უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ნიონში პოპულარული ესპანური გამოცემის, “მარკას” დირექტორს ოსკარ კამპილიოს, ფოტოგანყოფილების მთავარ რედაქტორს ხუან მანუელ ბუენოსა და რედაქტორს პაბლო ბრონტონსს უმასპინძლა, რომლებთანაც თანამედროვე ფეხბურთის საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბრა.
- ცოტა უცნაურად გვეჩვენება – მადრიდის “რეალი” და მისი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო რომ დაისაჯნენ, სანქციის შესახებ კი რამდენიმე კვირის დაგვიანებით გახდა ცნობილი...
- ეს მეც მიკვირს. კითხვით სადისციპლინო კომიტეტს უნდა მიმართოთ, რომელიც უეფასგან დამოუკიდებელი ორგანოა. მე ამ სამსახურთან არანაირი კავშირი არ მაქვს, მითუმეტეს, სადისციპლინო კომიტეტი უეფას პრეზიდენტს ოდნავადაც არ ემორჩილება. კარგად ვიცი, რომ თქვენ გამოცემაში დაწერთ, პლატინის ჟოზე მოურინიოს ხუთმატჩიან დისკვალიფიკაციაში წვლილი მიუძღვისო, მაგრამ ასე არა. მე არც დისციპლინალური საკითხები მეხება და არც მსაჯობა.
- პირადად თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ მოურინიოს მიმართ?
- სეუ ჟოზეს სადამრიგებლო საქმიანობით აღფრთოვანებული ვარ. გიმეორებთ, სადისციპლინო საქმეებში უეფა არ ერევა. არბიტრებს რაც შეეხება, ისინი ობიექტურნი არიან და თანაბრად სჯიან “ბარსელონასა” თუ “რეალს”, “მილანსა” თუ “იუვენტუსს”.
- მადრიდის “რეალი” მეოცე საუკუნის საუკეთესო კლუბია, ბოლო 3 სეზონის განმავლობაში კი მხოლოდ ესპანეთის “სამეფო თასი” მოიგო. რატომ?
- ეს კითხვა მე უნდა დაგისვათ. თქვენ უფრო მეტად ხართ საქმეში ჩახედულები. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მოგახსენებთ – პრაქტიკულად შეუძლებელია, მხოლოდ ვარსკვლავებით შექმნა გუნდი. ეს კარგია შოუსთვის, მაგრამ ხანგრძლივი სეზონის განმავლობაში თავისი უარყოფითი შედეგიც მოაქვს. მშვენიერია, როცა ფეხბურთელები ინდივიდუალურად ძლიერები არიან, მაგრამ შემადგენლობა უნდა ყალიბდებოდეს ვარსკვლავებით, კარგი მოთამაშეებითა და “მშრომელი” ფეხბურთელებით. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, პროცესების გონივრულად მართვა თაობათა ცვლის პერიოდში. მოურინიოს მუშაობას რაც შეეხება, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ყოფნის პირველ წელს მან გუნდის ფორმირება შეძლო. “რეალმა” ესპანეთის თასი მოიგო, ღირსეულად ეთამაშა “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. გარწმუნებთ, “რეალს” მალე დაუდგება გამარჯვებების ხანა.
- სანაკრებო დონეზე ესპანური ფეხბურთის “დიქტატურა” გაკვირვებთ?
- კი არ მაკვირვებს, მსიამოვნებს, “ფურია როხა” ლამაზ და დამაჯერებელ სტილში ტიტულებს რომ იხვეჭს. ეს პრიმერა დივიზიონის ძლიერებითაა განპირობებული. ესპანური საფეხბურთო კულტურა საყოველთაო მიბაძვას იმსახურებს.
- თქვენი ყოფილი პარტნიორი და მეგობარი ზიბი (ზბიგნევ-რედ) ბონეკი ამტკიცებს, რომ “ბარსელონა” განუმეორებელ და ყველაზე სოლიდურ ფეხბურთს აჩვენებს. ეთანხმებით მისეულ თვალსაზრისს?
- ვერ ვიტყოდი, რომ რამდენიმე გუნდი ამავე მაღალი დონის თამაშს არ უჩვენებს გულშემატკივარს. მართალია, კატალონური გრანდი ბოლოხანს ყველაზე მეტ წარმატებას აღწევს, მაგრამ ესპანეთის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების არაბარსელონელი წევრებიც არც ტაქტიკურად, არც ტექნიკურად და არც ბურთის ფლობის ოსტატობით ჩამოუვარდებიან კამპ ნოუელებს.
- ლეო მესი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტად გამორჩეული ფეხბურთელია?
- თანამედროვე ფეხბურთელებში მესი საუკეთესოა, როგორიც ალფრედო დი სტეფანო გახლდათ თავის დროზე. შემდეგ უძლიერესები იყვნენ კრუიფი და მარადონა. ნებისმიერ თაობას თავისი საუკეთესო მოთამაშე ჰყავს. ისე კი, პირადად მე, ფეხბურთელთა შედარების წინააღმდეგი ვარ. მესი ფანტასტიკური მოთამაშეა, მაგრამ ზუსტად იგივე ეპითეტი შემიძლია ვიხმარო კრიშტიანუ რონალდუს საფეხბურთო ტალანტის დახასიათებისას. ესპანელ ქომაგებს ბედმა გაუღიმა, ერთდროულად მესისა და რონალდუს ხილვის საშუალება რომ აქვთ.
- პრესაში გაჟღერდა, რომ პირადად თქვენ “ოქროს ბურთის” ხავისთვის გადაცემა უფრო სამართლიანად მიგაჩნდათ...
- ასეა. ბოლოს და ბოლოს, ესპანეთი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და არა არგენტინა. საუკეთესო მწვრთნელის ტიტულს კი ვისენტე დელ ბოსკეს მივანიჭებდი. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და გნებავთ გაიზიარეთ, გნებავთ – არა. შარშან მუნდიალის წელი იყო და საუკეთესოებად მსოფლიოს ჩემპიონატზე თავგამოჩენილი ფეხბურთელი და დამრიგებელი უნდა დაესახელებინათ. ეს მესის ჩრდილს ოდნავადაც არ აყენებს, მაგრამ ლოგიკურია, 2010-ში უძლიერესად ესპანეთის ნაკრების წევრი ეღიარებინათ.
- არალეგალური ტოტალიზატორები, რასიზმი, დოპინგი, ფეხბურთელთა ასაკის გადაკეთება, კორუფცია ფიფაში... სპორტული პოლიციის ჩამოყალიბების დრო ხომ არ დადგა?
- მანკიერებებს სასტიკ ბრძოლას ვუცხადებთ. ისე კი, ყველა შემთხვევა განცალკევებით უნდა განვიხილოთ. მაგალითად, რასიზმი და ძალადობა ფეხბურთის მიღმაც არსებობს. არიან ადამიანები, რომლებიც სტადიონზე ამა თუ იმ პოლიტიკური მოსაზრების გამო არ მიდიან. ყველაზე დიდ საფრთხეს კი ფეხბურთს არალეგალური ტოტალიზატორები უქმნიან. ამ ბინძური საქმიანობისგან ერთნაირად ზარალდებიან ფეხბურთელები, მაყურებლები და ჟურნალისტები. წარმოიდგინეთ, თქვენი “მარკა” მასალას ამზადებდეს მატჩზე, რომლის შედეგი წინასწარ იცის. ეს ფეხბურთისა და ჟურნალისტიკის დასასრული იქნებოდა. მარტო უეფა და საფეხბურთო ორგანიზაციები ვერაფერს გავხდებით, თუკი გვერდით ქვეყნების მთავრობები, ადგილობრივი მმართველები და სამართალდამცველები არ დაგვიდგნენ.
გოჩა კაჭარავა









