ინტერვიუები

17:22 | 10.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

მიშელ პლატინი: “მესი ნამდვილი ბრილიანტია, მაგრამ...”

ლეგენდარულმა ფრანგმა, უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ არგენტინაში ვიზიტისას იქაურ გამოცემა clarin-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საუბარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შეეხეო – მეტწილად, რა თქმა უნდა, “ბარსელონას” არგენტინელ სუპერვარსკვლავ ლეო მესის.
პლატინიმ, მესის თამაშში ყველაფერი მომწონსო, მაგრამ არ მალავს, რომ “ფიფას ოქროს ბურთის” გამოკითხვაში ხავის უჭერდა მხარს.
- მესის პირისპირ ესაუბრეთ?
- პირისპირ არა, თუმცა მას ბურთი ვაჩუქე. ის ბურთი, რომლითაც მან 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედს” გოლი გაუტანა. მესიმ კი მაისურზე ავტოგრაფი დამიტოვა - ეს უეფას გენერალური მდივნის თხოვნა იყო.
- როგორ ფიქრობთ, მესი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია?
- ძნელია ამის თქმა. ლეო ჯერ ახალგაზრდაა და არ დაგვავიწყდეს, რომ ყველა თაობას თავისი იდეალი ფეხბურთელი ჰყავს. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ასე იყო რონალდინიოს გარშემო. როდესაც მან “ოქროს ბურთი” მოიგო, ყველა უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდა. ამიტომაც, უნდა მოვითმინოთ და მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ. როდესაც მე დიდ კლუბში სათამაშოდ მივედი, უკვე 28 წლის ვიყავი. ლეო კი უკვე დიდ კლუბშია და ჯერ 23 წლისაა.
- ყველაზე მეტად მესიში რა მოგწონთ?
- ყველაფერი. იცის გოლის გატანა და ისეთი დრიბლინგი აქვს, როგორც არავის სხვას. ლეო ძალიან ეფექტურია და პლუს, ბრწყინვალე ადამიანია. მას ყველაფერი აქვს და არ უნდა დაგვავიწყდეს, ფეხბურთელი დიდი ვერ გახდება, თუ უმაღლესი დონის კლუბში არ თამაშობს. ანუ, ლეო ნამდვილი ბრილიანტია.
- ამბობენ, პლატინის ხავი უფრო მოსწონსო. ასეა?
- დიახ. “ბარსელონაში” დიდი ფეხბურთელების მთელი კომპანიაა – ანდრეს ინიესტა, ჟერარდ პიკე, კარლეს პუიოლი, დანი ალვეში... მაგრამ ჩემი აზრით, ხავი ყველაზე მეტად იმსახურებდა “ფიფას ოქროს ბურთს”, რადგან მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. და კიდევ, ხავის ალბათ აღარ ექნება წლის საუკეთესო ფეხბურთელობის შანსი. ვაღიარებ, გამოკითხვაში ჩემი ფავორიტი ხავი იყო და ეს მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესოებად სხვებს მივიჩნევ – მესის და კრიშტიანუ რონალდუს.    
- ხოსეპ გვარდიოლას მუშაობას როგორ შეაფასებდით?
- საოცარი შედეგი აქვს, რადგან ის ძალიან ძლიერი ფსიქოლოგია. გვარდიოლას სულაც არ სჭირდება იმაზე ფიქრი, თუ როგორ ასწავლოს ფეხბურთის თამაში მესის. სამაგიეროდ, უნერგავს მოგების სურვილს და უხსნის, როგორ უნდა მიაღწიოს უმაღლეს მიზნებს. სწორედ ესაა გვარდილას ამოცანა.
- გვარდიოლა “ბარსასთვის” იდეალური სპეციალისტია?
- თქვენს კითხვას რომ ვუპასუხო, ამისთვის საჭიროა, რომ მწვრთნელი ”ბარსადან” გავუშვათ. მერე ვნახავდით, რას მიაღწევდა კლუბი გვარდიოლას გარეშე და რას მიაღწევდა გვარდიოლა “ბარსას” გარეშე.   

 

ილია ნანობაშვილი


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090752