ინტერვიუები

15:02 | 21.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

მიხალ ბილეკი: “საკუთარი კარის უსაფრთხოებას დიდ ყურადღებას დავუთმობთ”

ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიხალ ბილეკი, საფრთხეს მთელი პორტუგალიის ნაკრებისგან ელის და არა მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსგან.
მწვრთნელმა მეოთხედფინალური მატჩისთვის მზადების შესახებ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა და სულაც არ ფიქრობს, რომ უშანსოდაა. გუნდის ფსიქოლოგიურად უკეთ მოსამზადებლად, ჩეხეთის ნაკრებს სპეციალური ლექცია მათი ჰოკეისტთა ნაკრების მწვრთნელმა ჩაუტარა. გუნდი ვარშავაშია და მომავალი ჯახისთვის ემზადება, რომელიც დღეს საღამოს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
- პორტუგალიის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. რას ფიქრობთ მომავალ დაპირისპირებაზე?
- ჩვენ მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვართ კონცენტრირებული. ყველამ კარგად იცის, რომ პორტუგალიის ნაკრებს ძლიერი მოთამაშეები ჰყავს ნახევარდაცვისა და შეტევის ხაზში: ნანი, პოშტიგა, რონალდუ. კრიშტიანუ სილაც მსოფლიო დონის ვარსკვლავია. კარგად გვესმის, რომ საკუთარი კარის უსაფრთხოებას დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ.
- მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ უნდა შეაკავოთ თუ მთელი პორტუგალიის ნაკრები?
- მიმაჩნია, რომ პორტუგალიის ნაკრები კარგად დაკომპლექტებული, დაბალანსებული გუნდია. რაღა თქმა უნდა, რონალდუ ძალიან ძლიერია, მაგრამ არა ერთადერთი ჩვენი მოწინააღმდეგის რიგებში, ვისგანაც სერიოზულ საფრთხეს უნდა ველოდოთ.
- რონალდუს წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ტეოდორ გებრე სელასი ითამაშებს. მასთან სპეციალური საუბარი გექნებათ? ფსიქოლოგიურად მზადაა კრიშტიანუს შესაკავებლად?
- ვფიქრობ, ტეოდორი ძალიან კარგადაა მომზადებული და ეს მისთვის საინტერესო გამოწვევაა. მაგრამ რონალდუს ერთი კაცი ვერ შეაჩერებს და აუცილებელია დაზღვევა. ამ თავდამსხმელს ერთ სეზონში 45-50 გოლი გააქვს. მას სივრცე არ უნდა მივცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რონალდუს შეჩერება შეუძლებელი იქნება.
- გუნდმა ვარშავაში ვერ ივარჯიშა, რადგან მინდვრის საფარი არცთუ კარგ მდგომარეობაში იყო. როგორ აისახება ეს მომავალ თამაშზე?
- რაღა თქმა უნდა სიტუაცია, რომლის დროსაც მატჩის წინა დღეს ვერ ვარჯიშობ იმ მოედანზე, სადაც თამაში გიწევს, უჩვეულოა. ჩვენ გვესმის, რომ ეს აუცილებელი იყო და პორტუგალიელებთან ერთად უარი ვთქვით ბალახის ზედმეტად დატვირთვისგან. სამაგიეროდ, ნაყოფიერად ვივარჯიშეთ ვროცლავში. არ მგონია ამ ფაქტმა პრობლემები შეგვიქმნას.
- ჩეხეთის ნაკრებმა ტურნირის მსვლელობისას სახე იცვალა. როგორ მოახერხეთ ამის გაკეთება?
- რუსეთთან გამართულ პირველ მატჩში უამრავი შეცდომა დავუშვით. გუნდმა მეტოქეს უდიდესი სივრცე უბოძა და რუსების კონტრშეტევებით დაისაჯა. დანარჩენი ორი მატჩი ბევრად უკეთ ჩავატარეთ და კომპაქტურად ვითამაშეთ. რუსეთთან მარცხი გაკვეთილი იყო, არ შეიძლება ასე გახსნილი თამაში.
- ცნობილია, რომ გუნდს ჰოკეისტთა მწვრთნელი მარიან ელინეკი ეწვია. მისგან რჩევები მიიღეთ?
- დიახ, ის ჩვენ მოვიწვიეთ. ელინეკმა ბიჭებს მოტივაციასთან დაკავშირებით ლექცია წაუკითხა და ძალიან დაგვეხმარა.
- 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ჩეხეთის ნაკრებმა პორტუგალია 1:0 დაამარცხა.
- ის გამარჯვება ახლაც გვახსოვს, რადგან ერთ-ერთი ნათელი მოვლენაა ჩეხეთის ფეხბურთის ისტორიაში. მაშინ პობორჟსკიმ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. წინააღმდეგი არ ვართ, ახლაც გავიმეოროთ მაშინდელი მიღწევა. თუმცა, მომავალ მატჩში ფავორიტი მაინც პორტუგალიაა. მის შემადგენლობაში მრავლად არიან ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები. მაგრამ თუ ისევე კარგად ვითამაშეთ, როგორც განვლილ ორ მატჩში, ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი გვექნება. როსიცკისა და ჩეხის გარდა, ჩვენს გუნდში ვარსკვლავები არ არიან, მაგრამ გვყავს კერკეტი სულის გუნდი. ვიმედოვნებ, ეს დაგვეხმარება და შემდეგ ეტაპზე გავალთ.
 

 

მოამზადა ზურა ქსოვრელმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093573