ინტერვიუები

10:30 | 29.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ ბერუაშვილი: "ეს ჩემპიონატი ჩემთვის სადებიუტო იყო და ბუნებრივია, ვღელავდი"

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელსაც ავსტრიის 2 ქალაქი - გესინგი და ობერვარტი მასპინძლობდა, ცუდად დაიწყო და ზედიზედ 2 შეხვედრა წააგო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ 5 მატჩის მოგება შესძლო და საბოლოოდ მე-13 ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები, მთავარი მწვრთნელის, მიხეილ ბერუაშვილის ხელმძღვანელობით, B დივიზიონის A ჯგუფში მოხვდა შვედეთის, ისრაელისა და უნგრეთის ნაკრებ გუნდებთან ერთად. უნგრეთთან და ისრაელთან წაგების შემდეგ, ჯგუფის ლიდერი შვედეთი კი დაამარცხა, მაგრამ მაინც ჯგუფში ჩარჩა და XIII-XVII ადგილებისთვის მებრძოლ B ჯგუფში მოხვდა რუმინეთის, დანიის, ბელარუსისა და შვეიცარიის ნაკრებებთან ერთად.
გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, მიხეილ ბერუაშვილთან, რომელსაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ვესაუბრეთ.
- ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე 7 შეხვედრა ჩაატარეთ, საიდანაც 5 მოიგეთ და 17 გუნდს შორის მე-13 ადგილი დაიკავეთ. რამდენად მისაღებია ეს შედეგი?
- შედეგით, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ, რადგან ჯგუფიდან გასვლა ვერ შევძელით. ჩვენი ჯგუფიდან გასულმა შვედეთმა A დივიზიონის საგზური მოიპოვა, ხოლო ისრაელი და უნგრეთი, შესაბამისად, მე-6 და მე-11 ადგილზე გავიდნენ.
- უნგრეთს პირველი ტაიმი 34:27 მოუგეთ. რა მოხდა მეორე ტაიმში, რომელიც 33:56 წააგეთ და საბოლოოდ, 16 ქულის სხვაობით დამარცხდით?
- ის, რაც უნგრეთთან მე-2 ტაიმში მოხდა, კალათბურთში იშვიათად ხდება. უნგრელებმა 11-დან 9 სამქულიანი ჩაგვიგდეს და ამის ხარჯზე მოგვიგეს. სამწუხაროდ, ისრაელთანაც თითქმის ანალოგიურ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ამჯერადაც, მოვიგეთ პირველი ტაიმი, მაგრამ მე-2 ნახევარში ფორტუნამ ისევ ზურგი გვაქცია და გამარჯვება ისრაელის ნაკრებს დარჩა. არ იფიქროთ, რომ ამით თავს ვიმართლებდე. ეს ჩემპიონატი ჩემთვის სადებიუტო იყო მთავარი მწვრთნელის რანგში. ბუნებრივია, ვღელავდი და მართალია, ჯგუფში ჩავრჩით, მაგრამ XIII-XVII ადგილებისთვის ბრძოლაში ყველა შეხვედრის მოგება იოლი ნამდვილად არ იყო.
- ჩვენი გუნდიდან ვის თამაშს გამოარჩევდით?
- გამოვარჩევდი თორნიკე შენგელიას, გიორგი შარაბიძისა და აკაკი დვალიშვილის კარგ თამაშს.
- შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ გუნდის ნახევარი 1991 წელს დაბადებული კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ასაკი გამო, მომავალ წელს ვის მოუწევს გუნდის დატოვება?
- ასაკის გამო, მომავალ წელს გუნდს დატოვებენ: გიორგი შარაბიძე, რევაზ ჩაჩანიძე, ლევან ხმელიძე, ზურაბ მაჭავარიანი, გიორგი კვეტენაძე და გიორგი ნანიტაშვილი.
- თქვენ, პარალელურად, ქვეყნის ჩემპიონის, რუსთვის “ენერჯი ინვესტის” მთავარი მწვრთნელიც ბრძანდებით. ამ გუნდთან დაკავშირებით რაიმე სიახლე ხომ არაა?
- ჯერჯერობით, ვისვენებთ და ახალი არაფერია.

 

როლანდ ლაბუჩიძე

0.164617