6 ნოემბერს, საქართველოს მოჭადრაკე ქალთა (ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ხურციძე, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, (სათადარიგო) და ვაჟთა (ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია, მერაბ გაგუნაშვილი, გაიოზ ნიგალიძე (სათადარიგო) ნაკრები გუნდები ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრნენ, რომელსაც 7 ნოემბრიდან პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა უმასპინძლებს.
ქალთა ნაკრების კაპიტანი, საჭადრაკო ოლიმპიადების სამგზის გამარჯვებული ნინო გურიელია, ხოლო მწვრთნელები გურიელის მეუღლე, საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ სტურუა და დავით ჯოჯუა იქნებიან.
რაც შეეხება ვაჟთა ნაკრებს, მისი კაპიტანი საერთაშორისო დიდოსტატი კონსტანტინე შანავაა, ხოლო მწვრთნელი საერთაშორისო დიდოსტატი ლაშა ჯანჯღავა იქნება.
ქალთა ნაკრებს, საპატიო მიზეზით, ევროპის ვიცეჩემპიონი და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი სალომე მელია გამოაკლდა, რომელიც ბავშვს ელოდება. მისი ადგილი სათადარიგო მერი არაბიძემ დაიკავა.
რაც შეეხება ვაჟთა ნაკრებს, იგი ამჟამად იმ მოჭადრაკეებითაა დაკომპლექტებული, რომლებმაც ნაკრებში თამაში დაიმსახურეს.
როგორც ნებისმიერ ტურნირში, გულშემატკივრები ქალთა ნაკრებისგან ამჯერადაც ერთ-ერთი სინჯის მედალს ელოდებიან. მათ უკვე აქვთ სამივე სინჯის მედალი მოპოვებული.
სამწუხაროდ, საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა გაუჭირდება ვაჟთა ნაკრებს, რომელმაც არსებობის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეძლო საპრიზო ადგილზე (III ადგილი) გასვლა.
როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა ნაკრებ გუნდებს ევროპის გუნდური ჩემპიონატისთვის მზადების მიზნით ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი - გუნდებმა თითოკვირიანი შეკრება კურორტ ბორჯომში გაიარეს.







