ინტერვიუები

13:12 | 7.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ ყაველაშვილი: “მარტო ქეცბაიამ რა ქნას, როცა პრობლემა თავშია?!”

“ქეცბაიას ჯადოსნური ჯოხი კი არ უჭირავს... რა მეურნეობაცაა, როგორი მიდგომაცაა ფეხბურთისადმი, ყოველივე იმის გამოძახილია. ქეცბაიამ ნაკრები შეიძლება გადაარჩინოს მაშინ, როცა დალაგებული საფეხბურთო გარემო დახვდება. ჩაციკლული ვართ ამ ერთ კაცზე და ვერ ვხედავთ, გარშემო რა ხდება”.
“ყველაფრიდან გამომდინარე, როგორც “ბარსელონას” არ აქვს ცუდად თამაშის “პოტენციალი”, ისევე საქართველოს ნაკრები ვერ ითამაშებს კარგ ფეხბურთს”.
“მე ფეხბურთმა “მცემა”, ბევრი რამ გადამატანინა, ტკივილი მასწავლა და იმიტომაც მტკივა ის მდგომარეობა, რა დღეშიც ვართ”.
“ის, რაც ჩვენს ბავშვთა ფეხბურთში ხდება, “აბორტის” ტოლფასია – ნიჭს ვუკლავთ”.
“ხვალვე მზად ვარ არჩევნებში მონაწილეობისთვის და რომ გავიმარჯვო, რამდენიმე წელიწადში წინსვლაც გამოჩნდება ქართულ ფეხბურთში”.
“სფფ-ის პრეზიდენტმა ხომ თქვა, ფეხბურთი არ მესმისო... თან, ამას ისე აცხადებს, გეგონება, საამაყოა”.
“მაგრამ მეორეს მხრივ, სიჭინავას რას ვერჩი - დანიშნული პრეზიდენტია”.
ეს “ჩვენი ფეხბურთის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიხეილ ყაველაშვილის სიტყვებია, რომელიც არასოდეს ერიდებოდა ყველაზე მწვავე საკითხებზე საუბარს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი შვეიცარიაში ცხოვრობს და გული სტკივა - ჩემს სამშობლოში არ მეძლევა კარგის გაკეთების საშუალებაო.
კარგა ხანია, ყაველაშვილი ქართული პრესისა თუ ტელევიზიის სტუმარი არ ყოფილა. ამჯერად კი, ვრცელი ინტერვიუ მასთან:
- ბოლო პერიოდში, “ჩვენი ფეხბურთის” აქტიურობა აღარ შეინიშნება...
- ჩვენ არასოდეს მოვრიდებივართ საუბარს, უამრავი ინიციატივა გამოვიჩინეთ, მაგრამ ერთი და იმავეს გამეორება გვიწევს. ქართული ფეხბურთის რეალობის დანახვა ვისაც სურს, კარგად დაინახავს. ყოველ წელს ერთ ადგილს ვტკეპნით და ხალხს “აბოლებენ”, თითქოს რაღაც იცვლება, თითქოს პროგრესი გვაქვს. ვინ არის ფეხბურთის გამკონტროლებელი ორგანო? ფედერაცია, რომლის პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, ფეხბურთი არ მესმისო და კიდევ ისეთ პარადოქსულ განცხადებებს აკეთებს, კომენტარიც ზედმეტია. მე თუ მკითხავთ, ზვიად სიჭინავამ “პრარაბის” პროფესია უფრო გამოავლინა, ვიდრე ქართული ფეხბურთის მმართველისა. გაარემონტა სფფ-ის შენობა და “ბასას” ბაზა, რომელიც ხუთჯერაა გახსნილი. ისიც, მთავრობისა თუ კერძო პირების ხარჯებით. სად არის ნოვაცია? სადაა რაიმე პროგრამა და დამადასტურებელი იმისა, რომ წინ მივდივართ? სასაცილოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. უნდა ჩავიბეჭდოთ გონებაში, რომ ფეხბურთს პროფესიონალები უნდა მართავდნენ და არა ისეთები, რომლებიც ამბობენ, ფეხბურთი არ გვესმისო. ერთმა პიროვნებამ მითხრა: “გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტიც არასოდეს ყოფილა ფეხბურთელი”. კი, ბატონო, ფეხბურთელი არ ყოფილა, მაგრამ რა იცი, როგორი მენეჯერია? და ახლა, სიჭინავა ძლიერი მენეჯერია? ჩემი აზრი ასეთია, რომ რაღაცის შესაცვლელად საჭიროა ნება. მაინც და მაინც მე კი არ დამიჭირონ მხარი, სიმართლეს დაუდგნენ გვერდში.
- საქართველოში ერთადერთი თქვენი გუნდია, რომელიც ფედერაციის წინააღმდეგია. როგორ უნდა იმოქმედოს ამ გუნდმა, რას აპირებთ?
- უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები, ოღონდ არა ისეთი, ბოლო დროს რომ ტარდება. ესაა დანიშვნა და არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს. იცით, ახლა იტყვიან, ყაველაშვილს ფედერაციის პრეზიდენტობა სურს და აი, ეგ აწუხებსო... კიდევ ვიმეორებ, მე კი არა, ფეხბურთს, სწორ გეგმას დაუჭირონ მხარი. ხვალვე მზად ვარ არჩევნებში მონაწილეობისთვის და რომ გავიმარჯვო, რამდენიმე წელიწადში შედეგიც გამოჩნდება ქართულ ფეხბურთში. კვეხნით არ ვამბობ, დავდივარ საფეხბურთო წრეებში, ვეცნობი მათ მუშაობას, ჩამოყალიბებული მაქვს პროგრამა და წლების განმავლობაში ასეა. დღეს ფედერაცია არავითარ პასუხისმგებლობას არ გრძნობს გულშემატკივრების მიმართ, არადა, სწორედ მათ უნდა გასცენ პასუხი იმაზე, თუ რას აკეთებენ.
- გასაგებია, მაგრამ ოპონენტები გეტყვიან, ჯერ გეგმა გვაჩვენეთო.
- ახლა წარმოვადგინო გეგმა, როცა არავის სჭირდება? კარგად ვიცი, ეს როგორც ხდება: არჩევნებამდე სამი თვით ადრე იწყება კამპანია, გეგმის გაცნობა. აქ როდის ჩატარდა ნორმალური, სამართლიანი არჩევნები? იმდენად შეგუებულია ყველა დღევანდელ რეალობას, რომ ახალს არც არავინ ითხოვს. მინდა ვთქვა ჟურნალისტებზეც: რასაც ვუსმენ და ვკითხულობ, ძალიან არაპროფესიონალური დონეა. რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვამბობ, ღმერთმა დაგვიფაროს... ქართულ ფეხბურთში სრული უაზრობა და ქაოსია, ცარიელი ილუზიებია. ახლა ამ ყველაფერს რომ ვლაპარაკობ, ბევრს ინტრიგანი ვგონივარ. იმედს მაინც არ ვკარგავ და ისევ ჩვენი ბავშვების ნიჭის გამო. მეცოდებიან, მართლა ტალანტები გვყავს 16-17-18 წლამდე და მერე იკარგებიან, ვერ ვითარდებიან. ფიფა-უეფას კანონით, 14-15 წლის ბავშვს ვეღარ წაიყვან უცხოეთში და გუნდში ვერ ჩარიცხავ, თუ მშობლებიც არ წავლენ და ამას მთელი პროცედურები სჭირდება. ანუ, რა გამოდის: საქართველოში ვერ იზრდება, უცხოეთში ვერ მიდის და რჩება უფეხბურთოდ. საქართველოში არა მარტო ინფრასტრუქტურა, ადამიანური რესურსი არაა ფეხბურთში. ხომ ვიცით, ესპანეთში რა დონეზეა ასული ყველა ნაკრები და საერთოდ, რა დონეზეა ფეხბურთი, მაგრამ კიდევ ავითარებენ, სიახლეებს ეძებენ, ინტელექტუალურ ინვესტიციებს დებენ. ვეცნობი სხვა ქვეყნების საფეხბურთო მეურნეობას და ვიცი, რა ხდება, საქართველო უფსკრულშია - იმაზე დაბლა ვართ, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია. ის, რაც ჩვენს ბავშვთა ფეხბურთში ხდება, “აბორტის” ტოლფასია – ნიჭს ვუკლავთ. ქართველი ბავშვი ნიჭიერია, მაგრამ განათლებითა და მომზადებით იმდენად ჩამორჩება უცხოელს, რომ...
- ფედერაციის პრეზიდენტი რომ ყოფილიყავით, პრიორიტეტი ბავშვთა ფეხბურთის განვითარება იქნებოდა?
- ფეხბურთი ისეთი რამ არის, კონკრეტულად ერთიდან ვერ დაიწყებ. ბევრი მიმართულებაა. რამდენ მიმართულებას მისდევს ფედერაცია? თუ არ მიჰყვა მენეჯმენტს, რა აზრი აქვს, ფედერაცია უხელმძღვანელებს ქართულ ფეხბურთს თუ ტურისტული ან სამშენებლო სააგენტო? მაგრამ სფფ-ის პრეზიდენტმა ხომ თქვა, ფეხბურთი არ მესმისო და თან ამას ისე აცხადებს, გეგონება, საამაყოა... სანამ ფედერაციაში მოვიდოდა, იყო “ბაიას” პრეზიდენტი და დარჩენილიყო იქ, უკეთესი იქნებოდა. “ბაიას” საქმეები მას შემდეგ ცუდად წავიდა (ფინანსურად სულ უჭირთ), ხოლო ფედერაციაში ხომ საერთოდ აზრი არ აქვს მის ყოფნას... მაგრამ მეორეს მხრივ, სიჭინავას რას ვერჩი, დანიშნული პრეზიდენტია.
- “დღეს ისეთი ილუზიებია, თითქოს ეროვნული ნაკრებს ერთი ნაბიჯი აკლია ევროპის ჩემპიონატამდე” – მახსოვს, ეს მაშინ თქვით, როცა ნაკრებს წაგება არ ჰქონდა და ცხრილის მიხედვით, ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსიც ჰქონდა...
- დღეს ყველანი ვუყურებთ ეროვნულ ნაკრებს და ერთი თამაშს მოგებისას უკვე დაფდაფებს ვაქუხებთ. ასე არაა, ხალხო. რეალურად არაფერი იცვლება. რას ვეძახით წარმატებას? ანგარიშგასაწევი ძალა რომ გავხდით, ეგ წარმატებაა? ლიხტენშტეინიც ანგარიშგასაწევი ძალაა. ყველაფრიდან გამომდინარე, როგორც “ბარსელონას” არ აქვს ცუდად თამაშის “პოტენციალი”, ისევე საქრთველოს ნაკრები ვერ ითამაშებს კარგ ფეხბურთს. ასეთი მდგომარეობაა: შესარჩევს თითქოს კარგად ვიწყებთ, ისევ ნიჭის წყალობით ორ-სამ თამაშში შედეგი გამოჩნდება და არიქა! მერე რომ ვაგებთ, ეს უკვე შემთხვევითობა გვგონია. ვიცი, ქეცბაიამ წარმატებაში ის იგულისხმა, წინა შესარჩევთან შედარებთ უკეთ გამოვედითო.
როგორ უნდა გავხდეთ წარმატებულნი? ქეცბაიას ჯადოსნური ჯოხი კი არ უჭირავს... რა მეურნეობაცაა, როგორი მიდგომაცაა ფეხბურთის მიმართ, იმის ფონზე კიდევ ნორმალური შედეგია. ქეცბაიამ ნაკრები შეიძლება გადაარჩინოს მაშინ, როცა დალაგებული საფეხბურთო გარემო დახვდება. ჩაციკლული ვართ ამ ერთ კაცზე და ვერ ვხედავთ, გარშემო რა ხდება.
- გამოსავალი?
- ამაზე უკვე ვთქვი. სამართლიანი და საქმიანი გარემო – სხვაგვარად ისევ ჭაობში ვიქნებით. მე ფეხბურთმა “მცემა”, ბევრი გადამატანინა, ტკივილი მასწავლა და ამით გავხდი პროფესიონალი. პიროვნებას არასოდეს შევეხები, მაგრამ როცა საქმე ფუჭდება, ჩემიანსაც ბოლომდე შევებრძოლები. როცა სიყალბეს ვხედავ, ვერაფერი შემაჩერებს. გამოსავალზე უკვე ვთქვი – ქართული ფეხბურთის სათავეში პროფესიონალი ხალხის მუშაობა, ნოვაციები, განვითარების გეგმები და შესრულება. სანამ არ მივხვდებით, რომ სათავეში საქმის გამკეთებელი ხალხია საჭირო, მანამდე არაფერი გვეშველება. ვივლით სულ ერთ წრეზე. რა გზაც მე და ჩემმა თანამოაზრეებმა ავირჩიეთ, ეკლიანია, მაგრამ გული მიკვდება, ამ ნიჭიერ ბავშვებს რომ ვუყურებ და განვითარების შანსი არ აქვთ. აი, ახლა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა 0:9 წააგო ბელგიასთან. ეს შემთხვევითობაა? გინდათ, გითხრათ, რა რეაგირება მოჰყვება ამ 0:9-ს? მწვრთნელს მოხსნიან და ეგაა. “საქმე გაკეთებულია”. როგორ ფიქრობთ, 0:9 მარტო მწვრთნელის ბრალია? ესპანეთთან 2:7 რომ წააგეს ახალგაზრდებმა, ოთარ გაბელიაზე გადატყდა ჯოხი. ასეთი საუბარი მიდის ახლა ქეცბაიაზე, არადა, პრობლემა თავშია!
- ბოლოს ერთსაც გკითხავთ: გამოითქვა მოსაზრება, რომ ქეცბაიას წინააღმდეგ გარკვეული ჯგუფი მოქმედებს. ხართ ამ საკითხში კომპეტენტური?
- არა, რაც არ ვიცი, იმაზე ვერ ვისაუბრებ. დასაფიქრებელი კი ბევრი ვთქვი. ასე ვიქნებით, სანამ ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნები კი არა, დანიშვნები იქნება.
 

ილია ნანობაშვილი

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.175188