გუშინ სანკტ-პეტერბურგში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ჩატარდა, რომლის დასრულების შემდეგ ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.
- რამდენად ეთანხმებით ფიფას გადაწყვეტილებას საფეხბურთო მატჩების მსვლელობისას თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საქმეში?
- ყოველგვარი დაფიქრებისა და ყოყმანის გარეშე მოგახსენებთ, რომ პირადად მე ამ სიახლის მოწინააღმდეგე ვარ. მსოფლიოს ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ეს ტექნოლოგიები ცალკეულმა ფედერეციებმა და ასოციაციებმა თავიანთი ნებასურვილის მიხედვით უნდა მიიღონ. ვეთანხმები ფიფას მიდგომას, ფეხბურთი უფრო მოქნილი რომ უნდა გახდეს. ამ მიმართულებით უეფაც ბევრს ფიქრობს, მსჯელობს და მოქმედებს. მაგალითისთვის, ჩვენი გადაწყვეტილებით მატჩებს 5 არბიტრი მოემსახურება. ჩემი აზრით, ეს უფრო ეფექტური ზომაა, ვიდრე ელექტრონული სისტემების დამონტაჟება. ამას მილიონობით დანახარჯი ესაჭიროება და თანაც, საფეხბურთო სარბიელების საკმაოდ დიდი ნაწილი საამისოდ ტექნოლოგიურად მზად არაა. უმჯობესია მსაჯების რაოდენობა გავზარდოთ. სხვა შემთხვევაში, კლუბებს მძიმე ფინანსური ტვირთი დააწვებათ და ჩვენი უპირველესი მიზანი მათი ინტერესების დაცვაა.
- როგორ იღებთ ხუმრობით ნათქვამ სიტყვებს, თითქოს უეფა და “ბარსელონა” "ერთ თამაშს" აწარმოებენ?
- რამდენადაც მახსოვს, ტურინის “იუვენტუსში” ვთამაშობდი და არა “ბარსელონაში” და სწორედ იტალიურ გრანდს უკავშირდება ჩემი საკლუბო-საფეხბურთო კარიერის ყველაზე სასიამოვნოდ გასახსენებელი მომენტები. თქვენ მიერ დასმული კითხვა იქიდან ჩნდება, რომ ბოლო წლებში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელებად ლეო მესისა და ანდრეს ინიესტას ასახელებენ. ამ არჩევანთან უეფას საერთო მხოლოდ ის აქვს, რომ ჩემი პრეზიდენტობისას დაარსდა ეს პრიზი, უძლიერეს მოთამაშეს კი 53 ქვეყნის ჟურნალისტები ასახელებენ.
- ცოტა ხნის წინ “ჰილსბოროს” საზარელი ტრაგედია თავიდან გამოიძიეს. ხომ არ მოხდება სხვა მძიმე შემთხვევების ახალი გამოკვლევების ჩატარება და სტადიონებზე ახალი შეზღუდვებისა თუ რეგულაციების დაწესება?
- ევროპის სტადიონებზე უსაფრთხოების ზომები ისედაც კარგადაა დარეგულირებული. უწინ მომხდარი ტრაგედიების ძირითადი მიზეზი ფეხზე დასადგომი ტრიბუნების არსებობა გახლდათ. არც ერთ არენაზე ფეხზე დასადგომი ბილეთების გაყიდვა არ მოხდება.
- ცალკეულ ბიზნესმენთა მიერ ფეხბურთში დიდძალი ფულის შეტანის აქტიური პროცესი ცოტათი მაინც არ გაშფოთებთ?
- ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს. განსაკუთრებით ის მომენტი გვაინტერესებს, კლუბები იმაზე უფრო მეტს ხომ არ ხარჯავენ, ვიდრე განხორციელებული ინვესტიციაა. ღამდენიმე კლუბმა ამ მხრივ უკვე დაგვაეჭვა, თუმცა, ჯერჯერობით ცალკეული შემთხვევების დაკონკრეტება არ მსურს. მაჟამად პროცესს ვაკვირდებით და თუ საჭიროდ ჩავთვალეთ, გამოძიებასაც ჩავატარებთ.
- 2018 წელს რუსეთი მსოფლიოს მორიგ ჩემპიონატს უმასპინძლებს. რამდენად კმაყოფილი ხართ მიმდინარე სამუშაოებით?
- ჯერჯერობით უფრო მეტად ბრაზილიას ვაკვირდებით. როდესაც მუნდიალ2014 დასრულდება, მეორე დღიდანვე რუსეთს დავაკვირდებით. ვფიქრობ, რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩატარდება და ქვეყნის მოქალაქეები ისევე იამაყებენ შეჯიბრების ორგანიზაციითა და დონით, როგორც ეს ამჟამად პოლონეთსა და უკრაინაში ხდება.
გოჩა კაჭარავა









