლიანად ასოცირდება ფრანგული ფეხბურთის აღორძინება. 1978 წელს, არგენტინაში ფრანგებს ურიგოდ არ უთამაშიათ, თუმცა, ”სიკვდილის ჯგუფიდან” გასვლა ვერ მოახერხეს (მომდევნო ეტაპზე მომავალმა ჩემპიონმა და იტალიამ გააღწიეს), 1982 წელს, ესპანეთის სტადიონებზე იდალგოს კრებულმა ბევრი დაუვიწყარი წუთი აჩუქა საფეხბურთო გურმანებს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებთან ჩატარებული ნახევარფინალი კი დავიწყებას არასდროს მიეცემა. 1984 წელს კი, მიშელ იდალგომ საფრანგეთის ეროვნულ გუნდს პირველად მოაგებინა ევროპის ჩემპიონატი. მეხუთე რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრები, ტიტულებისა და ავტორიტეტის მოპოვებასთან ერთად, ხუთივე კონტინენტის გულშემატკივართა გულს შემტევი, ლამაზი, რომანტიკული ფეხბურთით ინადირებდა, მიშელ პლატინის, ალენ ჟირესის, ჟან ტიგანასა და მათი პარტნიორების თამაშს კი მუსიე იდალგო უნარიანად დირიჟორობდა. ასაკოვან ქომაგებს მიშელ იდალგოს ფეხბურთელობაც ახსოვთ. ვერცხლისწყალივით მოძრავმა და ტექნიკურმა ნახევარმცველმა თამაში ”ჰავრში” დაიწყო, საიდანაც თავი იმ დროისთვის საფრანგეთის საუკეთესო გუნდში ”სტად დე რეიმსში” ამოჰყო, რომლის ღირსებასაც 1954-57 წლებში იცავდა, შემდგომ 9 წლის განმავლობაში ”მონაკოს” ერთ-ერთ ლიდერადაც გვევლინებოდა. იდალგო ისტორიული მატჩის მონაწილეცაა. 1956 წლის 13 ივნისს, მან პარიზის ”პარკ დე პრანსზე”, ჩემპიონთა თასის პირველ ფინალურ შეხვედრაში ითამაშა მადრიდის ”რეალის” წინააღმდეგ.”სტად დე რეიმსმა” მატჩის სადებიუტო ნაწილშივე 2 გოლი გაუტანა კასტილიელებს, თუმცა, ”რეალმა” მალევე მოახერხა წინასაფინალო სტატუს-კვოს აღდგენა. მეორე ტაიმში იდალგომ კიდევ ერთხელ დააწინაურა ფრანგები, თუმცა, პარიზულმა გუნდმა მადრიდელთა შეტევას ბოლომდე მაინც ვერ გაუძლო და ჩემპიონთა თასის პირველი გამარჯვებული ”რეალი” გახდა.
- გთხოვთ, დაწვრილებით ვისაუბროთ ჩემპიონთა თასის 1955-56 წლების გათამაშების ფინალზე...
- ტურნირის პირველ ფინალამდე დანიის, უნგრეთისა და შოტლანდიის ჩემპიონთა ძლევის შემდეგ გავაღწიეთ. ცხადია, მადრიდის ”რეალი” მათზე უკეთესი გუნდი იყო. ხენტოს, რიალის, დი სტეფანოს თამაში ნანახი მქონდა, მაგრამ მინდორზე მათ წინააღდეგ ასპარეზობა ასე თუ გამიჭირდებოდა, ვერც კი წარმომედგინა. ეს მართლაც ფენომენალური საშემსრულებლო საფეხბურთო ანსამბლი იყო. თავიდან ვიგებდით, მეორე ტაიმში კიდევ ერთხელ დავწინაურდით, მაგრამ უნდა ვაღიარო, ”რეალი” ჩვენზე სოლიდური გუნდი გახლდათ.
- 3:2 ანგარიში თქვენ გახადეთ. იმ მომენტში თუ გჯეროდათ, თასს რომ დაეუფლებოდით?
- გოლის გატანით ერთი სასწაული მოვახდინე - ”რეალის” მცველებთან შედარებით, 15 სანტიმეტრით დაბალი მაინც ვიყავი, მე კი მათ საჰაერო დუელი მოვუგე და მადრიდელთა მეკარე ალონსოს თავით გავუტანე. სამწუხაროდ, მეორე სასწაული არ მოხდა - თასს საბოლოოდ მაინც ”რეალი” დაეპატრონა. დი სტეფანომ იმ მატჩში ერთი გოლი გაიტანა, თუმცა, თამამად შემიძლია ვთქვა, მან მარტომ მოგვიგო. ალფრედო ნამდვილი ჯადოქარი იყო, ბოლომდე მებრძოლი და უზადო ბომბარდირი. თანაც, რა პარტნიორები უმშვენებდნენ გვერდს! გააჩერეთ ნებისმიერი გულშემატკივარი და იმდროინდელი ”რეალის” შემადგენლობას სხაპასხუპით ჩამოგითვლით.
- დი სტეფანო ”ჯადოქრად” მოიხსენიეთ. მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად თვლით?
- ალფრედოს პელესა და მარადონასთან ერთად, პლანეტის უძლიერეს მოთამაშეთა რიცხვში შევიყვანდი. ტექნიკით მარადონას ვერავინ შეედრება, თუმცა, სხვადასხვა საფეხბურთო ასპექტისა და მინდორზე თავის დაჭერის გათვალისწინებით, პირველ ნომრად მაინც პელეს დავასახელებდი.
- 1959 წელს, ”სტად დე რეიმსმა” კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა ჩემპიონთა თასის გადამწყვეტ შეხვედრაში. იმ დროს თქვენ უკვე ”მონაკოში” თამაშობდით, რაიმონ კოპა კი ”ბლანკოსის” ღირსებას იცავდა...
- კოპას ”რეალში” გადასვლის თაობაზე კლუბებმა 1956 წლის ფინალის დასრულებისთანავე მოილაპარაკეს. არადა, ფინალში რაიმონი მინდორზე პრაქტიკულად არ ჩანდა. თუმცა, იგი საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებოდა. ამასთან, კოპას დი სტეფანოსთან არცთუ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. ალფრედოს გამო ”რეალში” რაიმონს ფლანგზე მოუწია თამაში...
- თქვენი და კოპას წასვლის შემდეგ, ”სტად დე რეიმსი” გულშემატკივართა თვალსაწიერიდან გაქრა...
- ”რეიმსი” ორ ადამიანს ეჭირა - კოპასა და მთავარ მწვრთნელ ალბერ ბატოს. ჩვენს იმდროინდელ დამრიგებელს გასული საუკუნის საფრანგეთის საუკეთესო სპეციალისტად მივიჩნევ. არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც საფეხბურთო ნიუანსებში ასე კარგად ყოფილიყოს გათვიცნობიერებული.
- 9 სეზონის განმავლობაში ”მონაკოში” გამოდიოდით. გრიმალდების სამეფო ოჯახს თუ დაუახლოვდით?
- გუნდში თამაშის პარალელურად ალბერისა და კაროლინას სპორტული აღზრდითაც გახლდით დაკავებული. ალბერმა თავიდან ბობსლეი აირჩია, მაგრამ კაროლინა ამ სახეობას ვერ იტანდა. დედოფალ გრეისთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი, ოღონდ სამაგიდო ვარიანტს. გრიმალდების სამეფო ოჯახის ნებისმიერი წევრი კარგი ადამიანი გახლდათ.
- საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელთაგან ერთ-ერთ წარმატებულ დამრიგებლად ითვლებით. 1982 წელს, მუნდიალის ფინალამდე ერთი ნაბიჯიღა დაგაკლდათ...
- წესითა და რიგით, სევილიაში გერმანელები უნდა დაგვემარცხებინა. მსაჯი მოწინააღმდეგის მხარეს იყო. გაიხსენეთ, როგორი მძიმე ტრავმა მიაყენა ჰარალდ შუმახერმა პატრიკ ბატისტონს. როდესაც იგი მინდვრიდან საკაცეთი გაჰყავდათ, გრძნობა დაკარგული ჰქონდა. თქვენ წარმოიდგინეთ, არბიტრს შუმახერი არც კი დაუჯარიმებია.
- სამაგიეროდ, ევროპის პირველობაზე გაგიღიმათ ბედმა და კონტინენტის ჩემპიონები გახდით...
- სევილიას ”რამონ სანჩეს პისხუანზე” განცდილი ფიასკოს შემდეგ მეც და ბიჭებსაც ფეხბურთისთვის თავის განებება გვინდოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ზრახვა თავიდან ამოვიგდეთ. ევროპის ჩემპიონატი ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა და მშვენიერი შესაძლებობა მოგვეცა ”სევილიური კოშმარის” დასავიწყებლად. დრამატული გამოდგა პორტუგალიასთან ჩატარებული ნახევარფინალი. დასავლეთპირენეელებს მხოლოდ დამატებით დროში, მატჩისშემდეგომი პენალტების სერიის დანიშვნამდე წუთნახევრით ადრე მოვუგეთ. ფინალში კი მედგარ წინააღმდეგობას წავაწყდით ესპანელთა ნაკრებისგან. რომ არა მიშელ პლატინის ფენომენალური თამაში, კონტინენტის საუკეთესო ნაკრების ტიტულის მოპოვება უკიდურესად გაგვიჭირდებოდა.
- რით ახსნით საფრანგეთის ნაკრების წარუმატებელ გამოსვლას სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე?
- რაიმონ დომენეკის გუნდმა მწყობრი თამაშის ჩვენება ვერ მოახერხა. აშკარად იგრძნობოდა მოძრაობის ნაკლებობა, ამასთან ფეხბურთელებს თამაშის სურვილსა და ჟინს ვერ ვატყობდი. ძირითად პასუხისმგებლობას კი რაიმონ დომენეკს ვაკისრებ. სწორედ მან შეარჩია ერთპიროვნულად სამუნდიალე განაცხადი და ტაქტიკური მონახაზი...
- ესპანელთა ბოლოდროინდელ წარმატებებს უპირველესად რით ახსნით?
- ესპანეთი უდიდესი საფეხბურთო ქვეყანაა. მათ უამრავი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ჰყავდათ. ამის მიუხედავად, პირენელთა ნაკრებს ტიტულები აკლდა. მეოცე საუკუნეში მათ მხოლოდ ერთხელ, 1964 წელს მოახერხეს ევროპის პირველობის მოგება. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ სამწვრთნელო შტაბი და საფეხბურთო ფედერაცია შეხმატკბილებულად არ მუშაობდნენ. ბოლო წლებში საპირისპირო ვითარებაა. თუნდაც ის ფაქტი ავიღოთ, ვისენტე დელ ბოსკე და ფედერაციის მენეჯერი, ფერნანდო იერო ახლობელი ადამიანები რომ არიან. ლუის არაგონესის წასვლის შემდეგ, სწორედ იეროს რეკომენდაციით დაინიშნა “ფურია როხას” მთავარ მწვრთნელად მადრიდის “რეალის” ყოფილი დამრიგებელი.
გოჩა კაჭარავა









