მუნდიალზე მყოფ უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის სამხრეთ აფრიკაში იმდენად გადატვირთული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა, საუზმობასაც კი ვერ ასწრებდა და ამის გამო, ტურნირის მიწურულს გულიც კი შეუწუხდა. ევროპაში დაბრუნების შემდეგაც კონტინენტის ფეხბურთის მმართველი პირველი პირი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში ჩაეფლო, თუმცა, ჟურნალისტებთან სასაუბრო დრო მაინც გამონახა.
- რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე გასულმა მუნდიალმა?
- საორგანიზაციო და ფეხბურთის დონე კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა. განსაკუთრებით ევროპული ნაკრებების წარმატებამ გამახარა. ესპანეთი ღირსეული ჩემპიონია, ჰოლანდიამ და გერმანიამ კი თავი საუკეთესოდ წარმოადგინეს. თუ დააკვირდებით, ბოლო წლების განმავლობაში სწორედ ამ ქვეყნების ჭაბუკთა ნაკრებები აღწევდნენ წარმატებებს საერთაშორისო არენაზე, რამაც სათანადო ნაყოფი ეროვნული ნაკრებების თამაშზეც გამოიღო. ესპანელებმა, ჰოლანდიელებმა და გერმანელებმა მათ ქვეყნებში ფეხბურთის განვითარების საინტერესო და ეფექტური გეგმა შეიმუშავეს, ფედერაციებმა სახელმწიფოებიც გვერდით დაიყენეს და შედეგიც სახეზეა. ჩემი აზრით, ყველაზე მიმზიდველ ფეხბურთსაც მაყურებელს მუნდიალის პრიზიორთა ტრიო უჩვენებდა.
- მსაჯობაზე რას იტყვით? მუნდიალის მსვლელობისას საფეხბურთო თემიდის წარმომადგენლებმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვეს, რამაც მატჩების საბოლოო შედეგზე მოახდინა ზეგავლენა...
- მსოფლიოს ჩემპიონატს ფიფა ატარებს და მან მუნდიალზე არბიტრთა მოქმედებას მაღალი შეფასება მისცა.
- 2007 წელს თქვენი გაპრეზიდენტება დიდწილად აღმოსავლეთ ევროპის ფედერაციათა ხმებმა განაპირობა. როგორ გგონიათ, უეფას პირველი პირის თანამდებობაზე შვედი ლენარტ იუჰანსონი რომ დარჩენილიყო, პოლონეთი და უკრაინა ევ¬რო2012-ის მასპინძლობის უფლებას მოიპოვებდნენ?
- ამაში ღრმად გახლავართ დარწმუნებული.
- მაინც რატომ გაკეთდა არჩევანი სლავურ სახელმწიფოებზე, ბევრი უხერხულობა ხომ შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. უკრაინელთა ფინანსურ პრობლემებს თავი რომ დავანებოთ, გდანსკსა და დონეცკს შორის მანძილი დაახლოებით 2 ათასი კილომეტრია...
- გამორიცხული სულაც არაა, ევროპის პირველობა რომელიმე ერთ ქვეყანაში რომ ტარდებოდეს, არანაკლები ან სულაც მეტი სირთულე შეგვქმნოდა. პოლონეთი და უკრაინა თავისუფალი ევროპის შედარებით ახალგაზრდა წევრები არიან, ამიტომაც ესოდენ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ტურნირის მასპინძლობა არა მარტო მათი საფეხბურთო მეურნეობის განვითარებას წაადგება სასიკეთოდ, მთლიანობაში ამ სახელმწიფოებში დემოკრატიისა და ეკონომიკის წინსვლასაც მისცემს დამატებით ბიძგს. მართალია პოლონელებს და განსაკუთრებით უკრაინელებს უფრო მეტი მოცულობის სამუშაოს ჩატარება მოუწევთ, ვიდრე მასპინძლობისთვის ბრძოლაში მათ კონკურენტ იტალიელებს, მაგრამ ამ ქვეყნებს უდიდესი ადამიანური რესურსი აქვთ. მათი საერთო მოსახლეობა (85 მილიონი) ხომ გერმანიისას ცოტათი აღემატება კიდეც და მონდომების შემთხვევაში, პოლონურ-უკრაინული დუეტი ევრო2012-ის მასპინძლობას თავს სათანადო დონეზე გაართმევს. მასპინძლობის ყოფილი პრეტენდენტები იტალიელები კი თავს დაჩაგრულად ნუ ჩათვლიან. მითუმეტეს, მათ სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე განცდილი ფიასკოს გამოსწორების საშუალება კონტინენტის მომავალ ჩემპიონატზე მიეცემათ – მოიგოს “სკუადრა აძურამ” შესარჩევი ტურნირი და კიევში ჩასატარებელ ფინალში გასაღწევადაც იზრუნოს. აპენინელებს ყველაზე კარგად ასე შეეძლებათ “რევანშის” აღება.
- საკუთარ თავს სპორტულ ფუნქციონერად თვლით თუ პოლიტიკოსად მიიჩნევთ?
- ვფიქრობ, სპორტისა და პოლიტიკის გაერთიანება შევძელი. მაღალი რანგის ნებისმიერი ჩინოვნიკის საქმიანობას მისი ცხოვრებისეული ფილოსოფია განსაზღვრავს. პირადად ჩემთვის საერთო პოლიტიკასთან შედარებით, უფრო ახლობელი მისი განშტოება “სპორტული პოლიტიკაა”. ეს უბრალოდ სიტყვათა თამაში არ გეგონოთ. სპორტულ პოლიტიკაში ფეხბურთის შემდგომი განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა და გზების დასახვაა.
- სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს შეხვდით. როგორ ატყობთ, პოლიტიკოსებს კვლავინდებურად სურთ სპორტზე, კერძოდ ფეხბურთზე თავიანთი “იურისდიქცია” განავრცონ?
- გულახდილად უნდა ითქვას, რომ გაერთიანებული ევროპის მაღალი რანგის ჩინოვნიკებისგან უეფას საქმეებში ჩარევის სურვილი არ შემინიშნავს. ისე კი, ევროკავშირს ჩვენთვის დახმარების გაწევა ნამდვილად შეუძლია.
- ამ ორგანიზაციის მხრიდან ევროპულ კლუბებში უცხოელ მოთამაშეთა რაოდენობაზე ლიმიტის დაწესებას ხომ არ გულისხმობთ?
- ამის გაკეთება წარმოუდგენლად ძნელი იქნება. გაერთიანებული ევროპის კანონმდებლობა სამუშაო ადგილის თავისუფალ არჩევანზეა დაფუძნებული. მთავარია, თითოეულმა ქვეყანამ ისე ააწყოს საკუთარი საფეხბურთო მეურნეობა, რომ მოთამაშეს სხვა ქვეყნისკენ თვალი არ ეჭიროს. შეზღუდვას რაც შეეხება, უეფას აზრით, ერთი სახელმწიფოდან მეორეში ტრანსფერის ნება ფეხბურთელს მხოლოდ 18 წლის შესრულების შემდეგ უნდა დაერთოს. კლუბებში მომუშავე აგენტებისთვის “ლაგამის ამოდებაა” აუცილებელი. ისინი 14-15 წლის საფეხბურთო ტალანტებს ოქროს კოშკების დაპირებებით უმღვრევენ გონებას. საფეხბურთო აგენტის მოღვაწეობა საჭიროა, მაგრამ ამ პროფესიის ადამიანები უპირველესად მოთამაშის ინტერესს უნდა იცავდნენ და არა კლუბისას. ამ უკანასკნელთა უკან კი ხშირად ჯიბესქელი მეპატრონეები დგანან და მათ ფეხბურთზეც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. ამიტომაც აგენტი ჰონორარს მოთამაშისგან უნდა იღებდეს და არა კლუბისგან. ხომ გსმენიათ, მუსიკოსისა და დამკვეთის ამბავი...
- თქვენსა და ზეპ ბლატერს შორის რამდენიმე საკითხში თანხვედრა იგრძნობა, რაც ყველაზე მეტად G-14-თან დაპირისპირებისას ყველაზე კარგად გამოჩნდა...
- ამ ოდიოზურ ორგანიზაციასთან დაკავშირებით ფიფას პრეზიდენტთან შედარებით კიდევ უფრო პრინციპული დამოკიდებულება მქონდა. საბოლოოდ G-14-ში გაერთიანებული კლუბების ხელმძღვანელებს გავაგებინეთ, რომ გაერთიანებული ძალით მეტს მივაღწევთ, ვიდრე ბარიკადების სხვადასხვა მხარეზე დგომითა და ქიშპობით.
- წინასაარჩევნოდ ამბობდით, ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვლებაო. გარკვეული სახის ცვლილება უკვე მოხდა, სხვა ნოვაციებს არ უნდა ველოდეთ?
- გასულ წელს ტურნირის დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპი განსხვავებულად ჩატარდა, რამაც ასპარეზობის ისტორიაში პირველად უნგრეთის ჩემპიონს მისცა მონაწილეობის საშუალება. ჩემი იდეაა იტალიის, ესპანეთისა და ინგლისის კლუბების საჩემპიონთალიგო ლიმიტი სამამდე დავიყვანოთ. ეს მომავალი ტურნირიდან არ მოხდება, მაგრამ, იმედია, ამ ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციები გაგებით მოეკიდებიან ჩვენს წინადადებას, რითაც ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე ქვეყნების გეოგრაფია კიდევ უფრო გაიზრდება. პირადად ჩემი მიდგომა ამგვარია – “პატარა ქვეყნის” ჩემპიონს რომელიმე ტოპ-ლიგის მეოთხე გუნდთან შედარებით უპირატესობა უნდა მიეცეს.
- რამდენად დაბალანსდა “საფეხბურთო სასწორი” თქვენ მიერ შემუშავებული და მიღებული ნოვაციის შემდეგ?
- მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში წარმატებას ყოველთვის ფინანსურად ძლიერი კლუბები აღწევდნენ. შედეგი მუდამ გუნდის დაფინანსების პირდაპირპროპორციული იყო და ამის შეცვლა დღესაც ურთულესი საქმეა. 50-იან წლებში “რეალი” იმიტომ იმარჯვებდა, რომ მის თამაშებზე ყველაზე დიდი აუდიტორია იკრიბებოდა. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის წყალობით მადრიდელებს იმ პერიოდისთვის საარაკო შემოსავალი ჰქონდათ. 70-90-იან წლებში ავანსცენაზე “იუვენტუსი” და “მილანი” გავიდნენ, რომელთაც მეცენატების, ანიელისა და ბერლუსკონის გამოისობით შეძლეს მსოფლიო მასშტაბის სუპერკლუბებად ჩამოყალიბება. ანალო¬გიური რეპუტაცია მიუნხენის “ბაიერნმაც” მოიხვეჭა, ბავარიელებს კი ზურგს საქვეყნოდ აღიარებული ფირმა “ადიდასი” უმაგრებდათ. ამჟამად პლანეტას “ტელეფინანსები” მართავს, ყველაფერი კი ძველებური ინერციით მიდის – სადაც ფულია, მოგებაც იქაა.
- რა გზით უნდა მოხერხდეს, რომ ფინანსურ ნაკადს “პატარა კლუბებისკენაც” მიეცეს მიმართულება?
- ამ საკითხში ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ, ამიტომ დღეს კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ. ისე კი, საფეხბურთო სამყაროში იმხელა ფული ტრიალებს, ყველას ეყოფა. კონტინენტის საკლუბო ტურნირებში მონაწილე კლუბებს შორის თანხის სამართლიანად გადანაწილებაა აუცილებელი. თუმცა, ახლა რომ მკითხოთ, სამართლიან გადანაწილებაში რას გულისხმობთო, საგო¬ნებელში ჩამაგდებთ...
გოჩა კაჭარავა







