რუბრიკა “ერთგულები”-ს მორიგი სტუმარი ჰოლანდიური “აიაქსის” ლეგენდარული ფორვარდი შაკ სვარტი გახლავთ. მეტსახელად “მისტერ “აიაქსი”, მას გუნდში ტოტალური ფეხბურთის დამაარსებლის რინუს მიხელსის მუშაობის წლებში შეარქვეს. იგი დღესაც კლუბში მუშაობს და ასაკის მიუხედავად ფეხბურთსაც თამაშობს. სვარტი იმ იშვიათ ვარსკვლავთა რიგებს ეკუთვნის, რომელთაც კარიერის განმავლობაში სერიოზული ტრავმა არ მიუღიათ.
შაკ სვარტი
ამპლუა: თავდამსხმელი
ეროვნება: ჰოლანდიელი
სეზონი კლუბში: 17
მატჩი კლუბში: 602
ტიტული: 18. მათ შორის:
ჰოლანდიის ერედივიზიონი - 8 (1957, 1960, 1966,
1967, 1968, 1970, 1972, 1973);
ჰოლანდიის თასი - 5 (1961, 1967, 1970, 1971, 1972);
უეფას ჩემპიონთა ლიგა - 3 (1971, 1972, 1973);
უეფას სუპერთასი - 1 (1973);
საკონტინენტთაშორისო თასი - 1 (1972);
ცნობილთა ციტატები
გუს ჰიდინკი: “შაკ სვარტი, პიტ კეიზერთან და იოჰან კრუიფთან ერთად, ჩემი ერთ-ერთი კუმირი იყო”.
დევიდ ენდტი (ჟურნალისტი, “აიაქსის” გუნდის უფროსი): “სვარტი - ეს “აიაქსია”, იგი კლუბის და საერთოდ ფეხბურთისთვის დადგმული ცოცხალი ძეგლია!”.
1966 წლის 7 დეკემბერს “აიაქსის” ისტორიაში უნიკალური შემთხვევა მოხდა. გუნდის მოთამაშეები მინდორზე თეთრ ფორმებში (ერთადერთხელ) გამოვიდნენ. წითელი იმ დღეს “ლივერპულს” ჰქონდა დაკავებული - ბილ შენკლის მეთაურობით ამსტერდამში სტუმრად მყოფი ინგლისელები, ოლიმპიურ სტადიონზე “გაუგებრობაში შემთხვევით მოხვედრილი” ჰოლანდიელების ევროპის ჩემპიონთა თასის (1/8-ფინალი) გათამაშებიდან გასაძევებლად გავიდნენ.
ამსტერდამი ნისლში გახვეულიყო და “აიაქსის” მოთამაშეთა მკრთალი კონტურები, რომელთა შორის 19 წლის იოჰან კრუიფიც იყო, ტომი ლოურენსის საჯარიმოში უნებართვოდ დანავარდობდნენ და გოლებიც ხშირად გაჰქონდათ: პირველი მე-3, მეორე მე-16, მესამე 38-ე წუთზე. ამის დაჯერება მათაც უჭირდათ, ვინც მატჩში მონაწილეობდა. როცა პირველი ტაიმის ბოლოს, მსაჯმა წესის დარღვევის დასაფიქსირებლად ჩასტვინა, “აიაქსის” მარჯვენა ფორვარდმა ეს დროის ამოწურვის სიგნალად მიიჩნია და გასახდელისაკენ წავიდა. ვიღაც ღვთისნიერმა იგი მინდორზე დააბრუნა - იქ ბურთიც მიუვიდა, ორი ინგლისელი მოატყუა და ბურთი კლაას ნუნინგას თავზე დაასვა, ტაბლოზე კი 4:0 გამოჩნდა. ამის შემდეგ იკადრა არბიტრმა და ტაიმი დაამთავრა (მატჩს რაც შეეხება, იგი 5:1 დასრულდა).
“აიაქსის” მარჯვენა ფორვარდს შაკ სვარტი ერქვა. იგი დღესაც მიიჩნევს, რომ ის მატჩი მის კარიერაში საუკეთესო იყო - იმის მიუხედავად, რომ გუნდის შემადგენლობაში სულ 602-ჯერ ითამაშა. სხვათა შორის, “ლივერპულის” მაშინდელ განადგურებას კრუიფიც ხშირად იხსენებდა, ლუის ვან გაალიც, რომელსაც სტადიონზე უბილეთოდ შეღწევა მოუხერხებია და რა თქმა უნდა, შენკლიც. ყველა მათგანი აქცენტს აკეთებდა სვარტის უზადო თამაშზე, რომელიც მარჯვენა ფლანგის უკონკურენციო პატრონი იყო. თავად განსაჯეთ - არცთუ იშვიათად, ფორვარდი თანაგუნდელ მცველს ართმევდა ბურთს, რათა მორიგი შეტევა სწრაფად დაეწყო. 1966/1967 წლების სეზონმა ისე ჩაიარა, სვარტს გუნდის მიერ გამართული არცერთი მატჩი არ გამოუტოვებია, 45 შეხვედრაში გატანილი 29 გოლით შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა და ქომაგისთვის უბრალო მოთამაშეზე ცოტათი მეტი გახდა - მას “მისტერ “აიაქსი” შეარქვეს.
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, კლუბის მომავალი სიმბოლო, ბავშვობაში ლამისაა მოსისხლე მტრის ბანაკში აღმოჩნდა. 1938-ში დაბადებული, მონდომებული, მაგრამ ფენომენობასთან არცთუ ახლოს მყოფი ნორჩი ფეხბურთელის ამსტერდამული აკადემიისაგან გამოსასყიდად, როტერდამის “ფეიენოორდს” 300 ათასი გულდენი უნდა გადაეხადა, მაგრამ იძუნწა - 50 ათასით ნაკლები შეაძლია და “მშრალზეც” დარჩა.
სვარტი თანდათანობით მიიწევდა გუნდის შემადგენლობაში, რომელსაც 60-იანების ზღვარზე მეტწილად ინგლისელები წვრთნიდნენ. ყველაზე მეტად იგი თვალში ვიკ ბუკინგემს მოუვიდა, რომელიც ფორვარდს სუფთა ბრიტანულ სტილთან (ფლანგიდან საჯარიმოს ცენტრში ჩაწოდება) ერთად, ბურთიანად საჯარიმოში შესვლას და კარში დარტყმას აჩვევდა. “აიაქსში” ბუკინგემის პირველი მოსვლისას (1959-1961) სვარტი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, ხოლო მეორედ მოსვლიდან (1964-1965) კარიერის დასრულებამდე, სეზონში 10 გოლზე ნაკლები არ გაჰქონდა (სულ სვარტმა კლუბის მაისურით 224, ნაკრებში კი 10 გოლი გაიტანა). მერე რინუს მიხელსიც მოვიდა.
“ძალიან ძნელია მიხელსის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი მატჩის დავიწყება. 9:3 მოვიგეთ და 5 გოლი გავიტანე”, - იხსენებს შაკ სვარტი. მიხელსის მოსვლით “აიაქსი” საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გუნდად გარდაიქმნა. გუნდმა 70-იანი წლების დასაწყისში ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი და ზოგადად, ისე იხმაურა ევროპაში, რომ მიხელსი-კოვაჩი-კრუიფის ტოტალური ფეხბურთის ექო, ბარსელონაში იქნება ეს, თუ ლონდონში, ახლაც საკმაოდ მკაფიოდ ისმის.
ყველა ეს ტიტული სვარტის უშუალო მონაწილეობით იქნა მოპოვებული, თუმცა მისი დამოკიდებულება ტოტალური ფეხბურთის იდეალიზაციასთან, საკმაოდ სკეპტიკური გახლდათ: “ძალიან არ მომწონს, როცა იმ “აიაქსის” თამაშს ხელოვნებას უწოდებენ. სინამდვილეში ეს ასე ხდებოდა: ჩვენ გავდიოდით მინდორზე და უბრალოდ ვანადგურებდით მეტოქეს. ჩვენ მხოლოდ მოგება გვინდოდა, თამაშის სილამაზეს კი, დამიჯერეთ, არავითარ მნიშვნელობას არ ვანიჭებდით”.
ეჭვგარეშეა, სვარტს აუცილებლად შეეკამათებოდა მიხელსის დროინდელი “აიაქსის” უმეტესობა (ჰოლანდიურ ფეხბურთზე წიგნის ავტორ დევიდ ვინერს მიაჩნია, რომ ჰოლანდიელ ფეხბურთელებზე ენაწყლიანები პლანეტაზე არ არსებობენ), მაგრამ აქ საქმე სხვაგვარადაა - იმ გუნდში კარგად ეგუებოდნენ ერთმანეთს ტექნიკური და მებრძოლი, თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი ფეხბურთელები. ვიდრე კრუიფი ადგილზე ორიენტაციის უეცარ შეცვლას “ამუღამებდა” და მინდორზე პოზიციის სწრაფად შეცვლას ახერხებდა, სვარტი სულ სხვა “ამოცანას ხსნიდა”: თავით შედეგიან თამაშს სწავლობდა. მას ბავშვობიდან არ უყვარდა საჰაერო ბრძოლაში ჩართვა, მაგრამ მიხელსის დახმარებით დასძლია ეს ფსიქოლოგიური პრობლემა. შედეგად, სვარტი “აიაქსის” მიერ გათამაშებული სტანდარტული სიტუაციებიდან, თავით გატანილი გოლების ყველაზე ხშირი ავტორი გახდა.
“აიაქსში” სვარტის კარიერა, ალბათ ასე დიდხანს არ გაგრძელდებოდა, რომ არა ფეხბურთელის თავისებური ხასიათი. მინდორს გარეთ შაკი ერთგვარად ჩაკეტილი (ურთიერთობდა მხოლოდ ახლო მეგობრებთან), ცრუმორწმუნე (ყოველი საშინაო მატჩის წინ, მის ქალიშვილს სთხოვდა ორივე ბუცისთვის ეკოცნა) და არაპროგნოზირებადი (გახსნა თამბაქოს მაღაზია, თუმცა ცხოვრებაში ერთი ღერი სიგარეტი არ მოეწია) იყო.
ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელობისას, იგი საკუთარ პერსონას ასეთი ფრაზით ახასიათებდა: “მე მივეკუთვნები ისეთი ტიპის მოთამაშეთა კატეგორიას, როგორებიც არიან გარინჩა, მეტიუზი და სვარტი”. კარიერის დამთავრებიდან 20 წელიწადში კი შფოთავდა: “არასოდეს არ ვაძლევდი ბურთს მცველს, რომ მერე ისევ უკან მიმეღო! ბურთიანად მხოლოდ წინ მივდიოდი!”. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ კარიერის დასრულებიდან (1972) კიდევ 30 წელი თამაშობდა “Lucky Ajax”-ში - ესაა გუნდი, სადაც “აიაქსში” 100-ზე მეტი მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელები თამაშობენ. სვარტი მინდორზე ახლაც გამოდის და ამას ძალიან მარტივად ხსნის: “საბედნიეროდ, არასოდეს არ მიმიღია ტრავმა”.
სვარტი ძალიან პოპულარული იყო გულშემატკივართა შორის. კი, იგი კლუბის ერთგული იყო, მაგრამ ამავდროულად შესანიშნავი მოთამაშეც გახლდათ. ამიტომაც, როცა 60-იანებში “აიაქსი” შინ თამაშობდა, მისი პერსონალური ფანატები თამაშს მხოლოდ იმ მხრიდან ადევნებდნენ თვალს, რომლიდანაც სვარტი უტევდა მეტოქის კარს. ამას გარდა, “აიაქსის” ქომაგთა ცალკე ჯგუფი კლუბს ამსტერდამის ებრაულ დიასპორასთან აიგივებდა და სტადიონზე ისრაელის დროშები დაჰქონდა. ნახევრად ებრაელი სვარტი, გუნდის იმ იშვიათ ფეხბურთელთაგანი იყო, რომლებიც ამ ტრადიციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.
განსაკუთრებული მადლიერების ნიშნად, გულშემატკივარმა სვარტს რამდენიმე ლეგენდა მიუძღვნა. ერთ-ერთი მათგანი სწორედ იმ შორეულ მატჩს უკავშირდება, რომლითაც სტატიის გმირზე საუბარი დავიწყეთ. 1966 წლის 7 დეკემბერს, შაკმა ნესტიანი ამინდის გამო ვერაფრით აამუშავა საკუთარი “სიტროენი” (სწორედ იმ მარკის, რომლითაც ფრანგი ჟან მარე “ფანტომასში” სასწაულებს სჩადიოდა) და მანქანაზე მიწოლა მოუწია. ამის გამო, მან სტადიონზე მხოლოდ მატჩის დაწყებამდე 45 წუთით ადრე შეძლო მისვლა, ჩაიცვა აბსოლუტურად თეთრი ფორმა და მეტოქისთვის, ნისლში მოჩვენებასავით გაუჩინარდა.
მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა









