ინტერვიუები

10:19 | 6.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

მიხაელ ბალაკი: „ბაიერის”მიზანი ჩემპიონატის მოგებაა“

გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი მიხაელ ბალაკი, 8-წლიანი შესვენების შემდეგ ლევერკუზენის “ბაიერში” დაბრუნდა და კლუბს ბედი 2 წლით დაუკავშირა. სწორედ, “ფარმაცევტებში” (1999-2002) მაღალ დონეზე თამაშით გაითქვა მან სახელი და ჯერ მიუნხენის “ბაიერნში” მოხვდა, შემდეგ კი, ლონდონის “ჩელსიში”. გასული სეზონის დასრულების შემდეგ, ინგლისელებმა მასთან კონტრაქტის გაგრძელება აღარ ისურვეს და ბალაკმაც “ბაიერს” თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშუარა. კოჭის ტრავმის გამო, 33 წლის შემტევმა ნახევარმცველმა სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვა და მოსამზადებელ პერიოდშიც, ახალ გუნდში ბურთთან ერთად პირველად ორიოდე დღის წინ ივარჯიშა, ხოლო წვრთნის მერე, კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა.
- “ბაიერის” შემადგენლობაში ბურთთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარეთ. რას იტყვით თქვენი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ?
- ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. თუმცა, ბუნებრივია, ფრთხილად უნდა ვიყო და ზომიერად ვივარჯიშო.  
- ტრავმირებული კოჭი დატვირთვებზე როგორ რეაგირებს?
- დღესდღეობით, ყველაფერი კარგადაა. რეაბილიტაციას ვაგრძელებ და ამაში ხელს უმაღლესი დონის სპეციალისტები მიწყობენ. ამიტომ, დადებითი განწყობა მაქვს და იმედია, ყველაფერი რეციდივებისა და ახალი ტრავმების გარეშე ჩაივლის.
- გაქვთ იმედი, რომ ბუნდესლიგის პირველ ტურში დორტმუნდში “ბორუსიას” წინააღმდეგ ითამაშებთ?
- პირველ ტურში თამაში ჩემი მიზანია, მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თავს როგორ ვიგრძნობ. როდესაც 10-12 კვირით მწყობრიდან გამოდიხარ, მაშინ, ერთკვირიანი ინტენსიური ვარჯიშებით მოედანზე სრულფასოვანი დაბრუნება შესაძლებელია. ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია და 100 პროცენტით მზად უნდა ვიყო, რათა დორტმუნდში მოედანზე გავიდე. ამისკენ მივისწრაფვი და დღითიდღე ვპროგრესირებ.   
- ის, რომ მძიმე ტრავმის შემდეგ, აღდგენით პროცესს თქვენთან ერთად სიმონ როლფესიც გადის, გეხმარებათ?
- რა თქმა უნდა, ტრავმის მიღებას არცერთ ფეხბურთელს არ ვუსურვებ. თუმცა, კარგია, რომ რეაბილიტაცია მარტო არ მიწევს. გაცილებით უკეთესია, როდესაც შენთან ერთად კიდევ ვიღაც ვარჯიშობს.   
- ახალ გუნდში ადაპტაციის პროცესი როგორ მიდის?
- ჩვეულებრივად, რაიმე პრობლემების გარეშე. ეს ძალიან კარგი კოლექტივია, სადაც თბილი ატმოსფეროა, რომელიც ადრინდელს ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშებზე დიდი დატვირთვებია, საწვრთნელი პროცესისგან სიამოვნებას ვიღებ.  
- გუნდში არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებსაც ბუნებრივია თქვენი გამოცდილება გამოადგებათ...
- ასაკი რაც მემატება, მით მეტ გამოცდილებას ვიღებ, რომელიც შემიძლია უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელებს გავუზიარო. ცხადია, ჩემი გამოცდილება გუნდში გამოადგებათ და ეს თავად ვიცი.  
- ახალი პარტნიორების გაცნობა მოასწარით? როგორ ფიქრობთ ამ გუნდის რა შესაძლებლობები აქვს?
- ჩვენ კარგად მოვემზადებით. არცთუ ცუდი შანსი გვაქვს, რომ ჩემპიონატის პირველი წრე იღბლიანად ჩავატაროთ და სეზონის შედეგების მიხედვით მაღალი ადგილი დავიკავოთ. გასული სეზონში მოპოვებული მეოთხე ადგილი ღირსეული შედეგია. რა თქმა უნდა, უფრო წინ წაწევა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება გვინდა. ამისთვის, აუცილებელია, რომ 2009-2010 წლების სეზონთან შედარებით, წინ მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადავდგათ. თუმცა, ჩვენი მიზანი ჩემპიონატის მოგებაა.  
- მას შემდეგ, რაც თქვენ “ბაიერში” გამოდიოდით, კლუბში რა შეიცვალა?
- იმ პერიოდში ეს ძალიან პროფესიონალური კლუბი იყო, რომელშიც ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, ჩემი ჩათვლით, განვითარებისთვის ყველა პირობა იყო შექმნილი. ახლა კი, ყველაფერი უკეთაა. მაგალითად, გაარემონტეს “ბაიარენა”, რომლის ტევადობაც გაიზარდა და ნამდვილად ფანტასტიკური საფეხბურთო სტადიონი გახდა. სავარჯიშო პირობები საუცხოოა. აქაური პირობები, არაფრით ჩამორჩება იგივე “ჩელსისას”.  
- საკუთარი თავისგან რას ელით?
- პირველყოვლისა მსურს, რომ ჯანმრთელად ვიყო და შევეცდები ორი წელიწადის განმავლობაში ანუ რა ხნითაც “ბაიერთან” კონტრაქტი მაკავშირებს, ტრავმა არ მივიღო. ჩემთვის ფეხბურთის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა კლუბში თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ლევერკუზენში იგივეა. ეს აუცილებელი პირობაა, რომ კარგი ფეხბურთი აჩვენო. მსურს გუნდს საკუთარი გამოცდილებიდან რაიმე მივცე და ყოველმხრივ დავეხმარო, რომ განვითარდეს, რათა ერთად შევქმნათ გამარჯვებულის მენტალიტეტი, რაც წარმატებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.
- 11 აგვისტოს გერმანიის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას დანიასთან გამართავს. მიხაელ ბალაკის გარეშე, არა?
- ამ მატჩში ჩემი მონაწილეობა ნამდვილად არარეალურია, რადგან აღდგენას ვაგრძელებ და სრულყოფილად შეხვედრა დიდი ხანია არ ჩამიტარებია.
- “ბაიერთან” ორწლიანი კონტრაქტი გაკავშირებთ. თქვენი მომავალი გეგმა რაა?
- ამჟამად, “ბაიერის” ფეხბურთელი ვარ, მომავალში რა იქნება, გამოჩნდება.
 - საცხოვრებელი სახლი უკვე შეარჩიეთ?
- ჯერ არ გადამიწყვეტია სად ვიცხოვრებ, მაგრამ რამდენიმე ვარიანტი შეთვალიერებული მაქვს.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093359